ვახტანგ ძაბირაძე - ხდება იმ ფიგურების დაპატიმრება, რომელთაც პოლიტიკაში უკან მობრუნების შანსს აღარ აძლევენ - ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ვერც სხვა პოლიტიკაში ვეღარ დაბრუნდება!

თუ პოლიტიკისთვის დაჭირდა [ივანიშვილს], ხვალ ნებისმიერი, ირაკლი კობახიძეც შეიძლება კორუფციაში გახვეული აღმოჩნდეს - ხდება იმ ფიგურების დაპატიმრება, რომელთაც პოლიტიკაში უკან მობრუნების შანსს აღარ აძლევენ - ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ვერც სხვა პოლიტიკაში ვეღარ დაბრუნდება! - ასე აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

როგორც ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, ავტორიტარული რეჟიმების პირობებში პოლიტიკა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით მიდის. მისი თქმით, ამ შემთხვევაში სისტემა არ იცვლება, მაგრამ კორუფციასთან ბრძოლა იძლევა საშუალებას, რომ ვერტიკალი გაათავისუფლო და „თუ სისტემას ვერ ცვლი, დასასჯელი მაღალჩინოსანი უნდა გყავდეს“.

ძაბირაძემ ამავე კონტექსტში ისიც აღნიშნა, რომ „ღარიბაშვილი არა ივანიშვილმა, არამედ სისტემამ გაწირა, რადგან საზოგადოებას სხვა ვერაფერი შესთავაზეს“.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში არის სისტემური კორუფცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ის 6-მილიონი ვიღაცას მიჰქონდა. საიდან მოდიოდა ეს ფული? - საუბარი იყო ე.წ. ატკატებზე, სახელმწიფო ქონების მართვასთან დაკავშირებულ კორუფციაზე და ასე შემდეგ. შექმნილია სისტემა, რომლითაც ფული გროვდება და ღარიბაშვილთან დაგროვილი ფული მიდიოდა.

ძალიან საინტერესოა რასაც ხელისუფლება ამბობს, რომ რაღაც საწარმო ჰქონდა, რომელიც რეგისტრირებული არ იყო და შესაბამისი მუხლით გაასამართლეს. რა მოგება მქონდა ასეთი, რომ ბიზნესმენს 6-მილიონი სახლში ედო - ე.ი. რამხელა მოგება ქონია, საოცარი საწარმო ყოფილა!

გავიგეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დააპატიმრეს, მაგრამ თავად კორუფცია ამით აღმოიფხვრა? 1972 წელს, პირველად შევარდნაძემ კომუნისტური რეჟიმის დროს თქვა, რომ სადღაც კორუფცია გაჩნდა. მას შემდეგ ხელისუფლებები იცვლებოდა და ჩვენი საზოგადოება კორუფციაში ცხოვრობს - არ ყოფილა ერთი დღე, ქვეყანას კორუფციის გარეშე ეცხოვროს. ამას სისტემური რეფორმა სჭირდება, რომლის გაკეთების თავი ხელისუფლებას არა აქვს.

კორუფცია არის ყველგან, მაგრამ სისტემური კორუფცია მხოლოდ ავტორიტარულ და ტოტალიტარულ ქვეყნებშია და სხვაგან რა თქმა უნდა, ასეთი კორუფცია არ არის“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ძაბირაძის აზრით, ახლო მომავალში სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრება და ახალი სკანდალი მოსალოდნელი არ არის, რადგან „ხელისუფლებამ ახლა ეს კოშმარი უნდა მოინელოს“.

ძაბირაძის თქმით, ხელისუფლებას ხელს არ აძლევს საზოგადოებაში იმ აზრის ჩამოყალიბება, რომ კორუფციაში მთელი „ქართული ოცნება“ იყო გახვეული.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ