ახლა უკვე სახელმწიფო მოხელე, მაღალ თანამდებებებზეც კი, სამჯერ დაფიქრდება, ვიდრე რაღაცაზე ხელს მოაწერს, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავება დეკლარაციის არასწორად შევსების გამო არ მომხდარა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და თვლის, რომ კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
„ისეთი ფაქტები ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ბევრს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ამას ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავება მოჰყვებოდა. რას უკავშირდება? ჩემი გადმოსახედიდან, ეს არ უკავშირდება კლანებს შორის დაპირისპირებას. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ არ გვყავს ბევრი კლანი ხელისუფლებაში. არის მხოლოდ ერთი კლანი და ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
ეს დაკავება მაინც დაკავშირებულია იმასთან, რომ ყველას გვესმოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კორუფციულ გარიგებებზე. იყო ყოველთვის ეჭვები, განცდა, რომ ეს ასეა, მაგრამ ფაქტები არ ჰქონდა არავის. კორუფციული გარიგებები ბოლო წლების განმავლობაში იმდენად გავიდა კონტროლის ზონიდან, რომ „ქართულ ოცნებას“ გამოსავალი აღარ რჩებოდა, თვითონ უნდა დაერტყა ამ თემისთვის.
არ შევალ სასამართლოს კომპეტენციაში, არ ვარ ამის სპეციალისტი. თუმცა, თუ თქვენ დეკლარაცია არასწორად შეავსეთ და არასწორად მიუთითეთ შემოსავლები, მგონი მაგისთვის ხალხს ციხეში არ სვამენ. დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის არის 1000-ლარიანი ჯარიმა. არ მგონია, მაგისთვის ადამიანი 5 წლით ციხეში გაუშვან. თქვენც და ჩვენი მაყურებელიც კარგად ხვდება ყველაფერს, არ არის საჭირო ამის განმარტება.
ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადადგეს. მე მივესალმები ამ ნაბიჯს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულუბრყვილოები ვართ. სამწუხაროდ, ჩვენს კულტურაში იმდენად არის გამჯდარი კორუფციული თემები, ამის ასე უეცრად აღმოფხვრა ძალიან რთულია. თუმცა, ეს არის ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი კორუფციასთან ბრძოლაში. ისევ განვმეორდები, არავინ არ ვართ გულუბრყვილოები და არ გვგონია, რომ საერთოდ აღარ იქნება კორუფციული ან რაღაც პრივილეგირებული გარიგებები. იქნება ალბათ, მაგრამ ახლა უკვე ძალიან ბევრი სახელმწიფო მოხელე, მაღალ თანამდებებებზეც კი, სამჯერ დაფიქრდება, ვიდრე რაღაცაზე ხელს მოაწერს. ზევიდანაც რომ დაავალოს მათმა ხელმძღვანელობამ. ამიტომ მგონია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგია. იმ ადამიანებისთვის, ვინც ამაში მონაწილეობდა, ცუდია, მაგრამ თვითონ უნდა ეფიქრათ, რასაც აკეთებდნენ თავის დროზე“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.