ლოგიკურია კითხვა, თუ მაშინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას და მის არცერთ მოადგილეს რეზინის ტყვიების გასროლის ბრძანება არ გაუცია, მაშინ ვინ გასცა ეს დავალება?! ჩვენ ჭორაობა არც 2019 წელს დაგვიწყია და არც ახლა ვაპირებთ. როგორღაც 6 წელია თავს ვიკავებთ ჭორაობისგან იმიტომ, რომ არ არის ეს ჩვენ სტილი. ამას სჭირდება გამოძიება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რითაც ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
როგორც გიორგი ჭანტურიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გიორგი გახარიას გუნდი მიესალმება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რომ გიორგი გახარიას მიმართ ბრალდება არის შეთითხნილი და მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
„ეს გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ სტრასბურგმა გუშინ შავით თეთრზე დაწერა, რომ რეზინის ტყვიების გაცემის ბრძანება შს მინისტრს გიორგი გახარიას არ გაუცია, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ 20 ივნისის მთელი პასუხისმგებლობა გიორგი გახარიას აჰკიდოს. სტრასბურგმა ამის გარდა კიდევ რამდენიმე საინტერესო მოცემულობა დაადასტურა, პირველ რიგში კი ის, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, რომ პარლამენტზე განხორციელდა შტურმი. შესაბამისად, დაწერა ის, რომ ამ შტურმის მოგერიების აუცილებლობა იყო, ხოლო, რიგითი გადაცდომები და ის, თუ სად შეიძლება დანაშაული ვეძებოთ, არის რეზინის ტყვიების გამოყენების კონტექსტი და ისიც კონკრეტულ ოთხ „ქეისზე“.
რაც შეეხება საკითხს, გიორგი გახარია ისაუბრებს ან ჩვენ ვისაუბრებთ თუ არა იმაზე, ვინ გვგონია და ვინ შეიძლება იყოს რეზინის ტყვიების გამოყენების დავალების გამცემი, ჩვენ ჭორაობა არც 2019 წელს დაგვიწყია და არც ახლა ვაპირებთ. როგორღაც, 6 წელია თავს ვიკავებთ ჭორაობისგან, იმიტომ, რომ არ არის ეს ჩვენი სტილი. ამას სჭირდება გამოძიება. ჩვენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას რატომ მივესალმებით იცით? იმიტომ, რომ „ოცნება“ დიდი ხანია ცდილობს 20 ივნისის საქმე მიფარცხოს, დახუროს და თქვას, რომ გახარია არის დამნაშავე და ამით თემა დახუროს. გუშინდელი გადაწყვეტილება იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ 20 ივნისის თემა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში „ოცნებას“ თაროზე ჰქონდა შემოდებული, თავიდან გაცოცხლდეს იმიტომ, რომ შეკითხვა: ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების დავალება, თავიდან გაცოცხლდა,“ - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
მისი თქმით, რიგი ოპოზიციური პარტიები საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე შტურმის ორგანიზატორებიც, მაშინ ჰაერში კიდებდნენ კითხვას: იყო თუ არა საერთოდ შტურმი [პარლამენტზე] და ამტკიცებდნენ, რომ შტურმი საერთოდ არ ყოფილა. გიორგი ჭანტურიას განმარტებით, სტრასბურგმა ამ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ პარლამენტზე შტურმი იყო. მისივე თქმით, სტრასბურგმა თქვა ის, რასაც გახარიას გუნდი დიდი ხანია ამბობს.
„სტრასბურგმა იგივე თქვა, რასაც ვამბობდით, რომ იყო გადაცდომები და მას გამოძიება სჭირდებოდა. გახსოვთ, გიორგი გახარია იყო პირველი ადამიანი, ვინც გამოვიდა და თქვა, რომ უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება და არავითარი ამნისტია იმიტომ, რომ იქ შეიძლება გამოიკვეთოს რიგითი პოლიტიკური სუბიექტების დანაშაული და ამ ადამიანებს ამნისტია არ უნდა შეეხოთ,“ - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
მისი თქმით, გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული ძიების ფარგლებში, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი შეიძლება იკადროს“.
„ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს აბრალებს ქართულ მიწაზე ქართული პოლიციის საგუშაგოს ჩადგმას და ქართული მიწის დაცვას „ღალატს“ უწოდებს. გულწრფელად გეტყვით, „ოცნება“ ეცდება, რომ ეს საქმე შეიძლება საერთოდ არ გააგრძელოს. დღევანდელიდან მოყოლებული „ოცნება“ ეცდება, რომ 20 ივნისის თემა გადადოს და რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკოს, რადგანაც სტრასბურგის გადაწყვეტილებით საუბარს „ოცნება“ კი არ გააგრძელებს, გავაგრძელებთ ჩვენ. წინ საინტერესო პროცესები გველოდება,“ -განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.