თაზო დათუნაშვილი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დამოკიდებულების ქრონოლოგია აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მტრის პოლიტიკას ატარებს

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დამოკიდებულების ქრონოლოგია აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მტრის პოლიტიკას ატარებს - ანაკლიის პორტის დასამარება ნიშნავს იმას, რომ საქართველო კიდევ ბევრი წელი საერთაშორისო ვაჭრობის ჯაჭვის ნაწილი ვერ გახდება, - ასე ეხმაურება პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი თაზო დათუნაშვილი სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებას, რომლის მიხედვით, ანაკლიის პორტის „ბლოკირებით“ საქართველომ რეგიონში გლობალური მოთამაშის სტატუსი დაკარგა.

დათუნაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მეთოდურად და სისტემურად ამისთვის ყველაფერი გააკეთა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის არსებობის შემთხვევაში საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებდა, დღეს კი შესაძლებლობების ფანჯარა დაკეტილია.

„არა თუ დერეფნის ფუნქცია, საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო ვაჭრობაში თავისი ფუნქცია დაკარგა. ანაკლიის პორტის მშენებლობა ახირება არ არის. ანაკლიის მშენებლობა ერთადერთი საშუალებაა, რომ საქართველომ როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მთელს სამყაროს საკუთარი ფუნქცია დაანახოს და საერთაშორისო ვაჭრობის ჯაჭვში როგორც ერთადერთი გამტარი - სამხრეთისა და ჩრდილოეთის დერეფნების ალტერნატივა ჩაჯდეს.

ეს ფუნქცია განსაკუთრებულად გამძაფრდა და ერთგვარი შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რადგან „შუა დერეფნის“ ალტერნატივა რეალური გახდა. ამ გზაზე - ჩინეთიდან დასავლეთისკენ და სამხრეთიდან დასავლეთისა და აღმოსავლეთისკენ, ანაკლიის პორტის არსებობის შემთხვევაში საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებდა.

დღეს ყველა პროცესმა მიგვიყვანა იქ, რომ ეს შესაძლებლობების ფანჯარა დაკეტილია და შანსი გავუშვით. შანსი გავუშვით მათ შორის იმიტომ, რომ ვხედავთ ჩვენს სამეზობლოში - ამ დერეფანში რა ხდება.

დარჩენილია მცირე შანსი, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდება. ანაკლიის პორტთან დაკავშირებული „ქართული ოცნების“ დამოკიდებულების ქრონოლოგია აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მტრის პოლიტიკას ატარებს. ანაკლიის პორტის დასამარება ნიშნავს, რომ საქართველო კიდევ ბევრი წელი - ათწლეულობით კი, საერთაშორისო ვაჭრობის ჯაჭვის ნაწილი ვერ გახდება.

თუ საერთაშორისო ვაჭრობის ჯაჭვის ნაწილი ვერ გავხდებით, საქართველო არ არის არც მინერალების ქვეყანა, არც სხვა რესურსების ქვეყანა - ჩვენ გეოპოლიტიკური და სავაჭრო ფუნქცია გვაქვს, რომელიც დერეფნული გამტარობა იყო. ეს თუ არ არსებობს, არ არსებობს საქართველოს გამოკვეთილი როლი.

ქვეყნის სუვერენიტეტს ორი რამ ამყარებს. - ეს არის უსაფრთხოების გარანტიები და სწრაფი ეკონომიკური განვითარება. „ქართული ოცნების“ ხელში ევროკავშირის პერსპექტივის დაკარგვასთან ერთად, უსაფრთხოების გარანტიები აღარ გვაქვს და რეალური ეკონომიკური სწრაფი განვითარების პერსპექტივას ამ ფუნქციის გაქრობით ვკარგავთ.

2026 წელს ამ პროექტის ბიუჯეტს 100 მილიონი ლარი მოაკლდა. მოაკლდა იმიტომ, რომ ეს ფული ჯარიმის სახით „ინტერ რაოს“ გადაუხადონ. ამ სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესები იცვლება იმაში, რომ „ინტერ რაოს“ რამდენიმე მილიონი შეემატოს და კიდევ მეტად გამდიდრდეს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებით, ანაკლიის „ბლოკირებით“ საქართველომ რეგიონში გლობალური მოთამაშის სტატუსი დაკარგა. მათივე განცხადებით, „ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის გადავადებამ, საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს დააკარგვინა შესაძლებლობა, ჩამოყალიბებულიყო, როგორც რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის რეალური ალტერნატივა“.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებითვე, ანაკლიის პროექტის შეჩერებით, საქართველომ დაკარგა შესაძლებლობა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან, ანაკლიის გავლით მოეზიდა „რევერსული“ ტვირთნაკადი.

როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აღნიშნავს, ანაკლიის ნავსადგურის პროექტის გაურკვეველო ვადით შეჩერება რუსეთს აძლევს საშუალებას, ცენტრალური აზიის სტრატეგიულ ტვირთნაკადებს დაეუფლოს.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ