ნიკოლოზ სამხარაძე - კაია კალასის პოლიტიკის მიმართ კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, არ ველოდებოდი, რომ ასეთ აღიარებით ჩვენებას მისცემდა - პირველი შემთხვევა არ არის, როცა მას სიტყვა გაექცა

კაია კალასის პოლიტიკის მიმართ კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, არ ველოდებოდი, რომ ასეთ აღიარებით ­ჩვენებას მისცემდა, რომ თურმე, საქართველოს უფლება არ აქვს ევროკავშირი გააკრიტიკოს, რადგან მას ევროკავშირის წევრობა უნდა და ამერიკას კი, ეს უფლება აქვს - პირველი შემთხვევა არ არის, როცა მას სიტყვა გაექცა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს, რომელმაც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვაზე განმარტა, რომ საქართველოსგან განსხვავებით აშშ არ ცდილობს, ევროკავშირს შეუერთდეს.

მისი შეფასებით, „კაია კალასმა გამაოგნებელი განცხადება გააკეთა“.

„მისი ლოგიკაა ის, რომ თუ ევროკავშირის წევრობა გინდა და გეტყვიან, რომ თეთრი შავია, თავი უნდა დაუქნიო და უთხრა, რომ თეთრი არ არის. კაია კალასის პოლიტიკის მიმართ კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, არ ველოდებოდი, რომ ასეთ აღიარებით ჩვენებას მისცემდა, რომ თურმე, საქართველოს უფლება არ აქვს ევროკავშირი გააკრიტიკოს, რადგან მას ევროკავშირის წევრობა უნდა და ამერიკას კი, ეს უფლება აქვს. ანუ, თუ წევრობა გინდა, ე.ი. სიმართლეზე თვალი უნდა დახუჭო და სიმართლეზე ხმა არ ამოიღო. პირველი შემთხვევა არ არის, როცა მას სიტყვა გაექცა. თუ გადახედავთ, არაერთი პოლიტიკოსისა და მედიის ექსპერტის მოსაზრებაა, რომ კაია კალასი გამაოგნებელ განცხადებებს აკეთებს. მსოფლიოში დიდი და პატარა ქვეყნები არსებობენ, ბევრად უფრო წონიანი და გავლენიანი ქვეყნები, თუმცა არავის არასოდეს უთქვამს, რომ რისი თქმის უფლება დიდ ქვეყანას აქვს, ამის თქმის უფლება პატარა ქვეყანას არ აქვს. საერთაშორისო სამართალში ასეთი რაღაც არ წერია და უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში უფრო ფრთხილად უნდა საუბრობდეს, როცა ასეთ თემებს ეხება”, - განაცხადა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს „რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა: „ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის ნაწილი იმ რიტორიკის პირობებში, რომელსაც იგი იყენებს ევროპული ბიუროკრატიისა და თავად ევროკავშირის მიმართ. ახლა მსგავსი ნარატივები აისახება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც. რა არის თქვენი პასუხი ამაზე? იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონის რიტორიკა ახლა თითქოს თბილისის პოლიტიკასთან თანხვედრაშია? მზად ხართ თუ არა, დაადანაშაულოთ ტრამპის ადმინისტრაცია კრემლის მიერ ნაკარნახევი სცენარის შესრულებაში, თუ ეს თქვენი პოლიტიკის ფუნდამენტურ ორმაგ სტანდარტს ავლენს საქართველოს მიმართ?“, რაზეც კალასმა განმარტა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, აშშ არ ცდილობს ევროკავშირში შესვლას.

„განსხვავება ისაა, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს ევროკავშირს შემოერთდეს. რა თქმა უნდა, რაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წავიკითხეთ, სასიამოვნო არ წასაკითხი არ არის, თუმცა ჩვენ მივიღეთ მიდგომა, რომ არ ჩავერევით ჩვენი მოკავშირეების შიდა პოლიტიკაში.

რაც შეეხება საქართველოს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ როცა ერთი მხრივ, საქართველო აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზის არჩევა, ვხედავთ მთავრობის მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ეს არის სიგნალი მთავრობისთვის, რომ ვიდრე გააგრძელებენ ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება“, - აღნიშნა კაია კალასმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის