„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ეს სისხლის სამართლის საქმე ხაბეიშვილის მიმართ უკანონო დევნის და ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოიყენება.
მისივე თქმით, ხაბეიშვილს დღემდე ეკრძალება არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაცია.
ადვოკატის განმარტებით, პოლიტიკური ლიდერის მიერ, საჯაროდ გაკეთებული პოლიტიკური დაპირება არათუ ქრთამის შეთავაზება, ეს მოცემულობა „ამომრჩევლის მოსყიდვისთვისაც კი არაა საკმარისი". კონდახიშვილის თქმით, ხაბეიშვილმა მისი პოზიცია გააჟღერა, რისი უფლებაც მას კონსტიტუციურად ჰქონდა. ადვოკატის თქმით, ხაბეიშვილის განცხადების ადრესატი კონკრეტულად არავინ ყოფილა, ის ზოგად მოწოდებას ახორციელებდა.
კონდახიშვილის თქმით, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება საკმარისი არაა, ის კონტექსტით ძალადობრივ ქმედებებს უნდა გულისხმობდეს. კონდახიშვილის თქმით, ხაბეიშვილი ყველა განცხადებაში კანონის მორჩილებაზე და მშვიდობიან პირობებში ხელისუფლების შეცვლაზე საუბრობდა.
ადვოკატის განცხადებით, ხაბეიშვილის დაკავებიდან დღემდე, ყველა ფაქტი, მათ შორის, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის აკრძალვა ხაბეიშვილის მიმართ ანგარიშსწორებაზე მიუთითებს.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.
ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.