ყველა ცვლილება, რაც 8-წლიანი ეტაპის დასასრულს და ახლის დასაწყის უკავშირდება, მნიშვნელოვანია - იმედი მაქვს, ადვოკატები აირჩევენ პროფესიულ დამოუკიდებლობას, თვითმმართველობის შენარჩუნებას, იმ სოლიდურ როლს, რაც ადვოკატურას მართლმსაჯულების სისტემაში უკავია, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ასოციაციის თავმჯდომარეობის მეორე ტურის არჩევნები გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და სასიამოვნო ატმოსფეროში მიმდინარეობს.
„პირველმა ტურმა და არჩევნებმა მშვიდად, გამჭვირვალედ, ყოველგვარი საჩივრის თუ პროტესტის გარეშე ჩაიარა. დღესაც ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ადვოკატები ენთუზიაზმით მონაწილეობენ თვითმმართველობის არჩევნებში. მეორე ტურის არჩევნების პროცესი ასევე გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და გაგიკვირდებათ და, სასიამოვნო ატმოსფეროში მიმდინარეობს. საღამოს უკვე გვეცოდინება შედეგები. 19:00 საათზე დაიხურება და მოკლე დროში გვეცოდინება, ვინ იქნება ადვოკატთა ასოციაციის მომავალი თავმჯდომარე. აქტივობა კარგია. ყველა ცვლილება, რაც 8-წლიანი ეტაპის დასასრულს და ახლის დასაწყის უკავშირდება, მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ადვოკატები აირჩევენ პროფესიულ დამოუკიდებლობას, თვითმმართველობის შენარჩუნებას, იმ სოლიდურ როლს, რაც ადვოკატურას მართლმსაჯულების სისტემაში უკავია”, - განაცხადა დავით ასათიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი არიან.