გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი - გვექნება ბევრი აქცია და ბევრი ადამიანი დაჯდება საბრალდებო სკამზე, ვინც საქმის მასალები გააყალბა - პარლამენტში შევიტანთ განცხადებას, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია

დაზარალებულის უფლებები დაირღვა, როცა მას სისხლის სამართლის საქმეზე წვდომა არ მისცეს - ჩვენ გვექნება ბევრი აქცია და ძალიან ბევრი ადამიანი დაჯდება საბრალდებო სკამზე, ვინც სისხლის სამართლის საქმის მასალები გააყალბა, - ამის შესახებ გარდაცვლილი ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარეს ბრალდების მხარესთან კითხვის ნიშნები გააჩნია.

„ჩვენ გვინდა, რომ გადმოგვცენ სისხლის სამართლის საქმის მასალები. დაზარალებულის უფლებები დაირღვა, როცა მას სისხლის სამართლის საქმეზე წვდომა არ მისცეს. როდესაც დედას შვილი ცოცხალი ჰყავდა, მისცეს დადგენილება, რომ სავარაუდო დანაშაული შეიცავდა ჯგუფური დანაშაულის ნიშნებს. როცა ცოცხალი იყო ადამიანი ამბობდნენ, რომ 117-ე მუხლის მესამე ნაწილის სავარაუდო ნიშნებს შეიცავდა და როცა გარდაიცვალა უცებ გაქრა ეს და აღმოჩნდა, რომ ჯგუფური დანაშაული არ მომხდარა. ისმის კითხვა: რატომ ჩაიდინა ეს სიბინძურე საქართველოს პროკურატურამ?

ხომ შეიძლება ამ უწყებამ ერთხელ და სამუდამოდ ერთი საქმე მაინც გამოიძიოს, რომელზედ ადამიანებს კითხვის ნიშანი არ გაუჩნდებათ? ჩვენ გვაქვს კითხვის ნიშანი“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაზარალებულთან შეთანხმებით, ის პროკურატურას აძლევს 2-კვირიან ვადას და ამ ორი კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ეფექტური გამოძიება, ყველა კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი და დაზარალებულს უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები.

„ჩვენ გვექნება ბევრი აქცია და ძალიან ბევრი ადამიანი დაჯდება საბრალდებო სკამზე, ვინც სისხლის სამართლის საქმის მასალები გააყალბა. ჩართული გვყავს ძალიან კარგი ადვოკატი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მიმარტავს…

პირადად მე გპირდებით, ეს იქნება საქმე როგორიც იყო - ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ, თუ ამ საქმეზე ეფექტური გამოძიება არ ჩატარდება. საქართველოს ხელისუფლება მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა.

ვაფრთხილებ გენერალურ პროკურორს და იმ პროკურორებს, რომლებმაც ძალიან ცუდი ნაბიჯები გადადგეს და ჩემი აზრით, სისხლის სამართლის საქმის მასალები გააყალბეს: გონს მოეგონ, აქ მთელი საქართველო დადგება, რადგან ახალი დასაკარგი შვილი, გიგა ავალიანი აღარ გვყავს. ავალიანის საქმეზე ის განაჩენი უნდა დავაყენოთ, რაც დაიმსახურეს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, როგორც ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, ის მომავალ კვირაში აპირებს მიმართოს საქართველოს პარლამენტს განცხადებით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, სადაც მივა საქმის ყველა პროკურორი და უპასუხებს დაცვის მხარის კითხვებს.

„ჩვენ მომავალ კვირაში მივდივართ საქართველოს პარლამენტში, სამართლებრივად შევიტანთ განცხადებას, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია და მოვიდეს ყველა პროკურორი და შვილმკვდარ დედას პასუხი: თუ სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, სავარაუდო დანაშაული, შემდეგ რომ გიგა გარდაიცვალა, როგორ შემსუბუქდა? ჩვენ დავინახავთ, საით დგას საქართველოს ხელისუფლება - მკვლელების მხარესაა თუ შვილმკვდარი დედის მხარეზე. შექმნიან თუ არა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას და მე ზაზა ხატიაშვილს, ყველა ადვოკატს და ეკატერინე კუპატაძეს გვექნება თუ არა შესაძლებლობა ყველა პროკურორს დავუსვათ კითხვა. გვითხრა, რატომ არ არის ეს ჯგუფური დანაშაული“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია