ადვოკატი - ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი, მხნედ არის - მის მიმართ მოპყრობა ნორმალურია, ისეთი, როგორიც სხვა ნებისმიერ მსჯავრდებულთან მიმართებით

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი თავს მხნედ გრძნობს და მის მიმართ დამოკიდებულება არის ნორმალური.

როგორც ადვოკატმა რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ყოფილ პრემიერს საზოგადოების სათქმელად არაფერი დაუბარია.

ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი და არის მხნედ. რაიმე კონკრეტული მესიჯი საზოგადოების მიმართ არ დაუბარებია. მიმდინარე საკითხებზე ვისაუბრეთ, სტანდარტულ პროცედურებზე, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესახლებული პატიმრები გადიან. მის მიმართ მოპყრობა არის ნორმალური. ისეთი, როგორიც სხვა ნებისმიერ მსჯავრდებულთან მიმართებით. ეს იყო ჩვენი შეხვედრის მიზანი - დავრწმუნებულიყავით ადვოკატები, რომ მისი უფლებები დაცულია და თავს ნორმალურად გრძნობს. სამარტოო საკანში იმყოფება. შესაბამისად, არის სტანდარტული სიტუაცია “,-განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა ხანგრძლივი სამართლებრივ დავა, ადვოკატმა განმარტა, რომ მას ირაკლი ღარიბაშვილთან ამ საკითხზე არ უსაუბრია, რადგან დანაშაული აღიარა და შედეგი დამდგარია.

„მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგი დამდგარია, ამ საკითხებზე ჩვენ აღარ ვმსჯელობთ და არ განვიხილავთ იმიტომ, რომ ეს კონკრეტული შედეგი არსებობს და ეს შედეგი მისი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეა. მან აღიარა დანაშაული, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება იმ პირობებით, რა პირობებიც გაცხადდა, ეს არის 5 წელი რეალური სასჯელი და ჯარიმა“,- განაცხადა ადვოკატმა.

ამირან გიგუაშვილის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრები და კომუნიკაცია ოჯახის წევრებს და მსურველებს იმ ინტენსივობით შეეძლებათ, რაც ნებისმიერი სხვა მსჯავრდებულისთვის არის დასაშვები.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.

ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ