გახარიას პარტიის წარმომადგენელი რომ საუბრობს, რომ ადამიანების ჯანმრთელობა აინტერესებს, ეს უკვე ძალიან ცინიკურია და უნდა გრცხვენოდეთ , - ასე მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შალვა კერესელიძეს, რომლის ინიციატივაა დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერს საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციების დაშლის ლეგიტიმურობისა და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლას ითვალისწინებს.
მან კერესელიძეს მოუწოდა, „გახარიას ბოლომდე არ გაჰყვეს“ და აღნიშნა, რომ აღნიშნულ პროცესში ის „თუთიყუშის როლში“ შეიძლება აღმოჩნდეს.
იონათამიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ კერესელიძის ემოციური ტონი მისივე თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ ინიციატივის ავტორებს თავადაც არ სჯერათ საკუთარი განცხადებების.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკლე დროში ძალიან ეფექტურად გამოიძია ეს საკითხი და ამ „ფეიკის“ უკან ვინც იდგნენ, ისინიც უკვე ძალიან ნანობენ ამ ფაბრიკაციის წამოწყებას და ამ ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ და თქვენ მათ ძალიან ფეხქვეშ ეგებით, ესეც ძალიან უხერხულია. ჩემი რჩევა იქნება, ნუ გაჰყვებით გახარიას ბოლომდე. იმიტომ, რომ ბოლოს იმ თუთიყუშის როლში გამყოფებთ. ნუ გაიზიარებთ თუთიყუშის როლს ადამიანურად გთხოვთ. სინამდვილეში, თქვენც კარგად იცით, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი. თქვენ ძალიან ნერვიულობით, როდესაც განცხადებას კითხულობდით. გულწრფელი რომ იყოთ, განცხადებას არ წაიკითხავდით. რიხიანად, ზეპირად იტყოდით ყველაფერს. იცით როდის ნერვიულობს ადამიანი? როდესაც იცის, რომ არ არის მართალი და თავისი შინაგანი ბუნებისთვის მიუღებელ რამეს აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ფიზიკურად არა, მაგრამ მორალურად მაინც იმ თუთიყუშს ემსგავსებით.
თქვენი უფროსი, რომელიც გერმანიაშია გაქცეული და უცხო ქვეყნის რეზიდენტია, არაფერი ეშველება. ნუ გაიზიარებთ მის ბედს, ჩემი რჩევა იქნება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
საპასუხოდ, შალვა კერესელიძემ აღნიშნა, რომ იონათამიშვილს მისი „უფროსის“ ბედზე ნერვიულობა არ სჭირდება.
„ჩემი რჩევა იქნება, რომ ჩემ უფროსზე თქვენ ნუ ნაღვლობთ“,- უპასუხა კერესელიძემ.
დაპირისპირება გაგრძელდა გიორგი გახარიას თემაზე. იონათამიშვილმა განაცხადა, რომ გახარია უცხო ქვეყანაში იმყოფება და მისი ბედი პარტიის წევრებმა არ უნდა გაიზიარონ.
„უკვე დაფიქსირებულია, რომ გახარიას უფროსად თვლიან. ცხადია, როდესაც "ჩათით" გაიგეთ, რომ პარლამენტში უნდა შემოსულიყავით, უფროსად ჩათვლით, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა იონათამიშვილმა, რაზეც კერესელიძემ უპასუხა:
„გიდასტურებთ, რომ ის ჩვენი პარტიის ხელმძღვანელია. მოვა დრო, როცა გახარია ჩამოვა და დაამტკიცებს სიმართლეს“.
იონათამიშვილმა პასუხად აღნიშნა, რომ გახარიას ჩამოსვლას „მოუთმენლად ელოდებიან“.