ალეკო ელისაშვილის ადვოკატი - დღევანდელ პროცესზეც დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, მისი პატიმრობით დარღვეულია კონვენციის მე-5 მუხლი

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ელისაშვილის მიმართ, დღევანდელ პროცესზეც დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, მისი პატიმრობით კი დარღვეულია კონვენციის მე-5 მუხლი.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მოსამართლეს დღეს ალეკო ელისაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არ უნდა დაეტოვებინა.

„ვინაიდან ქმედება, რასაც ტერაქტად ცდილობს რომ პროკურატურა წარმოაჩინოს და ტერაქტისთვის არის ბრალდებული, ეს ქმედებები განხორციელდა სასამართლო შენობის ეზოში არსებულ დამხმარე შენობა-ნაგებობაში, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში, ამიტომ ჩვენი შეფასებით, უმჯობესი იქნებოდა, თუ იგივე სასამართლო არ განიხილავდა იმ საკითხებს, რომელიც განხილული უნდა იყოს გამოძიების სტადიაზეც და განხილვის სტადიაზეც. ასევე, კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით, პიროვნულად პრეტენზია არ გვქონია, მაგრამ წინა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, როცა პროკურატურას დამატებითი ვადა მისცა იმისთვის, რომ ტერაქტის მცდელობისთვის მტკიცებულებები მოეპოვებინათ ისე, რომ პროკურატურა შუამდგომლობდა, რომ 22 იანვრამდე განსაზღვრული ვადა არ ჰყოფნიდათ, თან ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღო მოსამართლემ, ბუნებრივია, ამან გააჩინა ეჭვი მოსამართლე იყო თუ არა მიუკერძოებელი. კანონის სავალდებულო მოთხოვნაა, რომ ასეთ შემთხვევაში საქმე უნდა იყოს აცილებული, სწორედ ამიტომ ჩვენ შუამდგომლობა დავაყენეთ, სამწუხაროდ, ეს არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ სხდომაზე გადასინჯული იყო აღკვეთის ღონისძიების საკითხი, რამდენად უნდა დარჩენილიყო ბრალდებული პატიმრობაში. აქაც ჩვენი პოზიცია იყო, რომ არათუ პატიმრობაში, არამედ საერთოდ აღკვეთის ღონისძიება არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული იმ დასახელებული გარემოებების გამო, რომელზეც ვრცლად პროცესზე ვისაუბრე. თუ აღკვეთის ღონისძიებას დატოვებდა, ასეთ შემთხვევაში არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება უნდა ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ წინა ისტორიის გათვალისწინებით, როცა ორი დღის განმავლობაში ქონების დაზიანების დანაშაულზე მიმდინარე საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალდების წარდგენა მოხდა ტერაქტის მცდელობისთვის, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებისა და ტელევიზიების მოწოდებების ფონზე, ბუნებრივია, ასეთ პირობებში ზესამართლებრივი მოლოდინები და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სტანდარტები, ასეთი მოლოდინის ქონა ცოტა გულუბრყვილობა იქნებოდა ჩემი მხრიდან. დღევანდელ პროცესზეც დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, მისი პატიმრობით დარღვეულია კონვენციის მე-5 მუხლი“,- განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ