შეერთებული შტატებისა და ევროპის მიერ უკრაინისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტიების თანახმად, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ უნდა იმოქმედოს, მშვიდობისმყოფელებს, გარკვეულ ვითარებაში, რუსული ძალების მოგერიება შეეძლებათ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ეს ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.
მერცს დაუსვეს შეკითხვა აშშ-ის მიერ ორშაბათს ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების დროს შეთავაზებული შესაძლო უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რაზეც მერცმა უპასუხა, რომ გარანტების ფარგლებში საჭირო იქნება რუსული ძალების მოგერიება, ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ დემილიტარიზებულ ზონას მეომარ მხარეებს შორის და, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ასევე ვიმოქმედებთ რუსეთის შესაბამისი შემოჭრისა და თავდასხმების წინააღმდეგ. ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა აიღეს ასეთი ვალდებულება - დაიცვან უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ნატო-ს ტერიტორიის მსგავსად - ვფიქრობ, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შესანიშნავი ახალი პოზიციაა“, - აღნიშნა მერცმა.
რუსეთი ჯერ არ დათანხმებულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც, აშშ-სა და ევროპის განცხადებით, ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტიის წინაპირობა უნდა იყოს, და ასევე არც დასავლური ჯარების უკრაინაში ყოფნას.