გიორგი მელაშვილი - ბოლო ერთ წელს შეგვიძლია ვუწოდოთ „ტრამპიდან-ტრამპამდე“ - ერთი წლის შემდეგ აშკარაა, რომ აშშ-სთან ურთიერთობები ისტორიულად  დაბალ ნიშნულზეა, ჩანს, რომ ტრამპის პოლიტიკით „ოცნება“ უკმაყოფილოა

თუ ვამბობთ, რომ საქართველოს ფუნქცია ტრანზიტულია და საქართველო კარიბჭეა ჩინეთსა და ევროპას შორის, მაშინ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კომუნიკაციის დამყარება ცუდი არ არის, მაგრამ არანაირი აუცილებლობა არ იყო, რომ ფორუმში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრს მიეღო, შესაძლებელი იყო დელეგაციის გაგზავნაც, - ასე შეაფასა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გიორგი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ თურქმენეთში გამართულ ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მონაწილეობა.

მისი თქმით, „ბალანსი უნდა არსებობდეს დასავლეთთან და აღმოსავლეთთან ურთიერთობაში, თუმცა „ოცნებამ“ ბალანსიდან დასავლეთი სრულად გამოთიშა, რამაც ქვეყნის აღმოსავლეთისკენ გადახრა გამოიწვია“.

„რომ შევაჯამოთ, ამ წელს შეგვიძლია ვუწოდოთ „ტრამპიდან-ტრამპამდე“. როდესაც 2025 წელი დაიწყო, „ქართული ოცნება“ გვპირდებოდა, რომ 25 იანვრიდან დალაგდებოდა აშშ-სთან ურთიერთობები და აღდგებოდა პარტნიორული ურთიერთობები. ერთი წლის შემდეგ აშკარაა, რომ ქართულ-ამერიკული და ქართულ-ევროპული ურთიერთობები ისტორიულად, დაბალ ნიშნულზეა. აშხაბადში პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუ ვამბობთ, რომ საქართველოს ფუნქცია ტრანზიტულია და ვამბობთ, რომ საქართველო კარიბჭეა ჩინეთსა და ევროპას შორის, მაშინ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კომუნიკაციის დამყარება, ცუდი არ არის, მაგრამ ამ ვიზიტს ორი პრობლემა აქვს - პირველი, არანაირი აუცილებლობა არ იყო, რომ ფორუმში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრს მიეღო, შესაძლებელი იყო დელეგაციის გაგზავნაც. მეორე, იმ დროს, როდესაც საქართველოს იზოლირება ხდება და საქართველოს დელეგაციები დასავლეთის მიერ ინიცირებულ პროექტებში არ მონაწილეობენ, ამის პარალელურად საქართველოს დელეგაციები მონაწილეობენ ისეთ ფორუმებში, სადაც პუტინი და ცენტრალური აზიის დიქტატორები არიან. ბალანსი უნდა არსებობდეს დასავლეთთან და აღმოსავლეთთან, თუმცა „ოცნებამ“ ბალანსიდან დასავლეთი სრულად გამოთიშა და ქვეყნის აღმოსავლეთისკენ გადახრა გამოიწვია.

შესაძლებელი იყო, ფორუმზე საგარეო საქმეთა მინისტრის გაგზავნა, რომ არ ყოფილიყო საქართველოს პირველი პირისა და ოკუპანტი, მკვლელი, დამნაშავე სახელმწიფოს წარმომადგენელთან საერთო ფოტოსთვის პოზიორობის აუცილებლობა“, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

ასევე, გიორგი მელაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას, „არაფრის მთქმელ გზავნილად“ აფასებს.

ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაში არაფერი ჩანს. ეს შესაძლოა სიგნალი იყოს, რუსეთისთვის - „რაც არ უნდა გააკეთოთ, ჩვენ მშვიდობა გვინდა!“. ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც რუსეთს ახალი საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ასეთმა გზავნილებმა შესაძლოა, რომ უფრო მეტი მადა გაუჩინოს აგრესორ სახელმწიფოს. „ქართულ ოცნებას“ კი ამ შემთხვევაში, მხოლოდ დემაგოგიური ხრიკების გამოყენებაღა დარჩა, რადგან არაფრის მთქმელი იყო ირაკლი კობახიძის გზავნილები. ეს ფორმულა არ იყო ეგზისტენციალური, ბედის გადამწყვეტი ფორუმი საქართველოსთვის. მე არ ვთვლი, რომ საქართველოს ბედი ან აშხაბადში წყდება, ან ბრიუსელში, ან ვაშინგტონში. მიმაჩნია, რომ საქართველოს ბედი უპირველეს ყოვლისა, წყდება თბილისში - ქართველი ხალხის ნების შესაბამისად. თუ ვინმეს გახსენება სურს, ბოლოს საქართველოს ბედი ცენტრალურ აზიაში თემურლენგის დროს გადაწყდა. არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ბედი სადმე სხვაგან გადაწყდეს“,- განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

გარდა ამისა, მან აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებაც შეაფასა, სადაც ის აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მიერ „დიფ სთეითთან” ყალბ ბრძოლაზე საუბრობს. მისი თქმით, ამ განცხადებაში ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ და მასთან დაახლოებული პირები აშშ-ს პოლიტიკით უკმაყოფილოები არიან.

„ამ განცხადებაში ჩანს, რომ ტრამპის პოლიტიკით „ქართული ოცნება“ და მასთან დაახლოებული პირები უკმაყოფილოები არიან. შათირიშვილის განცხადება ფენტეზის ჟანრის, კონსპიროლოგიური ბოდვაა, რომლის სერიოზულად აღქმაც კი შეუძლებელია. მისი ნარატივი და ლექსიკა მსგავს შთაბეჭდილებას მიქმნის, როგორც დუგინისა ან მწერალ ლუკიანოვის ნაწარმოების კითხვისას. „ქართულ ოცნებას“ რეალურად არანაირი მსგავსება ამერიკულ კონსერვატიზმთან არ აქვს. სინამდვილეში ფუნდამენტური განსხვავებაა „ოცნებასა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, თავის გამოსვლაში საუბრობდა სიტყვის თავისუფლებაზე, რომ პარტიებმა უნდა მოახერხონ სამართლიან ბრძოლაში მონაწილეობა, ამ დროს „ქართული ოცნება“ დრაკონულ კანონებს იღებს, რომელიც სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. მათ სრულიად გაუგებარი სარჩელი წარადგინეს საკონსტიტუციო სასამართლოში - პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით. ვერცერთი ეს ნაბიჯი კი აშშ-ში როგორც დადებითი ნაბიჯი, არ იქნება აღქმული. „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც ადვილად შეუძლია იდეოლოგიის ცვლილება, თავდაპირველად ევროკავშირში სოციალ-დემოკრატების წევრები იყვნენ, მაგრამ სანამ გააგდებდნენ, თავად წამოვიდნენ. ახლა კი ფსევდო კონსერვატიული ნიშა მოირგეს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ“,- განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ