გია ხუხაშვილი - საქმე უვიზო სტატუსის დაკარგვამდე აუცილებლად მივა, ევროკომისიამ რეგულაციების ამოქმედება ორ ეტაპად გაყო, რადგან ეს არის ბოლო შანსი, ვიღაცამ ჭკუა მოიხმოს - ყველაფერს აქვს საზღვარი, „ნამუსიც კარგი საქონელია“

ევროკომისიამ რეგულაციების ამოქმედება ორ ეტაპად გაყო იმიტომ, რომ ეს არის ერთგვარი ბოლო შანსი , - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, ხოლო მეორე ეტაპზე - შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს.

გია ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლება ამ ბოლო შანსს არ გამოიყენებს.

„დინამიკა ისეთია, რომ საქმე აქამდე [უვიზო სტატუსის დაკარგვამდე] აუცილებლად მივა. ირღვევა არა მხოლოდ ვალდებულებები, რაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აქვს აღებული ქვეყანას, არამედ ირღვევა საკუთრივ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაც, სადაც პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. ევროკავშირი გარკვეულ ფასეულობათა სისტემაზე, წესრიგზე დგას და როცა ამ წესრიგს არღვევს, რატომ უნდა გქონდეს პრეფერენციები კავშირში? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გინდათ ვიღაცის სახლში ცხოვრება და გეუბნებათ, რომ ჩემთან სახლში სიგარეტს არ ეწევიან და თქვენ ეუბნებით, რომ სულ ფეხებზე მკიდია, თუ მინდა მოვწევ და რასაც მინდა გავაკეთებ. სახლის პატრონის რეაქცია როგორი იქნება ამაზე? ასე, რომ ყველაფერი ბუნებრივია.

ევროკომისიამ რეგულაციების ამოქმედება ორ ეტაპად გაყო იმიტომ, რომ ეს არის ერთგვარი ბოლო შანსი იმისა, რომ ვიღაცამ ჭკუა მოიხმოს. მე რასაც ვაკვირდები, არ გამოიყენებენ ამ შანსს, რადგან ძალაუფლების შენარჩუნების მთელი მათი პოლიტიკა აგებულია ურაპატრიოტიზმზე, რუსულ ნარატივზე. ეს რომ დათმონ, რაზე უნდა დადგეს ეს ხელისუფლება? მათ ხომ მეტი არაფერი აქვთ.

ფაქტობრივად მთლიანად ინტეგრირებული ვართ[რუსეთთან}. ჩვენი კანონმდებლობა ინტეგრირებულია იმ თარგზე, რაც რუსეთშია. ადმინისტრირება ზუსტად იმავენაირად ხდება, სამოქალაქო საზოგადოება ნადგურდება ისე, როგორც რუსეთში, ეკონომიკური ექსპანსია მიმდინარეობს, მიგრაციული ექსპანსია მიმდინარეობს, ძირითადი ელექტრონული მედია რუსული შპარგალკებით მუშაობს. ამათ უნდათ, რომ თავი რუსეთში ჰქონდეთ და ერთი ადგილი ევროპაში გაითბონ, მაგრამ ბოლო-ბოლო ყველაფერს საზღვარი აქვს, ნამუსიც კარგი საქონელია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა