ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც ადგილი აქვს მასობრივ არეულობას, ძალადობას, სახელმწიფო უწყებებზე შტურმს, პოლიციას აქვს უფლება, და არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება, იმოქმედოს იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ 2019 წლის 19-20 ივნისის აქციაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ.
“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით და გარკვეულ შემთხვევაში დადგინდა კონკრეტული უფლებების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, გაკეთდა კონკრეტული განმარტებები, თუ რაში გამოიხატა უფლებების დარღვევის ფაქტი. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც ადგილი აქვს მასობრივ არეულობას, ძალადობას, სახელმწიფო უწყებებზე შტურმს, პოლიციას აქვს უფლება, და არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება, იმოქმედოს იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად. ამ შემთხვევაში განმარტება პირდაპირ არის მითითებული. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული სპეცსაშუალებების გამოყენების საკითხებს, ასევე მათი არასწორი გამოყენების საკითხებს, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი ყურადღებით ვეცნობით ამ გადაწყვეტილებას, კონკრეტული მითითებები არის გაცემული. ეს საკითხები იქნება შესწავლილი და შემდეგ, მოგვიანებით ამაზე იქნება მსჯელობა. რაც შეეხება კონკრეტულად თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამა თუ იმ სპეცსაშუალებების გამოყენებაზე, ამაზე როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, ჩვენ ვერ დავასწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს,“ - განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფომ ორ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს, 85,000 ევრო.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს.
ამასთან, სახელმწიფომ 22 მომჩივანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38,414.99 ევრო უნდა გადაუხადოს. სახელმწიფომ მომჩივნებს ზარალი გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს.