„ფეისბუქში“ ჭორაობა, [პრემიერმა ფორუმზე] რუსეთი თუ ახსენა, [ოკუპაცია] 5-ჯერ თუ 6-ჯერ უნდა ეხსენებინა, არის ვიღაცისთვის გულის მოსაფხანი ან გამაღიზიანებელი ფაქტორი - პრემიერმა საერთაშორისო არენაზე თქვა ის, რაც რეალურად საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი - ხაზი გაუსვა ოკუპაციის საკითხსაც, - ამის შესახებ თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის განვითარების ხვალინდელი დღე.
ქადაგიშვილის განცხადებით, კარგია, რომ ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა.
„მოდით, საკითხს მოვუგდეთ უფრო სერიოზულად და არა, ამ შემთხვევაში, პროპაგანდისტულად. ბატონი ირაკლი კობახიძე იმყოფება საერთაშორისო ფორუმზე, რომელსაც მიესალმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში და მან თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თურქმენეთი არის მაგალითი იმისა, რომ მისი დამოკიდებულება, მისი ნეიტრალიტეტი, მისი საშუალება, რომ შეკრიბოს სხვადასხვა მიზნებისათვის ეკონომიკური და მშვიდობის ფორუმი, არის მისასალმებელი. ბუნებრივია, ბატონი პრემიერი მონაწილეობს სწორედ ამ ფორუმში. იგი მიწვეულია თურქმენეთის ხელისუფლის მიერ და იქ არის უამრავი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი წარმოდგენილი. ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული ინტერესი. ეს ეროვნული ინტერესი ძალიან მკაფიოდ იქნა გაჟღერებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან. მათ შორის, მან აღნიშნა ოკუპაციაც და მიუხედავად ოკუპაციისა, ჩვენი ქვეყნის განვითარების ხვალინდელი დღე - ეს არის მშვიდობა და თანამშრომლობა. კარგია, რომ ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.
ღონისძიებას, თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ირანისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.