რუსეთი მზად არის, სამართლებრივად დააფიქსიროს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ზე თავდასხმას არ აპირებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმას ნამდვილად არ ვაპირებთ. რუსეთი ჩვენი ქვეყნისთვის მიწერილ „დამპყრობლის“ მიზნებს არ მისდევს. თუმცა, აშშ-ის მიერ რუსეთის მიმართ დემონსტრირებული დაბალანსებული პოლიტიკის მიუხედავად, ევროპის ქვეყნების მტრული მოქმედებების გამო რუსეთსა და ნატო-ს შორის დაპირისპირების მნიშვნელოვანი რისკები რჩება“, - განაცხადა რიაბკოვმა.
ასევე, მისი თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთს აშშ-სთან სერიოზული კითხვები კვლავ რჩება.
„ახლახან გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში პირდაპირ არის დასმული საკითხი, რომ ნატო-ს უსაზღვროდ გაფართოება მიზანშეწონილი არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკულ მხარესთან სერიოზული კითხვები კვლავ არ გვაქვს, მათ შორის უკრაინის კონტექსტში. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.