ლევან იოსელიანი - ადვილი იქნებოდა გავმხდარიყავი ოპოზიციური პარტიის თუ „ენჯეოს“ „ვარსკვლავბიჭუნა“, რომელიც მათ შეფასებებს გაიმეორებდა, თუმცა ეს სახალხო დამცველის ფუნქცია არაა - რაც შეეხება 4 ოქტომბრის საქმეს, მზად ვარ, ჩვენება მივცე

ჩემთვის ძალიან ადვილი იქნებოდა გავმხდარიყავი ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის თუ „ენჯეოს“ „ვარსკვლავბიჭუნა“, რომელიც ყველაფერში მათ შეფასებებს გაიმეორებდა, ან კიდევ უფრო გაამძაფრებდა, თუმცა ეს არ არის სახალხო დამცველის ფუნქცია,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან­ იოსელიანმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, სახალხო დამცველი არ არის ერთი კონკრეტული ჯგუფის დამცველი ან მისი ნარატივის გამზიარებელი.

„მგონი საზოგადოებისთვის უკვე ნათელია, როგორი პოლიტიკა აქვს სახალხო დამცველს ამ მიმართულებით. სახალხო დამცველი არ არის ერთი კონკრეტული ჯგუფის დამცველი ან მისი ნარატივის გამზიარებელი, ძალიან მკაცრ შეფასებებს ვაკეთებ მაშინ, როდესაც ვხედავ, რომ აქციის მონაწილეების მიმართ ხდება ძალის გადამეტება, თუმცა პარალელურად ვაფასებ იმ შემთხვევებსაც, როდესაც თავად აქციის მონაწილეები გადასცდებიან ხოლმე მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას. ამიტომ ჩემი პოზიციები ხშირად ორივე მხარისთვის მაქსიმალურად მიუღებელია. ჩემთვის ძალიან ადვილი იქნებოდა გავმხდარიყავი ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის თუ „ენჯეოს“ „ვარსკვლავბიჭუნა”, რომელიც ყველაფერში მათ შეფასებებს გაიმეორებდა, ან კიდევ უფრო გაამძაფრებდა, თუმცა ეს არ არის სახალხო დამცველის ფუნქცია. სახალხო დამცველის ობიექტური შეფასებები მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოებისთვის და ასევე საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომლებიც აფასებენ იმას, რომ სახალხო დამცველი არ ექცევა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან გავლენის ჯგუფის ნარატივის გავლენაში“,- აღნიშნა იოსელიანმა.

გარდა ამისა, მან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და იმ ფაქტზე, რომ მზად იყო ჩვენება მიეცა პაატა მანჯგალაძესთან კომუნიკაციის შესახებ, თუმცა მაშინ ამის შესაძლებლობა არ მიეცა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, როდესაც დაინახა, რომ ადამიანები პრეზიდენტის სასახლეში შედიოდნენ, „პაატას [მანჯგალაძეს] დაურეკა, რადგან ძალიან კარგად ესმოდა რა მძიმე სამართლებრივი შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას.

„მე ვაპირებდი სასამართლოსთვის ჩვენება მიმეცა იმ გარემოებების შესახებ, რაც 4 ოქტომბერს პაატა მანჯგალაძის მონაწილეობას და ჩემს მასთან კომუნიკაციას უკავშირდება. ეს მის სასარგებლოდ იქნება თუ არა გათვალისწინებული, უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია. როდესაც დავინახე, რომ ადამიანები პრეზიდენტის სასახლეში შედიოდნენ, პაატას დავურეკე, რადგან ძალიან კარგად მესმოდა, რა მძიმე სამართლებრივი შედეგები შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა. პარლამენტში მუშაობის შემდეგ პაატასთან მქონდა ნორმალური ურთიერთობა და სწორედ ამ კონტექსტში გავაფრთხილე. ვუთხარი, რომ ის ქმედებები და მოწოდებები, რასაც აქციის ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს გადასცემდნენ, აბსოლუტურად მიუღებელი იყო და ეს პროცესი აუცილებლად უნდა შეწყვეტილიყო. პაატა დამეთანხმა, მითხრა, რომ სრულად იზიარებდა ჩემს პოზიციას და ასეთი რამ ნამდვილად არ შეიძლებოდა მომხდარიყო. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებდა, რომ ეს პროცესი შეეჩერებინა. ეს არის ის გარემოება, რის თქმასაც ვაპირებდი სასამართლოში და დღესაც მზად ვარ ამისთვის. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ჩემი და პაატა მანჯგალაძის კომუნიკაციის ეს ეპიზოდი საქმისთვის მნიშვნელოვანია, მზად ვარ შესაბამისი ჩვენება მივცე“,- აღნიშნა იოსელიანმა.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა