რომ მივმართე წამებაზე, ხომ კრამიტები დაამტვრიეს იმ პოლიციელებს? - ამ სიტყვებით უპასუხა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე მზია გარშაულიშვილს კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან არაადამიანურ მოპყრობას ადგილი.
ელისაშვილმა დაკავების მომენტში პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა.
„შრამები“ დამრჩა ხელბორკილები რომ დამადეს. რა გააკეთეთ თქვენ, ქალბატონო მარიამ[პროკურორი]? 2 თვე ვერ გაიგეს ვინ იყო ის შოთა? სახელს გეუბნებით ვინცაა და თანამდებობას...ვეუბნებოდი, შე დალოცვილო შემიმსუბუქე-მეთქი, ნაჭდევები მაქვს. ჩამოაყალიბა, წამების მსხვერპლი ხარო? არ გისურვებთ თქვენ, ან თქვენი ოჯახის წევრმა 4 საათი მოჭერილი ბორკილებით იყოთ!" - განაცხადა ელისაშვილმა.
აღნიშნულის შემდეგ პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანომ აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინა, ელისაშვილი გამოჰკითხეს.
აღნიშნულის შემდეგ ელისაშვილმა კვლავ სიტყვით ისარგებლა და ორი წლის წინ მომხდარი ფაქტი გაიხსენა.
„სახელმწიფო კანცელარიასთან, 2 წლის წინ, 17 აპრილი იყო, 2 წელი გავიდა და არაფერი დაუდგენიათ. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ვინაობა ვუთხარი - ზაქრო ჩოხელი იყო პოლიციელი, ვინც მირტყამდა, რა თქვა შსს-მ იცით? ვერ ამოვიცანით ის ადამიანიო. [მოსამართლეს] არ გიცნობთ, მაგრამ გჯერათ, რომ გამოიძიებენ? ზღაპარია, რომ მიმართეს", - განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.