ანა დოლიძე - „ქართული ოცნების“ მიდგომაა: ჩავახშოთ, გავაჩუმოთ ხალხი - რუსთაველის პროტესტის დევნა ვიღაცის აკვიატებად მეჩვენება, ეს გონივრული ქცევა არ არის

„ქართული ოცნების“ მიდგომაა: ჩავახშოთ, გავაჩუმოთ ხალხი - რუსთაველის პროტესტის დევნა ვიღაცის აკვიატებად მეჩვენება, ეს გონივრული ქცევა არ არის, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „შეკრებისა და მანიფესტაციის“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ რუსთაველის პროტესტი პრობლემაა ივანიშვილისა და კობახიძის „მშვიდი ძილისთვის“, მაგრამ ქვეყნისთვის პრობლემა არ არის.

„ეს ბოლო კანონი პირდაპირ წინააღმდეგობაშია ჩვენს კონსტიტუციასთან, რომელიც დაწერილია დემოკრატიის პირობებში, რომელიც ამბობს, რომ არავითარი ნებართვა მოქალაქეების შეკრებას არ სჭირდება. პროცედურაც კი, რომელიც დააწესა ამ კანონმა, ეს პროცედურაც დაცულია. წინასწარ არის გაგზავნილი შეტყობინებები. პრობლემების მოგვარების ნაცვლად რუსთაველზე ერთ პატარა მშვიდობიან შემადგენლობას დასდევენ და ამაზე იხარჯება ჩვენი საპოლიციო რესურსი. ეს არის პრობლემა კონკრეტულად რამდენიმე პირისთვის, ივანიშვილისთვის, კობახიძისთვის, მათი მშვიდი ძილისთვის, მაგრამ ქვეყნისთვის [რუსთაველის პროტესტი] პრობლემა არ არის.

რუსთაველის პროტესტის დევნა მე მეჩვენება ვიღაცის აკვიატებად. ეს გონივრული ქცევა არ არის. აქამდე რა ნაბიჯებიც გადაიდგა რუსთაველის პროტესტის მიმართ, აბსოლუტურად არ გააქრო რაიმე უკმაყოფილება. ჭრილობაზე რომ დაიდებ საფენს, ეს არ ნიშნავს, რომ უმკურნალე ჭრილობის მიზეზს. მათი მიდგომაა ჩავახშოთ, გავაჩუმოთ ხალხი. ირაკლი კობახიძე საქართველოს ისტორიაში დარჩება ყველაზე უარყოფით პოლიტიკურ პირად“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო