გია ვოლსკი - იმის თქმა, რომ ამერიკის მხრიდან ევროკავშირის მიმართ სერიოზული პრეტენზიები არაფერს ნიშნავს, რადგან ამერიკა ევროკავშირის წევრობას არ აპირებს, პიარული სვლაა გულუბრყვილო ადამიანებზე - კაია კალასს საკმაოდ სუსტი პოზიცია აქვს

იმის თქმა, რომ ამერიკის მხრიდან ევროკავშირის მიმართ სერიოზული პრეტენზიები არაფერს ნიშნავს, რადგან ამერიკა ევროკავშირის წევრობას არ აპირებს, ეს პიარული სვლაა გულუბრყვილო ადამიანებზე, რადგან ამერიკის პრეტენზიები რეალურია და განხილული არ უნდა იყოს, როგორც შიდა საქმეებში ჩარევა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს, რომელმაც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვაზე განმარტა, რომ საქართველოსგან განსხვავებით აშშ არ ცდილობს, ევროკავშირს შეუერთდეს.

მისი თქმით, “კაია კალასმა გადაწყვიტა, რომ ასეთი პრიმიტიული ფორმულით მოახდინოს პროპაგანდისტული ეფექტი იმ ხალხზე, ვინც ამას უსმენს.”

“საკმაოდ სუსტი პოზიცია აქვს, რადგან ამერიკის პოზიცია ევროკავშირის მიმართ გაცილებით უფრო მრავალმხრივია და სერიოზულ პრეტენზიებს შეიცავს. იმის თქმა, რომ ამერიკის მხრიდან ევროკავშირის მიმართ სერიოზული პრეტენზიები არაფერს ნიშნავს, რადგან ამერიკა ევროკავშირის წევრობას არ აპირებს, ეს პიარული სვლაა გულუბრყვილო ადამიანებზე, რადგან ამერიკის პრეტენზიები რეალურია და განხილული არ უნდა იყოს, როგორც შიდა საქმეებში ჩარევა. ამ პრეტენზიების რეალურობა საფრთხეს უქმნის კაცობრიობის არსებობას. თუ ამ საკითხზე ჩვენი პრეტენზიებიც იგივეა, ეს მტრობად არ უნდა ჩაითვალოს, ეს კონსტრუქციულ კრიტიკად არ უნდა ჩაითვალოს. უბრალოდ, ჩვენ რესურსი არ გაგვაჩნია იმისთვის, რომ გავლენა ვიქონიოთ ბრიუსელის დღევანდელ პოლიტიკაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მოქალაქეების პოზიციებს. დონალდ ტრამპი არ არის მარტო, ვინც მათ აკრიტიკებს, საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები აქვთ ევროკავშირის შიგნით პოლიტიკურ პარტიებს და მოქალაქეების დიდ რაოდენობას. დიალოგია საჭირო, რაზეც უარს გვეუბნებიან”, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა: „ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის ნაწილი იმ რიტორიკის პირობებში, რომელსაც იგი იყენებს ევროპული ბიუროკრატიისა და თავად ევროკავშირის მიმართ. ახლა მსგავსი ნარატივები აისახება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც. რა არის თქვენი პასუხი ამაზე? იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონის რიტორიკა ახლა თითქოს თბილისის პოლიტიკასთან თანხვედრაშია? მზად ხართ თუ არა, დაადანაშაულოთ ტრამპის ადმინისტრაცია კრემლის მიერ ნაკარნახევი სცენარის შესრულებაში, თუ ეს თქვენი პოლიტიკის ფუნდამენტურ ორმაგ სტანდარტს ავლენს საქართველოს მიმართ?“, რაზეც კალასმა განმარტა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, აშშ არ ცდილობს ევროკავშირში შესვლას.

„განსხვავება ისაა, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს ევროკავშირს შემოერთდეს. რა თქმა უნდა, რაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წავიკითხეთ, სასიამოვნო არ წასაკითხი არ არის, თუმცა ჩვენ მივიღეთ მიდგომა, რომ არ ჩავერევით ჩვენი მოკავშირეების შიდა პოლიტიკაში.

რაც შეეხება საქართველოს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ როცა ერთი მხრივ, საქართველო აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზის არჩევა, ვხედავთ მთავრობის მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ეს არის სიგნალი მთავრობისთვის, რომ ვიდრე გააგრძელებენ ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება“, - აღნიშნა კაია კალასმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის