არ გავურბივართ პრობლემებს, ამ ქალაქში ვცხოვრობთ - ბატონო ვატო, მიხარია და მადლობას გეტყვით, რომ კარგად აფასებთ და მადლობასაც იხდით იმისთვის, რაც კეთდება და რაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში - ჩვენ ამ ტიპის დამოკიდებულებას ოპოზიციის წარმომადგენლებისგან მიჩვეული არ ვართ, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ დეპუტატ, ვატო სურგულაძეს.
კალაძის თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები იმისთვისაა, რომ არსებული პრობლემებს „ღირსეულად ვუპასუხოთ”.
„ჩვენ პრობლემებზეც ვსაუბრობთ, ბატონო ვატო, არ გავურბივართ პრობლემებს. ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ძალიან კარგად ვიცით, რა არის გამოწვევა, პრობლემები, პრობლემებიც ყველას გვაწუხებს, რადგან ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ. 2026 წლის ბიუჯეტი და პროექტები ზუსტად იმისკენაა მიმართული, რომ აღნიშნულ პრობლემებს და გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. ცხადია, იმის ილუზია არავის არ აქვს, რომ 1 ან 4 წლის განმავლობაში შესაძლებელია ყველაფერი მოგვარდეს, ყველაფერი მოწესრიგებული იყოს და საერთოდ პრობლემა არ გვქონდეს. ჩვენ კი არა, ჩვენზე უფრო განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენზე ეკონომიკურად უფრო ძლიერ ქალაქებსა და ქვეყნებს აქვთ სერიოზული გამოწვევები და პრობლემები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა მდგომარეობა გვქონდა ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით და დღეს რა ვითარება გვაქვს.
მე ისიც მიხარია და მადლობას გეტყვით, ბატონო ვატო, რომ კარგად აფასებთ და მადლობასაც იხდით იმისთვის, რაც კეთდება და რაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს, რა თქმა, უნდა დასაფასებელია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი საუბრობს. ჩვენ არ ვართ მიჩვეული ამ ტიპის დამოკიდებულებას იმიტომ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველთვის საუბრობდნენ, რომ ყველაფერი ცუდია, რაც გაკეთდა; რომ საერთოდ არაფერი გაკეთებულა და თქვენგან ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა“,- განაცხადა კახა კალაძემ.