„ქართულმა ოცნებამ“, სამწუხაროდ, მიაღწია ამ დონესაც, რომ უკანონოდ დაჭერის შემდეგ, უკანონოდ გათავისუფლებაც ვნახეთ - ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებას.
როგორც სიმონიშვილმა აღნიშნა, განაჩენით არის დადგენილი საპატიმრო ვადა, თავისუფლების აღკვეთის ვადა, შესაბამისად, მასზე ადრე გათავისუფლება უცნაური შემთხვევაა, უკანონოს რომ თავი დავანებოთ.
„ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია. „ქართული ოცნებისგან“ ჩვენ ვართ უკვე მიჩვეული იმას, რომ ისინი უკანონოდ იჭერენ ადამიანებს, მაგრამ უკანონოდ გათავისუფლებული მე პირველად ვნახე. „ქართულმა ოცნებამ“ ასეთ დონესაც კი მიაღწია. განაჩენით არის დადგენილი საპატიმრო ვადა, თავისუფლების აღკვეთის ვადა, შესაბამისად, მასზე ადრე გათავისუფლება უცნაური შემთხვევაა, უკანონოს რომ თავი დავანებოთ. მეორე თემაა ის, რომ შუა ზამთარში როცა ადამიანს მაისურით უშვებ ისე, რომ ქურთუკის შეგზავნის უფლება წინა დღეს არ მისცეს... ფაქტობრივად, ადამიანი შუა ზამთარში მაისურის ანაბარა გამოუშვეს ციხიდან და ისე, რომ, ფაქტობრივად, სახლში წასვლის საშუალებაც არ ჰქონია. ეს უთანაბრდება, რა თქმა უნდა, არაადამიანურ მოპყრობას სახელმწიფოს მხრიდან. „ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ მიაღწია ამ დონესაც, რომ უკანონოდ დაჭერის შემდეგ, თან სრულიად დაუსაბუთებლად, უკანონოდ გათავისუფლებაც ვნახეთ. ეს პატიმრობა ჩვენ შეგვიძლია ცალსახად უკანონოდ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების საწინააღმდეგოდ შევაფასოთ. ეს იყო ცალსახად პოლიტიკური ანგარიშსწორება. ის რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, ეს არის ამ პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება“,- განაცხადა სიმონიშვილმა.
გარდა ამისა, მან შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო რეგულაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს პროტესტის ყველა არასასურველი ფორმა აკრძალოს.
„ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობს მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობიდან გამოთიშვას და ამ ბოლო ნაბიჯით ცდილობს პროტესტის ყველანაირი არასასურველი ფორმა აკრძალოს, არ მისცეს გამოვლენის საშუალება. რეალურად, ჩვენ ვიღებთ რა მოცემულობას - „ქართული ოცნება“ კრძალავს პოლიტიკურ პარტიებს, უკრძალავს მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს არჩევნებში მონაწილეობას. დემოკრატიულ პროცესში პოლიტიკურად მონაწილეობის შესაძლებლობა მოქალაქეს აქვს ან არჩევნების გზით, ან პროტესტის მეშვეობით. არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს ემიგრანტებს, პარტიისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობას არ აძლევს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს პარტიების აკრძალვით. შენ გრჩება ერთადერთი ინსტრუმენტი ქუჩაში გამოხვიდე. ახლა პროტესტი აიკრძალა. ამის გულისთვის პატიმრობაც არის დადგენილი, მიუხედავად მისი არაკონსტიტუციურობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობისა. ახლა უკვე „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ გეკრძალება ჩემი ნებართვის გარეშე ხალხის სავალ ნაწილზე პროტესტის გამართვაც. „ქართულმა ოცნებამ“ პროტესტი დაუქვემდებარა ნებართვას, რაც ცალსახად არაკონსტიტუციურია. არ შეიძლება ნებართვა მომეთხოვებოდეს პროტესტის გამართვისთვის, მითუმეტეს არაკონსტიტუციურია ის, რომ ხალხის სავალ ნაწილზე შემოიღო შეზღუდვები.
ეს კანონი იმდენად აბსურდულია, იმდენად გაუგებარია, იმდენად არასერიოზულია, შეუძლებელია უბრალოდ თქვა, სად გადის ზღვარი კანონიერებასა და უკანონობას შორის, ფორმალურადაც კი. ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ სადაც კი პოლიცია გეტყვის, რომ არ ჩაატარო პროტესტი, უბრალოდ არ უნდა გამართო. ეს შინაარსი აქვს ამ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებს. მე როგორც იურისტს ვერანაირი რჩევა ვერ მექნებოდა. ფაქტობრივად, ტრანსპორტისა და ხალხის სავალ ნაწილზე „ქართულმა ოცნებამ“ პროტესტი აკრძალა. ამ ქალაქში სად არის ადგილი, სადაც არც ხალხის სავალი ნაწილია და არც ტრანსპორტის სავალი ნაწილი. მთელი ქალაქი ასეთია. სახლში ვიჯდე და „ფეისბუკიდან“ ვპოსტო? თუ მტკვარზე ტივით გამოვხატო პროტესტი, სადაც ხალხის სავალი ნაწილი არ არის?!
ჩვენ პროტესტის დასაწყისში ვამბობდით ხოლმე, რომ საქართველოს ევროპული გზის დასაცავად ვართ ქუჩაში გამოსული. თუმცა დღეს მივედით რეალობამდე, რომ უბრალოდ ევროპული გზის დასაცავად კი არ ვართ ქუჩაში, ვართ ქვეყნის შესანარჩუნებლად ქუჩაში გამოსულები. იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ. რეალურად დღეს პროტესტზე დგომა არ დგომის საკითხი გადის არა მხოლოდ ევროპული გზის დაბრუნებაზე, არამედ გადის ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იქნება ერთი ადამიანის ხელში და თუ მოინდომებს გადააბაროს ვინმეს, მარტივად გააკეთებს ამას. იმიტომ, რომ მოქალაქეებს უბრალოდ აღარ ექნებათ არც არჩევნებით, არც არჩევნების მიღმა პროტესტით არანაირ პროცესზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა,“,- განაცხადა სიმონიშვილმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ნიკა სიმონიშვილმა ისაუბრა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებია. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ პირდაპირ ცდილობს ერთ-ერთი კანდიდატის მხარდაჭერას, რაც მთლიანობაში ამ პროცესს ცუდ კალაპოტში აქცევს.
„მე, როგორც ადვოკატთა, ასოციაციის წევრმა, ჩემი არჩევანი გავაკეთე პირველ ტურში და ამ კვირასაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებ ამ არჩევანს. იმის უარყოფა, რომ „ქართული ოცნება“ არ ცდილობს ამ პროცესში თავისი კვალი დატოვოს და არ მიიღოს ამ პროცესში უარყოფითი ფორმით მონაწილეობა, უბრალოდ არასწორი იქნებოდა. რად ღირს მხოლოდ იმის გახსენება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მართული პროპაგანდისტული ტელევიზიები ერთ-ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად ბევრ რაღაცას აკეთებენ. „ქართული ოცნება“ პირდაპირ ცდილობს არჩევნებში ჩარევას და არჩევების შედეგებზე გავლენის მოხდენას. „ქართული ოცნება“ პირდაპირ ცდილობს ერთ-ერთი კანდიდატის მხარდაჭერას, რაც მთლიანობაში ამ პროცესს ცუდ კალაპოტში აქცევს,“ - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.