ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ეს ეხება მართვის მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიასაც, ეს არის ერთგვარი საახალწლო საჩუქარი 30 000-ზე მეტი თანამოქალაქისთვის, რომელთაც შეჩერებული ჰქონდა მართვის მოწმობა

ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ეს ეხება მართვის მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიასაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა თითოეულ თანამოქალაქეს მოუწოდა, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ ავტომობილების მართვის საკითხს.

„ზუსტად, ჰუმანური მოსაზრებიდან გამომდინარე გამოიცა ეს აქტი. მადლობა მინდა, გადავუხადო პარლამენტს მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ეს არის ერთგვარი საახალწლო საჩუქარი 30 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქისთვის, რომელთაც შეჩერებული ჰქონდათ მართვის მოწმობა. აქვე მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მოეკიდონ ავტომობილის მართვას და ყველაზე მთავარი პრობლემა არის ავტომობილის მართვა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ამას უნდა მოერიდოს ყველა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება თითოეული თანამოქალაქის მიმართ,“ - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივას, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენას და მართვის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. კანონის პროექტში, რომელსაც პარლამენტი დღეს მეორე და მესამე მოსმენით მიიღებს, მიეთითება, რომ მართვის მოწმობა დაუბრუნდება პირს, ვინც შესაბამისი სამართალდარღვევა 2025 წლის 16 დეკემბრამდე ჩაიდინა. აქამდე აღნიშნული თარიღი 10 დეკემბრით იყო განსაზღვრული. შესაბამისად, მართვის მოწმობა დაუბრუნდებათ მათ, ვისაც ის გუშინდელი დღის ჩათვლით ჩამოერთვა. ჩამორთმეული მართვის მოწმობები ეტაპობრივად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან დაბრუნდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის