პრემიერი - ოპოზიციის 80 % დადგა მაღალი ფასების მხარეს, გამოვიდნენ ათასი ბრალდებით, რასაც ვაპირებთ, საკითხში ჩაღრმავებაა - ყველას დავუსვამთ კითხვებს, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს პასუხი

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჯამური ფასნამატი არის 86 პროცენტი საქართველოს საზღვრიდან დახლამდე.

მთავრობის მეთაურის განცხადებით,

„ჩვენ დავიანგარიშეთ როგორია ფასნამატი, სად წარმოიქმნება ეს ფასნამატი. ჯამური ფასნამატი არის 86 პროცენტი საქართველოს საზღვრიდან დახლამდე. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას. უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხს და ამის საფუძველზე საზოგადოებას გავაცნობთ კონკრეტულ შედეგებს. ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. ამის გამო მივმართე ერთი მხრივ, სამართალდამცველ სტრუქტურებს, მეორე მხრივ, ვთხოვე საქართველოს პარლამენტს, გამოეყენებინა საკუთარი ბერკეტები. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი, სად არის ფასების შემცირების რესურსი და ამაზე მომზადდება სიღრმისეული დასკვნა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ ფასების შემცირებას იმ პროცესების საფუძველზე, რომელიც მალე დაიწყება და მალევე უნდა დასრულდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ ათასი ბრალდებით, რომ თითქოს ხელისუფლება აპირებს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღნიშნული მიმართულებით, თუმცა რასაც ხელისუფლება აპირებს არის ის, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს საკითხი და სადაც ამის რესურსია - ფასების შემცირება უზრუნველყოს.

„ოპოზიციის 80 % დადგა მაღალი ფასების მხარეს, გამოვიდნენ ათასი ბრალდებით, რომ, თითქოს, ჩვენ ვაპირებთ რაღაც მკაცრი შეზღუდვების დაწესებას და ა.შ. ჩვენ რასაც ვაპირებთ, ეს არის საკითხში ჩაღრმავება და სადაც არის ფასების შემცირების რესურსი, ბუნებრივია, ყველგან უნდა იყოს ეს უზრუნველყოფილი,"- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველა შესაბამისი პირის მიმართ უნდა დაისვას შეკითხვები, ვინაიდან მათი პასუხები მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებით სწორი დასკვნების გამოსატანად.

„წინ რომ არ გავუსწროთ მოვლენებს, ყველას უნდა დავუსვათ შეკითხვები. მათ შორის, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს კითხვებს პასუხი, ყველას დავუძახებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი ამ შეკითხვებზე. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და ამ დასკვნების საფუძველზე მივაღწიოთ ფასების შემცირებას,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, პრემიერ მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს და სწორედ ეს იყოს ფასნამატის მიზეზი.

„ჩვენ ვთქვით, რომ დისტრიბუტორებს შორის და/ან ქსელურ მარკეტებს შორის შეიძლება, არსებობდეს კარტელური გარიგებები და ეს კარტელური გარიგება შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. თეორიულად, შეიძლება, არც იყოს, ამიტომ წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები. ეჭვი ჩნდება იმის გამო, რომ არის ჭარბი ფასნამატი. ჭარბი ფასნამატი როგორც წესი, არის ხოლმე გამოწვეული ასეთი ტიპის გარიგებებით.

ბიზნესთან ჩვენ ამ საკითხზე არ გვისაუბრია, მე ვთხოვე ცოტა ხნის წინ ეკონომიკის სამინისტროს მოემზადებინა დეტალური შეფასება, მათ მოამზადეს დეტალური შეფასება და სწორედ ამ შეფასებას ეყრდნობა ის განაცხადი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ფასებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ სუსი არის სწორედ სათანადო უწყება, რომელმაც შეიძლება ჩაატაროს ეს გამოძიება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა