პატიმრობიდან გამოსული პოლიტიკოსები, ზოგადად, უფრო საშიში არიან იმიტომ, რომ მათ უფრო მაღალი მორალური მდგომარეობა აქვთ, მაშინ, როდესაც პოლიტიკური ლიდერები თავისუფლებაზე იყვნენ, ბევრად უფრო მძიმე იყო “ქართული ოცნების” მდგომარეობა, ვიდრე მაშინ, როდესაც ისინი ციხეში იყვნენ , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელსაც დღეს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარი შეუფარდა.
ცქიტიშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას” განზრახული აქვს, ისევ ციხეში გამოკეტოს ოპოზიციონერი ლიდერები, ისინი კი მმართველი გუნდის თამაშის წესებს არ უნდა აჰყვნენ.
“ძალიან ნათელია, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს. ის ცდილობს, რომ შანტაჟის ქვეშ ამყოფოს პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები, სამოქალაქო სექტორი და ეს წრე ფართოვდება. ანუ, რეალურად, იქონიოს მათზე ზეგავლენა და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში თითოეული მათგანი ძალიან მძიმე ბრალდებითა და ხანგრძლივი ვადით მოათავსონ საპყრობილეში ანუ მათი იზოლირება მოახდინონ პოლიტიკური ბრძოლიდან, ამიტომაც მოულოდნელი არაფერი არ არის.
ზურას პირველივე ნაბიჯები იყო არა რბილი და შემრიგებლური, არამედ ისეთივე, როგორიც ზურასგან იყო მოსალოდნელი.
პატიმრობიდან გამოსული პოლიტიკოსები, ზოგადად, უფრო საშიში არიან იმიტომ, რომ მათ უფრო მაღალი მორალური მდგომარეობა აქვთ. მაშინ, როდესაც პოლიტიკური ლიდერები თავისუფლებაზე იყვნენ, ბევრად უფრო მძიმე იყო “ქართული ოცნების” მდგომარეობა, ვიდრე მაშინ, როდესაც ისინი ციხეში იყვნენ.
თუ ზურა წავა საპატიმროში, გარკვეული მორალური მდგომარეობა შეიქმნება ისეთი, რომ ყველას უნდა მოუწიოს ეს ისევ, გარკვეული დროით, ყოველ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” ეცდება, რომ ბულინგი დაიწყოს ყველა იმ პარტიისა და იმ პოლიტიკოსის, რომელიც ამ გზას არ გაივლის. ასე მუშაობენ ეგენი.
ჩემი მოსაზრებაა, რომ დღეს, როგორც არასდროს, პოლიტიკური ლიდერების გარეთ ყოფნა არის საჭირო, მიუხედავად იმისა, მე მათ პოზიციას ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები. მათი გარეთ ყოფნა სხვანაირ პოლიტიკურ ველს აყალიბებს.
“ქართული ოცნება” გვთავაზობს, აბა თუ მაგარი ხარ, კიდევ წადი ციხეშიო. არ უნდა ავვარდეთ და არ უნდა ვითამაშოთ “ქართული ოცნების” თამაში. ეს არის “ქართული ოცნების” წინასწარ განსაზღვრული გეგმა, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი მეორე ტალღაზე ისევ შეიყვანოს ციხეში თან მათივე ნებით. თითქოს მათ არჩევანს უტოვებს და ისინი არჩევანს პატიმრობაზე აკეთებენ.
თუ ოპოზიციური ლიდერები კიდევ ცხრა თვე იქნებიან ციხეში, ჩვენ ძალიან წავაგებთ დროს და “ქართული ოცნება” ძალიან გაიმყარებს პოზიციებს”, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გასული წლის საპროტესტო აქციების დაშლის საკითხზე სკანდალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა, ვიდრე პასუხები, ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელია საერთაშორისო გამოძიების ჩატარება და თუ “ქართულ ოცნებას” თავის გადარჩენა უნდა, ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს.
“ან “ქართული ოცნება” მიხვდება, რომ ახლავე უნდა ჩაატაროს საერთაშორისო გამოძიება და შეამსუბუქოს ის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია ამ ხალხის მოწამვლაზე, ან ადრე თუ გვიან ამაზე პასუხისმგებლობა მოუწევს ყველას, ვინც დღეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ატარებს. ამას ვერ გაექცევიან, ეს არის უზარმაზარი დანაშაული, ეს არ არის უბრალოდ მიტინგის დარბევა, ეს არის საკუთარი მოსახლეობის მოწამვლა.
თუ მათ (“ქართულ ოცნებას”) თავიანთი თავის გადარჩენა უნდათ სამომავლოდ და ამ ძალიან მძიმე დანაშაულზე პასუხისმგებლობა, როგორც მინიმუმ, შეარბილონ, დღეს მათი საღი აზრისთვის მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მოიწვიონ საერთაშორისო, გამჭვირვალე გამოძიება და დასაჯონ ის, ვინც გააკეთა ეს.
ისინი ახლა დაკავებული არიან საკუთარი დანაშაულის დამალვით, ჩაფარცხვით. ჩვენ ვნახეთ, რომ მათმა რეაქციამ კიდევ უფრო გაამწვავა ეჭვები, თორემ მანამდე ეჭვი იყო ეს ყველაფერი. მათი რეაქცია იმდენად მწვავე იყო, იმდენად შეშინებული, იმდენად განსხვავებული, რომ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა, ვიდრე პასუხები გასცა, როგორც თავად ამბობენ. ბევრად მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა გამოძიების მერე”, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.