გედევან ფოფხაძე - კობახიძე აშხაბადში იყო ეული, რადგან შეუმდგარი დიქტატორია - ამ დე ფაქტო რეჟიმთან ვერავინ დალაგდება, რადგან ჩვეულებრივი „ღამურაა“, არც დიქტატურაა, არც დემოკრატია

საქართველოში არის რუსული პროვინციული დიქტატურის მოდელი, სადაც მთავარი პოლიტიკური სუბიექტები არიან სპეცსამსახურები და არა პოლიტიკური პარტიები ან პოლიტიკოსები, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ფოფხაძის თქმით, საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილებები პარლამენტის ნაცვლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიიღება.

„დღეს რეჟიმი მთავარ გადაწყვეტილებებს, როგორც პოლიტიკურ ნაწილში, ისე აღსრულების ნაწილში იღებს მოდულის შენობაში და არა პარლამენტში. ივანიშვილთან ხდება რაღაცების გავლა, ის იღებს კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს და მერე ეს გადაწყვეტილებები მიდის სუს-ში. აქედან იწყება მისი რეალიზაცია და პოლიტიკური ნაწილი არის დანამატი, როცა პირიქით უნდა იყოს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა ჰქონდეს თავისი კონკრეტული ფუნქცია და ანგარიშვალდებული უნდა იყოს პარლამენტთან, ეს მოდელი საქართველოში აღარ არის“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში არც დემოკრატია და არც დიქტატურა არ არის და ამ მოდელით საქართველოს ვერც ევროპა და ვერც აზია ვერ მიიღებს. ფოფხაძის შეფასებით, ირაკლი კობახიძე შეუმდგარი დიქტატორია და აშხაბადში, დიქტატორების შეხვედრაზე ის სრულიად მარტო იყო.

„დღევანდელმა ხელისუფლებამ თავის იარაღად რუსული ავტორიტარული მოდელი აიღო. როცა ასეთ მოდელს იღებ, შიდა პოლიტიკურ რესურსს, ოპოზიციის თვალსაზრისით, ამცირებ მაქსიმალურ დონეზე, მაგრამ შენი მისამართით ზრდი საერთაშორისო წნეხს. ამათ [„ქართულმა ოცნებამ“] საერთოდ იგნორირება გაუკეთეს საერთაშორისო ფაქტორს და ამის გამო გადაწყვიტეს, რომ გადაუარონ ოპოზიციურ სპექტრს. ყველა, ვინც დღეს გაერთიანების მაგიდასთან უნდა იჯდეს და გაერთიანებაზე უნდა საუბრობდეს, ძირითადი სუბიექტები არიან ციხეში, სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ნაწილი არის ციხეში, ის აქტიური ადამიანები, ვისაც შეეძლო რუსთაველის პროტესტისთვის ენერგეტიკა მიეცა, აგრეთვე ციხეში არიან, ამიტომ ამათ ამის ხარჯზე დაკარგეს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, მაგრამ გააძლიერეს წნეხი ოპოზიციაზე. მათი შეცვლის ლეგიტიმური გზა უკვე აღარ არსებობს.

ამ მოდელით საქართველოს ვერც ევროპა ვეღარ მიიღებს და ვერც აზია მიიღებს იმიტომ, რომ ეს არის შეუმდგარი დიქტატურა. კობახიძე აშხაბადში, ფაქტობრივად, უცხო სხეული იყო იმ გარემოსთვის იმიტომ, რომ იქ დიქტატორები შეიკრიბნენ და მას იქ, როგორც შეუმდგარი დიქტატორი, ისე აღიქვამდნენ იმიტომ, რომ ის არ არის დიქტატორი, ის არის ვიღაცის მარიონეტი შეუმდგარ დიქტატურაში. ამიტომ, ის იქ იყო მართლა ეული, არაფერი საერთო იმ კონფიგურაციასთან კობახიძეს არ ჰქონდა. ევროპასთანაც აბსოლუტურად არაბუნებრივია. ის არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელიც ვერ ჩაჯდა ვერც აზიური დიქტატორების ოჯახში და რადგანაც შეუმდგარი, მაგრამ მაინც დიქტატორია, ვერც ევროპის ნაწილი ხდება. ამიტომ, ამ ხელისუფლებას და ამ დე-ფაქტო რეჟიმს საგარეო აღიარება არ აქვს. ამიტომ მგონია, რომ მასთან ვერავინ დალაგდება, ჩვეულებრივი ღამურაა, არც დიქტატურაა, არც დემოკრატია“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025