თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. პროცესს ესწრება ორივე ბრალდებული.

„იკო, გილოცავ დაბადების დღეს",- მიმართა ლევან ხაბეიშვილმა სხდომათა დარბაზში შემოსვლისთანავე მის შვილს და იქვე მადლობა გადაუხადა დარბაზში მყოფებს იმისთვის, რომ „წუხდებიან". შვილს კი უთხრა, რომ „დედას დაუჯეროს“.

პროკურორ ბექა ხუნაშვილის შესავალი სიტყვის მიხედვით, ხაბეიშვილს დანაშაულთა ერთობლიობა ედება ბრალად. პროკურორმა ხაბეიშვილის მხრიდან სატელევიზიო ეთერებში გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა აქცენტი, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული სისტემატურად ავრცელებდა მოწოდებას, კერძოდ კი, ის სამართალდამცავებს ჰპირდებოდა 200 000 ამერიკული დოლარის გადაცემას, თუ ისინი წვრთნასა და ვარჯიშზე უარს იტყოდნენ. ხუნაშვილის თქმითვე, ხაბეიშვილი საჯარო მოხელეებს საჯაროდ ჰპირდებოდა დიდი თანხის გადახდას. რაც შეეხება ზოდელავას, პროკურორის თქმით, ის სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლის საქმიანობაში უკანონოდ ჩაერია და მობილური ტელეფონის გადამალვა სცადა.

პროკურორის თქმით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ორივე ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ქმედება დადასტურდება. ხუნაშვილი ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დამნაშავედ ცნობას ითხოვს.

ამ წუთებში, შესავალ სიტყვას ადვოკატები წარმოთქვამენ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის