მინესოტას და ილინოისის შტატებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელები შეიტანეს, რათა შტატებში საიმიგრაციო სამსახურების თანამშრომლების შესვლა შეაჩერონ.
მინესოტას გენერალური პროკურორის, კიტ ელისონის მიერ შეტანილ სარჩელში მოპასუხეებად აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრი კრისტი ნოემი და აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი არიან დასახელებული. სარჩელი ითვალისწინებს მოთხოვნას, რომ მინესოტას ფედერალურმა სასამართლომ იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის აგენტების შტატში შესვლა არაკონსტიტუციურად და უკანონოდ გამოაცხადოს.
„შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ათასობით შეიარაღებული, ნიღბიანი აგენტის მინესოტაში განლაგებამ ჩვენს შტატს სერიოზული ზიანი მიაყენა. ეს, არსებითად, ფედერალური შეჭრაა მინესოტას ტერიტორიაზე და უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ელისონმა პრესკონფერენციაზე.
მინესოტას შტატის შტატის სარჩელი ითვალისწინებს ამერიკელი ოფიცრებისთვის ფიზიკური ძალის ან იარაღის გამოყენების მუქარის აკრძალვას იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ ექვემდებარებიან საიმიგრაციო დაკავებას, ამასთანავე, ფედერალურ ოფიცრებს მოეთხოვებათ თვალსაჩინო პირადობის მოწმობის ტარება, სხეულზე დამონტაჟებული კამერების გააქტიურება და სახიდან ნიღბების მოხსნა.
ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მსგავსი ფედერალური სარჩელი შეიტანა ილინოისის შტატმაც. ილინოისის შტატის სარჩელი სასამართლოს სთხოვს, ხელი შეუშალოს აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურს შტატში სამოქალაქო იმიგრაციის აღსრულების განხორციელებაში და ამავდროულად, შეზღუდოს ისეთი ტაქტიკა, როგორიცაა ცრემლსადენი გაზის გამოყენება, კერძო საკუთრებაში უკანონო შეჭრა და სანომრე ნიშნების დამალვა ოფიციალური ოპერაციების დასაფარად.
სარჩელები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მას შემდეგ შეიტანეს, რაც რამდენიმე დღის წინ, მინოსეტაში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მომხდარის გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა.