ირაკლი მელაშვილი - როდის დაიწყება დიდი შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში?!
მზადდება თუ არა აქციებზე დაკავებულების შეწყალება - “უცნობის” მოწოდება და პრეზიდენტ ყაველაშვილის მინიშნებები
გია ხუხაშვილი - “პოლიტიკური ლოგიკით, არჩევნები მომავალ წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა...”
ახალი ანგარიში - ევროკომისია უვიზო მიმოსვლის სრულ შეჩერებასაც უშვებს
დავით ზურაბიშვილი - “მე უფრო “დაუსრულებელ საშინელებას” ველოდები”
* * *
ირაკლი მელაშვილი - როდის დაიწყება დიდი შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში?!
“2008 წლის ომის შემდეგ 2025 წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი გამოდგა - საქართველომ მოახერხა და გაიფუჭა საგარეო ურთიერთობები ყველა პარტნიორ ქვეყანასთან. დაძაბულობა შეიმჩნევა ჩვენს უახლოეს მეზობლებთან, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთთან ურთიერთობაში ბოლო დროს გამოიკვეთა. მეორე და დიდი უბედურება ის არის, რომ ეს წელი დაახლოებით 150 პოლიტპატიმრის გაჩენის წელია. საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული არასოდეს გვყოლია ამდენი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანი. იმ დღეს ვკითხულობდი პრეზიდენტად მომუშავე მიხეილ ყაველაშვილის არა მარტო უცნაურ, უსინდისო განცხადებებს პოლიტპატიმრებზე. ადამიანი, რომელიც სრულიად შემთხვევით მოხვდა ძალაუფლებაში და ახლა ამით ტკბება, რაღაც ისეთი ზემდგომი ტონით ამბობს, ჯერ აღიარონ და მერე ვიფიქრებ, შევიწყალო თუ არაო, თითქოს მართლა თვითონ შეეძლოს რამის გადაწყვეტა”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როდის დაიწყება დიდი შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში?!
“მესამე, რა თქმა უნდა, არის ის შეუპოვრობა, რომლითაც მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას. არც ხელისუფლება, არც ჩვენი მეგობრები ქვეყნის გარეთ, არავინ ელოდა, რომ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდებოდა აქციები. ხელისუფლებამ ვერანაირი რეპრესიული კანონებით ვერ შეძლო მისი შეჩერება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი, რაც ბოლო დღეებში მათი განცხადებებით დასტურდება, ყოფილა “დიპ სტეიტთან” ბრძოლა. ამას ამბობენ დეპუტატები, პოლიტიკური თანამდებობის პირები. ჩემი აზრით, ეს ფსიქიატრიული მიმართულების განცხადებებია - პოლიტიკური თანამდებობის პირები თუ ფიქრობენ, რომ მთავრობის ამოცანა წარმოსახვით “დიპ სტეიტთან” ბრძოლაა და არა ის, რომ ამ ქვეყანას მეტი მეგობარი, მხარდამჭერი ჰყავდეს, მართლაც შავ დღეში ვყოფილვართ. ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ, რა არის მთავრობის დანიშნულება. მიუხედავად ამისა, არ მაქვს იმედი, რომ მომავალ წელს სიტუაცია გამოსწორდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“პოზიტიური მოლოდინი უფრო იმას უკავშირდება, რომ ბევრად დასუსტდება რუსეთი, უკრაინაში ომი დასრულდება ისე, რომ რუსეთი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს და ამან შეიძლება გამოიწვიოს შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში. ამ საგარეო ფაქტორების ერთობლიობამ უფრო შეიძლება შეცვალოს საქართველოში პროცესები, ვიდრე იმან, რომ ხელისუფლება ჭკუაზე მოვა და გონივრული პოლიტიკის გატარებას დაიწყებს. საქართველო ახლა ამოვარდნილია დასავლური სამყაროს დღის წესრიგიდან. ჯერ მიშვებული ჰყავთ საქართველოს მთავრობა. მნიშვნელოვანია, დაიწყება თუ არა გამოძიება იმ ფაქტზე, რაც BBჩ-ის ფილმში ვნახეთ. ეს ხელისუფლების პრობლემაა, მიუხედავად იმისა, რომ თქვეს, გამოძიება დასრულებულია, სუს-მა გამოიძია ყველაფერი და არაფერიც არ მომხდარაო. თუმცა ყველაფერი იმდენად თეთრი ძაფით იყო ნაკერი, რომ მათი მომხრეებიც კი გააოცა სუს-ის გამოძიებამ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რას გადაწყვეტს ამაზე ევროკავშირი, შესაძლოა მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდეს ქვეყნისთვის და უპირველესად მთავრობისთვის. სამწუხაროდ, მომავალი წლისთვის კარგს ვერაფერს ვხედავ საქართველოსთვის. არ მჯერა, რომ ხელისუფლებას გონება გაუნათდება და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. რომც დანიშნოს, ოპოზიცია ისეთ მდგომარეობაშია, მაინცდამაინც დიდი შედეგის მიღწევის შესაძლებლობასაც ვერ ვხედავ. თუ გააქტიურდება პარტიების გაუქმების საკითხი, შეიძლება ეს უარესიც იყოს ხელისუფლებისთვის, რადგან 13 წლის განმავლობაში საფრთხობელად ჰყავდათ `ნაცმოძრაობა~. თუ გააუქმებენ, მაშინ ეს საფრთხობელა აღარ იარსებებს. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ხელისუფლება რას იზამს, არამედ ის, რომ საქართველოში შეიქმნას ალტერნატივა, გაჩნდეს პოლიტიკური ძალები, რომლებიც რეალურად ისაუბრებენ მოსახლეობის პრობლემებზე და არ ექნებათ ასეთი დამოკიდებულება, რა დროს მოსახლეობის პრობლემებია, აგერ, ევროინტეგრაცია შეჩერებულია, ვიზალიბერალიზაციას ვკარგავთო და ა.შ.” - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“თუ ოპოზიცია არ შემოტრიალდა საზოგადოებისკენ და არ დაიწყო საუბარი მის პრობლემებზე და არ აჩვენა ხალხს, რომ ხელისუფლების შეცვლა მდგომარეობის გაუარესებას კი არა, გაუმჯობესებას მოიტანს, და არ გაითვალისწინა ამ წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომები, მაშინ არაფერი შეიცვლება. ვიცი, ბევრი ფიქრობს, რომ ცვლილებებია საჭირო. ოპოზიციაში ბევრი ცდილობს რაღაცები დაალაგოს და შეკრიბოს ხალხი, რომელიც უპირველესად ჩამოაყალიბებს იმ ალტერნატიულ ხედვებს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოებაში იმედი გაჩნდეს. მაგრამ ვიმეორებ - ეს ძალიან რთული პროცესია, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოუწევს ყველას ბრძოლა ხელისუფლების წნეხის გამო. მართლა ხომ არ გვჯერა, რომ ხელისუფლება მხოლოდ “ნაცებს” ებრძვის, ის ებრძვის ნებისმიერ ოპოზიციურ აზრს, რომელმაც შეიძლება ხელისუფლება შეცვალოს და ცდილობს დაასუსტოს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება პრეტენზია და შანსი ხელისუფლების შეცვლისა”, - განმარტავს ირაკლი მელაშვილი.
“ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საგარეო ფაქტორზე, იმაზეც, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება. ბოლო თვეებში ჩანს ნიშნები, რომ ეკონომიკაში არის გარკვეული სტაგნაცია და შემოსავლების შემცირება. მაგრამ შეუძლებელია ამ ტიპის ხელისუფლების პირობებში რაიმეს პროგნოზირება. უბრალოდ, გადაწყვეტილებები შეიძლება იქნეს მიღებული იმის გამო, რომ დღეს ვიღაც კარგ ხასიათზე ადგა, ან ვიღაცამ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, ან ვიღაცამ ცუდი თუ კარგი სიზმარი ნახა. არანაირი ლოგიკა არ არის იმაში, რომ საქართველო მთელ ცივილიზებულ სამყაროს წაეჩხუბა, გაიფუჭა ურთიერთობა ყველა მეზობელთან ამა თუ იმ ფორმით. ამის არანაირი ობიექტური რეალობა არ არსებობდა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის აღდგენისთვის ჩვენ გამოვსულიყავით ხელის შემშლელი ფაქტორი და ამითი დაგეძაბა ურთიერთობა ერთთანაც და მეორესთან, მაგრამ ეს მაინც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. ამიტომ ახლა რაიმე სერიოზული ანალიზი, თუ რას იზამს ეს ხალხი, სრულიად წარმოუდგენელია...” - დასძენს მელაშვილი.
მზადდება თუ არა აქციებზე დაკავებულების შეწყალება - “უცნობის” მოწოდება და პრეზიდენტ ყაველაშვილის მინიშნებები
“მომღერალი “უცნობი” მთავრობას და საპატრიარქოს მიმართავს, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებულები გაათავისუფლოს და ფაქტობრივად თავდებშიც კი უდგება მათ. ამას დროში დაემთხვა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაც, რომ მას “გამოკეტილ ახალგაზრდებზე გული სტკივა”. ეს ყველაფერი კი ანალიტიკოსებს აფიქრებინებთ, რომ შესაძლოა “ქართული ოცნება” წინასაახალწლოდ აქციებზე დაკავებულების ამნისტიას გეგმავს. გია გაჩეჩილაძემ ეს თხოვნა საკუთარ გადაცემაში საკმაოდ ემოციურად გააჟღერა. იგი კონკრეტულად ახსენებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც “ამ შეტევაში მონაწილეობდნენ და არა პოლიტიკოსებს”. მისი თქმით, იქნებ “სიკეთე მაინც დაინახონ” და თუ “თავიანთ შეცდომას არ აღიარებენ, რაღაცნაირად სიკეთით ვუპასუხოთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მზადდება თუ არა აქციებზე დაკავებულების შეწყალება - “უცნობის” მოწოდება და პრეზიდენტ ყაველაშვილის მინიშნებები.
“მე ვიქნები პასუხისმგებელი პირადად იმისი, რომ თუ ამ ადამიანებმა ისევ იგივე დანაშაული ჩაიდინეს, რაც ჩაიდინეს და თუ ჩაიდინეს კიდევ, მე აბსოლუტურად ყველანაირად მზად ვარ, რომ ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ვიკისრო და გააკეთონ მაშინ ის, რომ მეც დამაყენონ დარტყმის ქვეშ და თავიანთი თავებიც დაიყენონ კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, მაგათ მეორედ უკვე აღარავინ აპატიებს”, - ამბობს “უცნობი”. რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილის მინიშნებას, მისი თქმით, ახალგაზრდები ევრობიუროკრატიამ გამოკეტა ციოხეში და ამაზე გული სტკივა. “როგორც ქართველს, გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ. ჩვენ არ გვყავს ის ადამიანები გამოკეტილი ციხეში, ამ ადამიანებს ჰყავთ გამოკეტილი. ერთმა არ გაბედოს და არ გაიაზროს, რა შეცდომაში იყო შესული, იმდენად ჰყავთ იზოლირებული”, - განაცხადა ყაველაშვილმა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ შესაძლოა მმართველი პარტია აქციებზე დაკავებულების წინასაახალწლო შეწყალებას მართლაც გეგმავდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გია გაჩეჩილაძე ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირად მოიაზრება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ბატონი გია გაჩეჩილაძის ურთიერთობები ხელისუფლებასთან, ალბათ მზადდება ნიადაგი საზოგადოებრივი აზრის შესამზადებლად, რომ ეს ახალგზარდები პრეზიდენტმა შეიწყალოს. თუმცა იმისთვის, რომ შეიწყალონ, ალბათ საკუთარი დანაშაული უნდა აღიარონ, რამდენადაც ვიცი ასეა. რა ინფორმაციაც მაქვს (დაპატიმრებულთა გამონათქვამებს ვეყრდნობი), ისინი არ აპირებენ პრეზიდენტის შეწყალების მიღებას. ასე ციხიდან თუ თავისუფლდებიან, როგორც უკანონოდ დაპატიმრებულები, ეს ფაქტიურად ხელისუფლებაზე ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და მორალურ დარტყმას ნიშნავს. გამოდის, რომ ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანები ტყუილად დააპატიმრა. მიიღებს ამას თვითონ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი და მთლიანად საზოგადოება? ეს შეიძლება ევროკავშირში მოეწონოთ და ხელისუფლების მხრიდან მათი ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულებად ჩათვალონ, მაგრამ რამდენად იქნება ეს საქართველოსა და კოლექტიურ დასავლეთის ურთიერთობებში შემობრუნების წერტილი, ახლა ამის თქმა რთულია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“შესაძლოა ხელისუფლებაში მართლაც ფიქრობდნენ, რომ ამ ჟესტით ევროკავშირის გულს მოიგებდნენ და ამისთვის ნიადაგი მზადდებოდეს. შესაძლოა ევროკავშირში დადებითად აღიქვან, მაგრამ “ოცნების” ამომრჩევებში არცთუ ისე დადებითად... ეს შემოვლითი გზები და “უცნობის” ჩართვა არ ვიცი რამდენად იქნება “ოცნების” ამომრჩევლისთვის დამაჯერებელი არგუმენტი, ვფიქრობ, ბევრი ამას ვერ გაიგებს. ან “უცნობს” როგორ შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს ამ ახალგაზრდებზე, ან ის ახალგაზრდები ამაზე თანახმა იქნებიან? რაღაც უცნაურ სიტუაციაში ვვარდებით, მაგრამ რაც ახლა ხდება, შეიძლება მიანიშნებდეს, რომ “ოცნება” ამ ნაბიჯის გადასადგმელად ემზადებოდეს. თარიღების დამთხვევაც გასაგებია, რომ ეს ხალხი ახალ წელს სახლში შეხვდნეს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს იქნება სიგნალი ევროკავშირისთვის 19 დეკემბრის ანგარიშის მერე, სადაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით დაემუქრნენ”, - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.
გია ხუხაშვილი - “პოლიტიკური ლოგიკით, არჩევნები მომავალ წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა...”
“ეს წელი, შეიძლება ითქვას, ძალიან მძიმე იყო. ფაქტობრივად, ხელისუფლება მთელი წლის განმავლობაში პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმშია - ის თვითონ სდებს ბრალს საზოგადოების კრიტიკულად განწყობილ ნაწილს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და სინამდვილეში თვითონ უწყობს ერთგვარ პერმანენტულ გადატრიალებას იმით, რომ ყოველდღიურად არღვევს კონსტიტუციას, რომელიც ხელისუფლებისგან ითხოვს მაქსიმალურ ძალისხმევას ევროპულ სტრუქტურებსა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრების დასაჩქარებლად, ხელისუფლება კი უკვე შეუქცევად ხასიათს აძლევს ქვეყნის იზოლაციის პროცესს. ეს წელი აღსანიშნავი იყო იმითაც, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ავტორიტარიზმიდან დიქტატურის ფაზაში გადავიდა, პოლიტიკურმა დევნამ ლეგალური ხასიათი მიიღო. კანონმდებლობით მყარდება ერთპარტიული სისტემა, რომელიც გამორიცხავს ალტერნატიულ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქტივობას”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პოლიტიკური ლოგიკით, არჩევნები მომავალ წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა...”
“მე პროგნოზებისგან თავს შევიკავებდი, რადგან დღეს სერიოზული პოლიტიკური ალტერნატივა არ ჩანს. ამასთან, ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს მოვლენების შემდგომ განვითარებაზე გავლენას. ეს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკასაც უკავშირდება. უნდა გვესმოდეს, რომ ამ დიდ გლობალურ პროცესში, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, ჯერ ბევრი რამ ბუნდოვანია და ვფიქრობ, ეს საქართველოზეც დიდ გავლენას ახდენს. როგორც დალაგდება ყველაფერი იქ, ალბათ, სინქრონულად დალაგდება საქართველოშიც. თუმცა, ბუნებრივია, შიდაპოლიტიკური პროცესის გამოცოცხლებაც საჭიროა, აქ კი უფრო სერიოზული პრობლემები გვაქვს. რეალური ძალა, რომ ამ პოლიტიკურ ომში დაუპირისპირდეს ხელისუფლებას, არ ჩანს. ომი ხომ მაინც რესურსებით იზომება? პროტესტი, რომელიც ძალიან მასშტაბურია, ძალიან დაქსაქსულია სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფში. ბევრჯერ მითქვამს, ნებისმიერ ომში არმიას გამარჯვებისთვის სარდლობა სჭირდება. ვიღაცამ უნდა გააერთიანოს ეს დაქსაქსული ჯგუფები, უნდა მოახდინოს ამის კაპიტალიზაცია და აი, ეს მხარე არ ჩანს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“არ ჩანს ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ეს დიდი ენერგია კალაპოტში მოაქციოს. ხელისუფლების ამოცანაა, პირიქით, რაც შეიძლება მეტად დააქუცმაცოს ეს ყველაფერი და სამზარეულოებში შერეკოს. პარტიების აკრძალვის საკითხი ჯერ გამოკიდებულია ერთგვარ სავაჭრო თემად. თუმცა გამორიცხული არ არის, იმიტომ, რომ ხელისუფლების ამოცანაა ე.წ. სუვერენული დემოკრატიის, რუსული ტიპის სუვერენული დემოკრატიის დამკვიდრება, რომელიც არ გულისხმობს რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივას, რომელიც გულისხმობს მხოლოდ დომინანტურ პარტიას და მის სატელიტ ოპოზიციას ანუ ხელის ოპოზიციას. ხელისუფლებას ბუნებრივია, არ აწყობს ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ არიან მართულები. არ არის აუცილებელი მხოლოდ პარტიების გაუქმება, ვიღაცას მოისყიდიან, ვიღაცას დააშანტაჟებენ და ა.შ.” - განაგრძობს რესპონდენტი.
“ალბათობა იმისა, რომ “ნაცმოძრაობას” და “ახალს” გააუქმებენ, საკმაოდ დიდია. რაც შეეხება “ლელოს”, შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს შეუნარჩუნონ სახე და ამ პარტიასთან დაკავშირებით რაღაც სხვა გადაწყვეტილება მიიღონ, ან სულაც არ მიიღონ. ყველაფერი თანდათან გამოჩნდება, თანაც პარალელურად, როგორც გითხარით, საგარეო პროცესი მიდის და შესაბამისად, ეს ყველაფერი შეიძლება ვაჭრობის საგანიც გახდეს, იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეს დიდი გლობალური პროცესი. რიტორიკა, რომ ტრამპი “დიპ სტეიტს” ვერ ამარცხებს მოსალოდნელი იყო, რადგან ეს, ასე ვთქვათ, თავის დაზღვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს რაღაცნაირად გამოასწოროს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, რათა ტრამპმა, ბოლოს და ბოლოს თქვას, კი ბატონო, ესენი მამაძაღლები არიან, მაგრამ იყვნენ, ჯანდაბას, ჩემი მამაძაღლები არიანო. მაგრამ, როგორც ჩანს, იქ არ მიდის საქმე იმდენად ოპტიმისტურად ამათთვის და თავს იზღვევენ, აი, ტრამპიც დაამარცხა “დიპ სტეიტმაო”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
“პოლიტიკური ლოგიკით აუცილებლად უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ორივე შემთხვევაში. რა არის ეს ორივე შემთხვევა? - ჩვენ ვბრუნდებით რუსეთის იმპერიაში, ან ქვეყანა უბრუნდება ევროპული განვითარების გზას. ორივე შემთხვევაში არჩევნები გარდაუვალია, იმიტომ, რომ თუ რუსეთის იმპერიაში ვბრუნდებით, მაშინ 78-ე მუხლი კონსტიტუციიდან ამოსაღებია და დღევანდელ კოჭლ პარლამენტს ამის შესაძლებლობა არა აქვს. შესაბამისად, იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, ხელისუფლებას სჭირდება აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება პარლამენტში და ამას თავისთავად სჭირდება არჩევნები. მეორე მხრივ, თუ ვუბრუნდებით ევროპულ გზას, ევროპული გაგებით ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და შესაბამისად, ლეგიტიმაციის დასაბრუნებლად სჭირდება არჩევნები. ასე რომ, ორივე ამ პოლიტიკური ლოგიკით არჩევნები მომავალ წელს უნდა ჩატარდეს. თუმცა საქართველოში ყველაფერი არ ხდება პოლიტიკური ლოგიკით და ანომალიები საკმაოდ ხშირია”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “დავუშვათ, ჩატარდა. ოპოზიცია ან საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების მოწინააღმდეგეა, მზად არის ამ არჩევნებისთვის?” - პასუხობს:
“მზად რომ არ არის, ვიცით. ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის არათუ განახლება, ჩვენ გვჭირდება საერთო აფგრეიდი, ანუ სისტემური გადატვირთვა ოპოზიციაში. ვფიქრობ, უნდა გაიხსნას სივრცე ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის. ახლებურად მოაზროვნე ახალი ლიდერები გვჭირდება და რაც მთავარია, ნაკლებად კომპრომეტირებული”.
ახალი ანგარიში - ევროკომისია უვიზო მიმოსვლის სრულ შეჩერებასაც უშვებს
“ევროკომისია ისევ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბრობს და საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკის შეცვლას ელის. თუმცა, მათ ანგარიშში რაიმე თარიღები და ვადები დასახელებული არაა. ანალიტიკოსთა შეფასებით, მთავარი საიხლე ისაა, რომ თუკი ადრე ევროპელი პოლიტიკოსები ოფიციალურ განცხადებებში ამბობდნენ, რომ შეეცდებოდნენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით საქართველოს მთელი მოსახლეობა არ დაზარალებულიყო, ახლა ევროკომისიის ანგარიში ამას პირდაპირ უშვებენ. ევროკომისიის ახალი ანგარიშშის თანახმად, საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი - პირველ ეტაპზე ეს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონეებს შეეხოთ, მეორე ეტაპი კი მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება და ეს იქნება იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ამა წლის 30 დეკემბერს შედის ძალაში. “ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი უვიზოს შეწყვეტის საფრთხეს იყენებს როგორც შანტაჟის მექანიზმს და საბოლოოდ ამ ნაბიჯზე არ წავა, რადგანაც მაშინ შანტაჟის ერთადერთ მექანიზმსაც დაკარგავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროკომისია უვიზო მიმოსვლის სრულ შეჩერებასაც უშვებს - ახალი ანგარიში, ანალიტიკოსთა შეფასებები და პროგნოზები.
“ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ თუ “ოცნება” პოლიტიკას არ შეცვლის, ევროკავშირი საბოლოოდ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეც წავა. ანალიტიკოსთა შეფასებით, თუ “ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკა არ შეიცვლება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება სავსებით რეალურია, მათ შორის საქართველოს მთელი მოსახლეობისათვის, რადგანაც “ისინი ხალხზეც არიან ნაწყენი”. ანგარიშში ასევე წერია, რომ “საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების ბაზისს ქმნის”. აღნიშნულია, რომ 2025 წლის 14 ივლისს ევროკომისიამ ფორმალური წერილი გაუგზავნა საქართველოს მთავრობას, რომელშიც აღნიშნული იყო ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების გაგრძელება და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებაზე მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, თუმცა, ევროკომისიამ საქართველოსგან მისი რეკომენდაციების შესრულებაზე რაიმე არსებითი პროგრესის შესახებ ვერ შეიტყო. უმეტეს შემთხვევებში კორექტირების შემტანი ზომები არ იქნა მიღებული, ხოლო რამდენიმე სხვაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ევროკომისიის შეშფოთება საქართველოში მიღებულ რამდენიმე საკანონმდებლო აქტს უკავშირდება, კერძოდ: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის კანონს, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტსა და შესწორებებს, რომლებიც შეტანილ იქნა გრანტების შესახებ კანონში, მოქალაქეთა პოლიტიკური შეკრების კანონში, ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსში, მაუწყებლობის კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში. ევროკომისიის თქმით, აღნიშნული კანონები და შესწორებები ზღუდავენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს. ხოლო საქართველოს მთავრობამ, შესწორებების ნაცვლად, ამ ზომების ღიად დაცვა დაიწყო ეროვნული სუვერენიტეტის წამოწევით და უგულებელყო ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული ვალდებულებები”, - განაგრძობს გამოცემა.
“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ თუ „ოცნებამ” არსებული პოლიტიკა გააგრძელა, საბოლოოდ შეიძლება ევრობლოკი შეზღუდვის მეორე ეტაპსაც მიადგეს და უფრო შორსაც წავიდეს. “დემოკრატიულ სამყაროში გადაწყვეტილებების ასე სასწრაფოდ არ იღებენ. საკუთარ პროცედურის მიხედვით მიჰყვებიან არათუ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, არამედ უკრაინის საკითხზეც. რუსეთს ყველა სანქცია ერთ დღეში კი არ დაუწესეს... ხელისუფლებას, სახელმწიფოს, თუ პიროვნებას შანსს ყოველთვის უტოვებენ, რომ პრობლემის მოგვარება რაც შეიძლება უმტკივნეულოდ შეძლოს. თუ “ოცნებამ” პოლიტიკა არ შეცვალა, სანქცია იქნება ხელისუფლების წარმომადგენლებზე და შემდეგ, სამწუხაროდ, შესაძლოა მთლიან მოსახლეობაზე”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის თქმით, “თუ “ოცნებამ” ყოველ მეორე სიტყვაზე კვლავ ჩვენი პარტნიორები ლანძღა, ისინი უფრო მკვეთრ ზომებს მიიღებენ”, - დასძენს გამოცემა.
“შესაძლოა უფრო შორსაც წავიდნენ და ამაზედაც საფიქრალი აქვს ხელისუფლებას, რომ ეს შეიძლება შეეხოს გადარიცხვებს, ჩვენს არალეგალებს, რომლებიც დასავლეთში მუშაობენ და ერთ დღეს შესაძლოა დეპორტირდნენ. 2025 წლის მონაცემებით, ქვეყანაში დასავლეთიდან თითქმის 2 მილიარდი დოლარი შემოვიდა და ეს იქნება არა მხოლოდ დეპორტაცია, არამედ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ძალიან მკვეთრი გაუარესება... ამას შანტაჟთან არანაირი კავშირი არ აქვს - ვიზალიბერალიზაცია მთელს მსოფლიოს რომ ჰქონდეს, მარტო საქართველო ამოარჩიონ და უარი უთხრან, მაშინ იქნება ეს შანტაჟი და ახლა რა შანტაჟზეა ლაპარაკი?! თან შავ დღეში ვაყენებთ, თან მოვითხოვთ ვიზალიბერალიზაცია არ შეგვიჩეროთო - არ ვიცი რა დონეა... ჯერ იყო გაფრთხილებები; შემდეგ ის, რომ ცალკეული პირებისთვის იქნებოდა, მერე ნელ-ნელა მათი ტონი უფრო მკაცრდებოდა და უკვე მივაღწიეთ იმ ზღვარს, როცა ითქვა, რომ უკვე მოსახლეობასაც შეეხება. ლოგიკურია და დასავლეთი ასე იღებს გადაწყვეტილებას”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ შეიძლება ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის სრულ შეჩერებაზე წავიდეს. “შეიძლება წავიდეს. ვერ წარმომიდგენია უცებ ჩვენმა ხელისუფლებამ ევროკავშირის მოთხოვნების გამო ანტიეროვნული და ქვეყნისთვის მავნე ზომების მიღება დაიწყოს, თან ძალიან არ მოსწონთ მთავრობის კრიტიკული გამოსვლები. ევროკავშირის ელიტები ნაწყენი არიან არა მთავრობაზე, არამედ ქართველ ხალხზე. როდესაც 17 მაისს მთელი ევროპა ლგბტ თავისუფლებას აღნიშნავს, ქართველები ოჯახის სიწმინიდის დღეს არა მთავრობის ორგანიზებით, არამედ მასობრივად აღნიშნავენ. ისე არ ყოფილა, ჩვენ რომ გვეგონაო, თურმე ენთუზიამით იღებენ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდგ კანონსო. ხალხზე ამას ტრიბუნებიდან პირდაპირ არ ამბობენ. საბოლოო ჯამში, გამორიცხული არაა შეზღუდვა ხალხს შეეხოს”, - თვლის მამრაძე, რომლის თქმით, “ხალხი დაინახავს რას წარმოადგენს ევრობიუროკრატია და როგორი ანტიევრიპულია”, - წერს სტატიის ავტორი.
დავით ზურაბიშვილი - “მე უფრო “დაუსრულებელ საშინელებას” ველოდები”
“ერთი წლის განმავლობაში ასეთი უწყვეტი პროტესტი ნიშნავს, რომ ხალხში საპროტესტო განწყობა ძალიან ძლიერია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციური სპექტრი ამ უკმაყოფილებას ვერ პასუხობს. შედეგად მივიღეთ ის, რომ ხელისუფლება დღეს იმაზე მეტად კონსოლიდირებულია, ვიდრე ოდესმე. ხელისუფლებამ მკაფიო უარი თქვა ევროკავშირზე, მაგრამ რა სივრცეში მოიაზრებენ თავს, ამასაც ჯერ ვერ გვეუბნებიან. თუმცა, თუ აშხაბადში და იმ ლიდერების გარემოცვაში წყდება ჩვენი ბედი, როგორც ბატონმა ვოლსკიმ გვითხრა, პრინციპში გასაგებიცაა, რა სივრცეზეც არის ლაპარაკი - თუ ევროპაში არა ვართ, ესე იგი, ვართ რუსეთის, გლობალური სამხრეთის, ცენტრალური აზიისა და ირანის სივრცეში. როგორც ჩანს, ხელისუფლება ცდილობს ევროინტეგრაციაზე უარი ამ ქვეყნებით დააკომპენსიროს. იმედი აქვთ, რომ ფულს აღმოსავლეთში იშოვიან”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე უფრო “დაუსრულებელ საშინელებას” ველოდები”.
“რადგან დასავლეთი მათ გზას უკეტავს, ფიქრობენ, რომ დასავლეთს ჩვენი ტრანზიტი იმდენად სჭირდება, ადრე თუ გვიან, მოუწევთ ივანიშვილთან გარიგება... საუკეთესო შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის ეს იქნება გაფორმებული დიქტატურა, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას პატრონი და მყვარებელი აღარ ეყოლება და ხელისუფლება რასაც მოინდომებს, იმას გააკეთებს... ეს ერთი ვარიანტი, მეორე - და მე უფრო ამ მეორე ვარიანტისკენ ვიხრები - არა მგონია, პროტესტი ჩაწყნარდეს და გველოდებოდეს რაღაც სტაბილური, თუნდაც აზერბაიჯანული ტიპის ავტორიტარიზმი. უფრო ველოდები ხანგრძლივ კრიზისს. არის ასეთი რუსული გამოთქმა - “უმჯობესია საშინელი დასასრული, ვიდრე დაუსრულებელი საშინელება” და მე უფრო “დაუსრულებელ საშინელებას” ველოდები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“არა აქვს ხელისუფლებას პროტესტის შეჩერების რესურსი. შეუძლებელია ეს ძალიან სასტიკი რეპრესიების გარეშე ჩაახშო, ამას სჭირდება სტალინური მეთოდები - მასობრივი დაპატიმრებები და საშინელი სისასტიკე. ამაზე წამსვლელი კი ხელისუფლება ვერ არის და არა იმიტომ, რომ სინდისი შეაწუხებს, ეშინია, რადგან იმდენად არასასურველი გახდება დასავლეთისთვის, ვეღარც ტრანზიტის ფუნქციას შეასრულებს და პლუს, ეშინია საკუთარი ამომრჩევლის დაკარგვისაც, მით უმეტეს, “ოცნების” მომხრეთა დიდი ნაწილი თანახმაა, გაათავისუფლონ დაკავებულები. “ოცნების” ამომრჩევლის დიდ ნაწილს სინამდვილეში სიმშვიდე და სტაბილურობა უნდა და ჰგონია, რომ ბიძინა ამას უზრუნველყოფს” - განაგრძობს რესპონდენტი.
“თუ ეს ხალხი დარწმუნდება, რომ რაც ახლა გვჭირს, სწორედ ხელისუფლებისგან მოდის და არა იქიდან, რომ ოპოზიციაა ცუდი, რაც თავისთავად დიდი პრობლემაა, მათი განწყობა შეიცვლება... ჩვენ ერთი არჩევნები უკვე ჩავაგდეთ. არ მესმის იმ ხალხის ლოგიკა, ვინც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. კამათიც აღარ მინდა, რადგან არგუმენტები რომ არა აქვთ, ცდილობენ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ. გვეუბნებიან, საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა და აზრი არა აქვს, მაგრამ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მოგებისთვის ვიბრძვითო. თუ რეჟიმი ყველაფერს აყალბებს, ადვოკატთა ასოციაციაში დაგიტოვებს სამართლიანობას? სასამართლო არა გვაქვსო, გავიძახით, მაგრამ საჩივრებს ვწერთ, დავდივართ... ანუ ლეგალურ სტრუქტურებს მაინც ვიყენებთ საბრძოლველად და მაინცდამაინც არჩევნებზე ვთქვით უარი?!” - ამბობს ანალიტიკოსი.
“რუსთაველის აქციები დღეს ერთადერთი ქმედითი გამოვლინებაა, მაგრამ ამასთან ერთად თუ სხვა ღონისძიებებიც არ არის, არა მგონია, ეს გზა წარმატებული იყოს. ხელისუფლებასთან დაპირისპირება შედეგიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროტესტის მონაწილეთა რიცხვი გაფართოვდება. პლუს, გარკვეული პოლიტიკოსებიც ჩამოეკიდნენ ამ განწყობას... თუმცა შეიძლება ეს პროტესტი სტაბილურად არსებობდეს, მაგრამ ხელისუფლებაც სტაბილურად გააგრძელებს თავისას... სიმართლე გითხრათ, ამ სიტუაციიდან კარგ გამოსავალს ვერ ვხედავ. არა ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი საპროტესტო ტალღის სათავეში ჯანსაღი ძალა მოექცევა, მაგრამ, თუ ხელისუფლება არ შედრკა, ეს კიდევ უარესია...” - დასძენს დავით ზურაბიშვილი და შეკითხვაზე - “რა შანსია იმისი, რომ შედრკეს?” - პასუხობს:
“ძალიან მცირე, თითქმის არანაირი. შიგნით ხელისუფლებას საფრთხე არ ემუქრება, ერთადერთი გარე საფრთხე შეიძლება იყოს. ოპოზიციის მთავარი მესიჯი უნდა გახდეს ის, რომ სწორედ ბიძინაა “ომის პარტია”, მაგრამ ამის სათქმელად ოპოზიცია თავად არ უნდა ასხივებდეს აგრესიას. როცა ხელისუფლებას “პუტინის მონას” ეძახი და თან რადიკალური რიტორიკით ლაპარაკობ, ხალხისთვის მშვიდობის გარანტი ვეღარ იქნები. ოპოზიცია უნდა ჩანდეს უფრო სოლიდური, დინჯი და კონსტრუქციული, ვიდრე ხელისუფლება. თუ ოპოზიცია ამ რიტორიკას არ შეცვლის, ახალი ლიდერიც ვერ გამოიკვეთება...”