ევროპული საბჭოს დღევანდელ განცხადებაში ახალი ვერაფერი ვნახეთ - გვინდა, მოვისმინოთ დეტალური აზრი იმაზე, რომ თუ საქართველო რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, მაშინ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ევროკავშირს იმისთვის, რომ ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც საქართველოს მიადგება, ქვეყანას აუნაზღაუროს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ევროკავშირის მხრიდან გრძელდება ის პოლიტიკა, რომელიც დიალოგს და მეორე მხრივ, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებას უგულებელყოფს.”
“ამ დოკუმენტში ისედაც არ ველოდით, თუმცა მათი მხრიდან უფრო მეტი დეტალი გვინდა იმასთან დაკავშირებით თუ ვის გულისხმობენ ისინი, როდესაც საუბრობენ უკანონოდ დაკავებულ ადამიანებზე; რომელ კანონს გულისხმობენ, რომელიც თურმე ადამიანის უფლებებს ზღუდავს. ასევე გვინდა, მოვისმინოთ დეტალური აზრი იმაზე, რომ თუ საქართველო რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, მაშინ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ევროკავშირს იმისთვის, რომ ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც საქართველოს მიადგება, ქვეყანას აუნაზღაუროს. ამის შესახებ ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, თუმცა გარდა ამ ჩანაწერებისა, ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ასე რომ, გრძელდება ის პოლიტიკა მათი მხრიდან, რომელიც დიალოგს და მეორე მხრივ, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას უგულებელყოფს”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
გარდა ამისა, სამხარაძემ ისაუბრა დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც ვიზალიბერალიზაციაზეა საუბარი და აღნიშნა, რომ “ეს ჩანაწერიც ცხადყოფს, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არ აპირებს, რაც მისასალმებელია, რადგან მათი მხრიდან ეს არაგონივრული ნაბიჯი იქნებოდა.”
“რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ კონკრეტულ საკითხებზე თანხვედრა არ გვაქვს - გამოსაყოფია ის ყბადაღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც საერთოდ არაფერ შუაშია ვიზასთან. გვსურს გვქონდეს დიალოგი, რა კავშირშია გამჭვირვალობის და არასამთავრობო ორგანიზაციების კანონი ვიზალიბერალიზაციასთან.
ასევე, კი მართალია, რომ სავიზო პოლიტიკაში ევროკავშირთან თანხვედრა არ გვაქვს, რადგან ჩვენ უვიზო რეჟიმი გვაქვს ძალიან ბევრ ისეთ ქვეყანასთან, რომელთანაც ევროკავშირს არ აქვს. ესენი არიან - თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებთან გვქონდეს უვიზო მიმოსვლა. ამ კომპონენტში, რა თქმა უნდა, არ გვაქვს თანხვედრა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, თუმცა ეს მათ ძალიან კარგად იციან, არაერთხელ გვქონდა საუბარი და როცა ჩვენ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, მაშინაც იყო ამაზე აზრთა თანხვედრა, რომ საქართველო ისე ვერ მოიქცევა, როგორც სხვა შენგენის წევრი ქვეყნები, რადგან ჩვენ სრულფასოვანი შენგენის წევრი ქვეყნები არ ვართ. როცა საქართველო სრულად გახდება ევროკავშირის წევრი, მოგვიწევს, სრულად ავამოქმედოთ ის წესები, რომელიც ევროკავშირს აქვს, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ ჩვენი სავიზო პოლიტიკა გვაქვს”, - აღნიშნა სამხარაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნებში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში.
ამასთან, საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ - როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად. საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გზით.