მეუფე შიო - მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა

მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა... რომელიც მზად არის, უგალობოს, ადიდოს და მადლობდეს ღმერთს ყველა სიკეთისთვის…არასდროს დავიზაროთ მოუკლებელი ლოცვა. მაშინ, რა განსაცდელიც არ უნდა შეგვემთხვეს, ის ყოველთვის კეთილად დასრულდება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, ჩვენს ლოცვებშიც არის ეგოიზმის წილი, ზოგჯერ ჩვენს თხოვნებს ვურთავთ ხოლმე რაიმე დაპირებას.

„გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს; გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო სახარებისეული ამბავი უფალ იესო ქრისტეს მიერ ათი კეთროვნის განკურნების შესახებ (ლკ. 17, 12-19). როდესაც ამ ეპიზოდს ვკითხულობთ, მაცხოვრის შეკითხვაში ჩანს მისი დიდი სიკეთე, ამავე დროს კი, ისმის საყვედურიც: „გარნა ათნივე არ განიწმინდნენ? ცხრა სადღა არის?!“ - ნუთუ ეს ცხრა იმდენად გულქვა აღმოჩნდა, რომ სურვილიც კი არ გაუჩნდათ, მობრუნებულიყვნენ და მადლობა ეთქვათ მკურნალისთვის?! მაგრამ არც მობრუნდნენ და არც მადლობა უთქვამთ (ლკ. 17, 17).

რა ნაცნობია ეს ჩვენთვის! ჩვენც გვავიწყდება, თუ არ გვიყვარს, მადლიერების გამოხატვა. ეს ვლინდება ყოველდღიურობაშიც და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაშიც; ჩვენს ლოცვებშიც არის ეს ეგოიზმის წილი. ზოგჯერ ჩვენს თხოვნებს ვურთავთ ხოლმე რაიმე დაპირებას. მაგალითად, პარაკლისს გადავიხდი, ან ეკლესიას შევწირავ რამეს, ან გლახაკებს დავეხმარები და ასე შემდეგ, მაგრამ საკმარისია, განსაცდელმა გადაიაროს, ამ მწუხარებამ დაგვტოვეს, რომ ეს დაპირებები გვავიწყდება და იწყება ჩვეულებრივი ცხოვრება მადლიერებისა და ლოცვის გარეშე.

ლოცვის მნიშვნელობაზე ძალიან ბევრს წერენ წმინდა მამები. მაგალითად, როგორც გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი, ღმერთს ძლიერ სურს, მას მივმართავდეთ და ვევედრებოდეთ ყოველი საქმის გამო, მის გარეშე არც არაფერს ვაკეთებდეთ და არც ვამბობდეთ. როცა ადამიანებს ხშირად ვაწუხებთ ჩვენი თხოვნებით, ჩვენი საქმეებით, ისინი ღიზიანდებიან, გაგვირბიან, უსიამოვნო განწყობა ექმნებათ ჩვენ მიმართ. უფალი, პირიქით, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - მაშინ კი არ რისხდება, როცა ხშირად მივმართავთ მას, არამედ, პირიქით, სწორედ მაშინ გვიწყრება, როცა ამას არ ვაკეთებთ. ეს არის მოსიყვარულე გულის თვისება; მას სურს, მისი საყვარელი ადამიანი ხშირად მიმართავდეს, მის გარეშე არაფერს აკეთებდეს და არაფერს ამბობდეს.როგორც იცით, სავედრებელ ლოცვებთან ერთად არსებობს სამადლობელი ლოცვებიც. დღეს სწორედ მადლიერების მნიშვნელობაზეა სახარება. მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა, რომელიც ხსნის ადამიანის გულში მის უსაზღვრო სიღრმეს, აღსარების, აღიარების სიღრმეს, რომელიც მზად არის, უგალობოს, ადიდოს და მადლობდეს ღმერთს ყველა იმ სიკეთისთვის, როგორც ნათქვამია წმინდა ლიტურგიის ევქარისტიულ კანონში: „რომელიც ვუწყით, რომელიც არა ვუწყით, საჩინოთა და უჩინოთა, ქველისმოქმედებათა ჩვენდა მომართ ქმნილთა“.

მაშასადამე, საოცარია უფლის ეს შეკითხვა: „განა ათნივე არ განიკურნენ? ცხრა სადღა არის?“. ნუთუ ისინი ისეთი გულქვანი აღმოჩნდნენ, რომ არ გასჩენიათ სურვილი, მობრუნებულიყვნენ, მადლობა გადაეხადათ და ედიდებინათ უფალი, როგორც ეს გააკეთა მხოლოდ ერთმა მათგანმა, ისიც უცხოტომელმა, რომელიც მობრუნდა, დაუჩოქა უფალს, ხმამაღლა მადლობდა და ადიდებდა მას (ლკ. 17, 15-19). ეს ერთი ადამიანი მუდმივად დარჩება, ძვირფასო ძმებო და დებო, ადამიანური კეთილშობილების, ადამიანური მადლიერების სიმბოლოდ და მაგალითად.

ამრიგად, არასდროს დავიზაროთ მოუკლებელი ლოცვა. მაშინ, რა განსაცდელიც არ უნდა შეგვემთხვეს, ის ყოველთვის კეთილად დასრულდება და ჩვენს სავედრებელ ლოცვებთან ერთად არ დაგვავიწყდეს, დიდება და მადლობა შევწიროთ ჩვენს ზეციერ მამას, რომლის წყალობაც და მოწყალებაც, მიუხედავად ჩვენი მერყეობისა, უცვლელი რჩება; და რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის