ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი - არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება, - ამის შესახებ დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
ჭიჭინაძის განცხადებით, „ერთადერთი მისაღები გამოსავალი არის ის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება, როგორსაც მიიღებდა დამოუკიდებელი სასამართლო.“
„როგორც ჩანს, რამდენიმე თვის წინ გასაგებად ვერ გადმომიცია ჩემი სათქმელი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მეტჯერ ამ საკითხს აღარ დავუბრუნდები.
ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი — არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება.
არ მინდოდა ამაზე ხაზგასმა, მაგრამ, როგორც ჩანს, საჭიროა - რამდენიმე დღის წინ არც უდოს შემოთავაზებაზე მოვაწერე ხელი და ვთქვი უარი.
ერთადერთი ჩემთვის მისაღები გამოსავალი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება, როგორსაც მიიღებდა დამოუკიდებელი სასამართლო.
ის ხალხი კი, ვინც ქალის მიმართ დევნას ამართლებთ და უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვებას პირდაპირ ითხოვდით, თავდებობით თავს ნუ შეიწუხებთ“, - ნათქვამია ანდრო ჭიჭინაძის განცხადებაში.
ცნობისთვის, ანდრო ჭიჭინაძეს ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.