უვიზო მიმოსვლის შეჩერება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებისთვის ძალიან ბევრ ადამიანს შეეხება და სიგნალი უნდა იყოს დანარჩენი მოქალაქეებისთვის - თუ აქამდე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დისკომფორტი რიგ ევროკავშირის ქვეყნებში ხვდებოდათ და სხვაგან შეეძლოთ შესვლა, თუ ევროპული საბჭო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას ვეღარ შეძლებენ,- ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, ხოლო მეორე ეტაპზე - შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს.
როგორც გიორგი რუხაძემ აღნიშნა, ეროვნულ ხელისუფლებებს გამონაკლისის უფლება არ ექნება, რომ არ დაემორჩილონ ამ რეგულაციას.
„აქამდე არსებობდა ევროპული რეკომენდაცია, რომელიც ევროპის წევრ დედაქალაქებს აძლევდა უფლებას სურვილის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის აეკრძალათ ქვეყანაში შესვლა. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, თუ გერმანია გადაწყვეტდა, რომ დაესანქცირებინა წრე, შეეძლოთ ინდივიდუალურად აეკრძალათ დიპლომატიური პასტორის მქონეთათვის გერმანიაში შესვლა, თუმცა ეს მათ არ უკრძალავდათ უნგრეთში ან იტალიაში შესვლას, თუ ის ქვეყანა არ დაეთანხმებოდა ამ წესს. ამ შემთხვევაში, მთლიანად ევროპაზე იმოქმედებს, ეროვნულ ხელისუფლებებს გამონაკლისის უფლება არ ექნება, რომ არ დაემორჩილონ ამ რეგულაციას.
ის, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დისკომფორტი ხვდებოდათ რიგ ევროკავშირის ქვეყნებში და სხვაგან შეეძლოთ შესვლა, თუ ევროპული საბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ამას ვეღარ შეძლებენ. ბლანკეტური იქნება, ძალიან ბევრ ადამიანს შეეხება. სიგნალი უნდა იყოს ეს დანარჩენი მოქალაქეებისთვის.
ევროკომისიის ანგარიში არსებობს, რომელზე დაყრდნობაც შეიძლება. უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი ახალი მიღებულია და ძალაში შევა 30 დეკემბერს. 2026 წლის იანვრიდან ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, კიდევ ერთხელ არის მოწოდება რეკომენდაციების შესრულებაზე, რათა უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდეს. უკვე აქვს მსგავსი გაფრთხილება გაცემული ევროკავშირს აგვისტოში, იმის შემდეგ ამ ანგარიშშიც არის ასახული რომ არაფერია გაკეთებული.
რამდენიმეთვიან პერსპექტივაში შესაძლებელია, რომ თუ პოლიტიკური ნება იქნება საბჭოში შეჩერდეს უვიზო მთლიანად ქვეყანასთან მიმართებაში. თვალი უნდა გავუსწოროთ და ევროკავშირშიც ძალიან კარგად იციან, რომ „ქართული ოცნება“ არაფრის გამკეთებელი არ არის. შეეძლო „ქართულ ოცნებას“ აქამდე არ მიეყვანა ვითარება, ბევრი არაფერი იყო საჭირო. მარტო ევროკავშირს კი არ უთხრა ფეხებზე მკიდიხართ, საკუთარ მოსახლეობას უთხრა ფეხებზე მკიდიხართო, ჩემ ძალაუფლებას ცოტა რაიმე რომ მოვაკლო არ მიღირს იმისთვის, თქვენ უვიზო მიმოსვლა შეგინარჩუნოთო“, - აღნიშნა რუხაძემ.