ანდრეი სიბიგა - უკრაინაში ტემპერატურა -15°C-ზე დაბალია, სწორედ ამიტომ, რუსეთმა 300-ზე მეტი დრონის, 18 ბალისტიკური და 7 ფრთოსანი რაკეტის გამოყენებით შეუტია - არ უნდა არსებობდეს ილუზიები იმის შესახებ, რის მიღწევას ცდილობს რუსეთი

უკრაინაში ცივი დილაა, ტემპერატურა -15°C-ზე დაბალია. სწორედ ამიტომ, რუსეთმა ღამით უკრაინას 300-ზე მეტი დრონის, 18 ბალისტიკური და 7 ფრთოსანი რაკეტის გამოყენებით შეუტია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, რუსეთის სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, იმისთვის, რომ ხალხი ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დაეტოვებინა.

„რუსეთი განზრახ ცდილობს შექმნას ცხოვრების ისეთი პირობები, რომელიც გათვლილია უკრაინელი ხალხის ფიზიკურ განადგურებაზე - რაც ზუსტად ჯდება გენოციდის კონვენციის II მუხლის (გ) ქვეპუნქტის განმარტებაში. ხარკოვის რეგიონში ჩვეულებრივი სამოქალაქო საფოსტო ტერმინალის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის მასშტაბით კიდევ ბევრი დაშავდა. მხოლოდ კიევის რეგიონში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, -აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, არ უნდა არსებობდეს ილუზიები იმის შესახებ, თუ რის მიღწევას ცდილობს რუსეთი.

„ამიტომ, არ უნდა შეჩერდეს უკრაინის მხარდაჭერა და მოსკოვზე ზეწოლა, რათა აიძულონ ის, გენოციდური ომი დაასრულოს. ცინიკურად, რუსეთმა ეს თავდასხმა სწორედ მაშინ განახორციელა, როდესაც ნიუ-იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მის წინა ბარბაროსულ თავდასხმებს განიხილავდა. მოსკოვი, როგორც გაეროს ქარტიის, სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ სრულ უპატივცემულობას აჩვენებს. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, რათა აგრესორისთვის ომის ფასი გაიზარდოს“, - წერს სიბიგა.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ