„მედიის განვითარების ფონდი“ - კვლევის მიხედვით, უცხოური საინფორმაციო ჩარევისა და შიდა პროცესების ერთობლიობა საქართველოში ინფორმაციული ავტოკრატიისა და დეზინფორმაციის მზარდ რისკებს აჩენს

კვლევის შედეგების მიხედვით, უცხოური საინფორმაციო ჩარევისა და შიდა პროცესების ერთობლიობა საქართველოში ინფორმაციული ავტოკრატიისა და დეზინფორმაციის მზარდ რისკებს აჩენს, - ამის შესახებ „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ გავრცელებულ კვლევაშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, რუსეთი ისევ წარმოადგენს უცხოური გავლენის ოპერაციების მთავარ წამყვან ძალას, რომელიც კრემლთან დაკავშირებულ მედიასა და მრავალენოვან პროპაგანდისტულ ქსელებს იყენებს. ამასთანავე, კვლევაში აღნიშნულია ჩინური გავლენის და პროჩინური შინაარსის შეზღუდული, მაგრამ მზარდი გავრცელება.

„კვლევა “FIMI და ინფორმაციული ავტოკრატია საქართველოში” ქართულ საინფორმაციო გარემოს, უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) მზარდი რისკის კონტექსტში, აანალიზებს და იმ შიდა და გარე ფაქტორებს მიმოიხილავს, რაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენს გავლენას. კვლევა მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოამზადა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით ხელისუფლება სულ უფრო მეტად უპირისპირდება ადგილობრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რაც რეპრესიული საკანონმდებლო ზომების მიღებასა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ მტრული რიტორიკის გამოყენებაში გამოიხატება.

კვლევა აანალიზებს უცხოური საინფორმაციო მანიპულაციის და ჩარევის (FIMI) მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის დოკუმენტებს და ინსტიტუციურ მოწყობას და საჯარო რიტორიკასა და სამთავრობო პრაქტიკას შორის არსებულ წინააღმდეგობაზე აკეთებს აქცენტს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტრატეგიული დოკუმენტები რუსეთის პროპაგანდას საფრთხედ აღიარებენ, სახელმწიფოს რეაგირება, ხშირ შემთხვევაში, არასაკმარისი ან არათანმიმდევრულია.

ანგარიში ასევე მიმოიხილავს გარე და შიდა აქტორების თანმხვედრ გზავნილებს. ამ თვალსაზრისით, დასავლეთის საფრთხედ წარმოჩენა სამი ძირითადი მიმართულებით ხდება. სუვერენული დემოკრატიის ხელყოფა, ბრალდებები საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის განზრახვასა და კულტურული იდენტობის დაკარგვის საფრთხეზე. ეს ნარატივები დასავლელ აქტორებს როგორც პოლიტიკურ, ასევე კულტურულ საფრთხეებად წარმოაჩენს, რითაც აძლიერებს ხელისუფლების გზავნილებს, რომლებშიც მთავრობა საკუთარ თავს საქართველოს სუვერენიტეტის, ღირებულებებისა და უსაფრთხოების დამცველად წარმოაჩენს.

ანგარიში ასევე აღწერს დეზინფორმაციულ კამპანიებში ყველაზე ხშირად გამოყენებულ ტაქტიკებს, ტექნიკებსა და პროცედურებს. კვლევის თანახმად, ყალბი და მანიპულაციური შინაარსის დიდი ნაწილი ქართულენოვანი წყაროებიდან მომდინარეობს, სადაც განსაკუთრებული აქცენტი პოლიტიკურ და იდენტობაზე დაფუძნებულ გზავნილებზე კეთდება. კვლევა ტექნოლოგიების გამოყენებით გენერირებულ დეზინფორმაციის შემთხვევასაც მიმოიხილავს, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ყალბ ვიზუალებსა და პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ მიმართულ ყალბ სატელეფონო ზარებს, რომელთა გამოყენებაც საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოსახდენად ხდებოდა.

კვლევაში გაანალიზებულია დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართული აქტორები და მათი მოქმედების ტაქტიკაც. რუსეთი ისევ წარმოადგენს უცხოური გავლენის ოპერაციების მთავარ წამყვან ძალას, რომელიც კრემლთან დაკავშირებულ მედიასა და მრავალენოვან პროპაგანდისტულ ქსელებს იყენებს. ამასთანავე, აღნიშნულია ჩინური გავლენის და პროჩინური შინაარსის შეზღუდული, მაგრამ მზარდი გავრცელება. ანგარიში ხაზს უსვამს შიდა აქტორების მზარდ მობილიზებასაც, მათ შორის პოლიტიკური პარტიების, პროსამთავრობო მედიის და საჯარო დაფინანსების მქონე ციფრული პლატფორმების ჩართულობით“, - ნათქვამია "მედიის განვითარების ფონდის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს