სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი, 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

საქართველოს აქვს უნიკალური, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ეს ტრადიციული ისტორიული ფუნქცია, ამაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი 8-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს გაიხსნა კონკრეტულად ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი, რომელიც არის 4-ზოლიანი და არის უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გზა, რომელიც 3 ახალ ხიდს, ასევე 2 სატრანსპორტო კვანძს მოიცავს.

„ეს იყო საკმაოდ რთული მონაკვეთი და მადლობა სამინისტროს იმისათვის, რომ სათანადო ხარისხითა და სათანადო ვადებში განხორციელდა ეს პროექტი.

ეს პროექტი სხვადასხვა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ განიტვირთება ქალაქი ლანჩხუთი, ასევე მიმდებარე სოფლები და ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნიშნავს ნაკლებ ხმაურს, მეტ კომფორტს, მეტ უსაფრთხოებას. მგზავრებისთვის ეს ნიშნავს შემცირებულ დროს და მეტ კომფორტს, შესაბამისად, სხვადასხვა თვალსაზრისით არის ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის ამ პროექტის დასრულება. წელს ჩვენ უკვე გავხსენით რიკოთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეს არის რიკოთის შემოვლითი გზა. დღევანდელი მონაკვეთი, 8-კილომეტრიანი მონაკვეთი არის 12-კილომეტრიანი სამტრედია-გრიგოლეთის გზის შემადგენელი ნაწილი. სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა.

საქართველოს აქვს როგორც მოგეხსენებათ, უნიკალური მდებარეობა, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ეს ტრადიციული ისტორიული ფუნქცია. ამაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეისათვის ქვეყანაში უკვე აშენებულია 383 კილომეტრი მაგისტრალური გზა.

„დღეისათვის ქვეყანაში უკვე აშენებულია 383 კილომეტრი მაგისტრალური გზა. კიდევ ერთხელ უნდა შევადაროთ ჩვენი მონაცემები წინა ხელისუფლების მონაცემებს: სულ 68 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული 2012 წლამდე საქართველოში. 2012 წლის შემდეგ აშენდა 315 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქ საქმე გვაქვს ბევრად უფრო რთულ მონაკვეთებთან, რომელთა მშენებლობა უწევს ჩვენს ხელისუფლებას და კონკრეტულად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ეს ციფრები საუკეთესოდ აჩვენებს სხვაობას და აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას საქმისადმი. უახლოეს მომავალში დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მთლიანი დერეფნის მშენებლობა. ეს მოიცავს მთლიან მონაკვეთს, დაწყებული წითელი ხიდიდან, დამთავრებული სარფამდე.

ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უახლოესი წლების განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულებას.

ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების როლი ასეთი პროექტების განხორციელებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს, რომლის თანამონაწილეობითაც განხორციელდა ეს პროექტი. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თითოეულ მშენებელს, ინჟინერს, ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და პირადად მინისტრს“, - განაცხადა პრემიერმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის