ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ბრალდებულმა [ალეკო ელისაშვილმა] ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა - დაცვის მხარე კი დღეს განმარტავდა, რომ საერთოდ, დანაშაულებრივი ქმედება სახეზე არ იყო, ისინი განმარტავდნენ, თითქოს, ზიანი იყო მხოლოდ შუშის ჩამტვრევა, - ამის შესახებ პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოზე თავდასხმა ტერორისტულ მიზანს წარმოადგენდა.
როგორც პროკურორმა განმარტა, „სასამართლომ ბრალდების მხარის არგუმენტები მხედველობაში მიიღო და ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა“.
„რაც შეეხება კვალიფიკაციას - გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, თუმცა როდესაც ხდება მტკიცებულებების შეკრება და იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, ბუნებრივია, მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოებები, რაც მტკიცებულებების სახით არის წარმოდგენილი, საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ამის შემდეგ წყდება, რა მუხლით დაიწყება დევნა. ამ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება, მოწმეთა მიერ მოწოდებული ჩვენებებითა თუ ვიდეო კამერის ჩანაწერებში ასახული ინფორმაციით, დასტურდებოდა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა და ბუნებრივია, მას ბრალიც წარედგინა ამავე კვალიფიკაციით. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს - ზოგადად, დაცვის მხარე დღეს განმარტავდა, რომ საერთოდ დანაშაულებრივი ქმედება სახეზე არ იყო. ისინი განმარტავდნენ, თითქოს, 187-ე მუხლის შემადგენლობაც არ იყო, იმიტომ რომ ზიანი იყო მხოლოდ შუშის ჩამტვრევა და შესაბამისი ღირებულების ზიანი ამას არ გამოუწვევია. ვფიქრობ, ადვოკატებს უნდა ჰკითხოთ, ასე რატომ ფიქრობენ. რა თქმა უნდა, ჩვენ, პროკურატურა ამ შემთხვევაში, მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვხელმძღვანელობთ,“ - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულიშვილმა მიიღო. ელისაშვილის საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.