გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რეზოლუციის სახელწოდებაა „ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში“.

დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე და ითვალისწინებს რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სისტემური დარღვევების გაძლიერებულ მონიტორინგს.

გარდა ამისა, დოკუმენტი აშკარად გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნავს, რომ უარყოფს უკრაინის ტერიტორიების სტატუსის შეცვლის ნებისმიერ მცდელობას.

სერიოზული შეშფოთებაა გამოთქმული ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის, მათი მაცხოვრებლების იძულებითი მობილიზაციის, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გამო, განსაკუთრებით ყირიმში.

რეზოლუცია ეფუძნება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის დასკვნებს, რომლებიც ადასტურებს იძულებითი გაუჩინარებისა და წამების შემთხვევებს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე თავად რუსეთში.

დოკუმენტი ასევე გმობს რუსეთის უარს გატაცებული და ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელების ბედის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოუწოდა რუსეთს, უზრუნველყოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეუფერხებელი წვდომა იმ ადგილებში, სადაც დაკავებული ტყვეები იმყოფებიან, უზრუნველყოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება, განახორციელოს ტყვეების სრული გაცვლა და გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის ყირიმელი თათრები, მშვიდობიანი მოქალაქეები, პოლიტიკური პატიმრები და ჟურნალისტები.

გაერო ასევე მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.

დოკუმენტს მხარი 79 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, დაუჭირა, 16-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 73-მა თავი შეიკავა. კერძოდ, რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ შემდეგი ქვეყნები: რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ირანი, ბურკინა-ფასო, ერიტრეა, სუდანი, მალი, ზიმბაბვე, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგო, ეკვატორული გვინეა, კუბა და ნიკარაგუა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა