გედევან ფოფხაძე - ყველა ფულს აკეთებს, მაგრამ იჭერენ მათ, ვინც ვიღაცის ინტერესებში ვერ ექცევა - რატომ არ დაიჭირეს კვირიკაშვილი და დაიჭირეს ღარიბაშვილი? როდესაც გინდა ისაუბრო „ოცნების“ 13-წლიან ისტორიაზე, უკვე საუბრობ კორუფციის ისტორიაზე

თუ გინდა ისაუბრო „ქართული ოცნების“ 13-წლიან ისტორიაზე, შენ უკვე საუბრობ კორუფციის 13- წლიან ისტორიაზე, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც ყოფილი თანამდებობის პირების, მათ შორის ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ეხმაურება.

გედევან ფოფხაძის თქმით, კორუფციას არავინ არ ებრძვის, არამედ ებრძვიან კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც ივანიშვილს არ მოსწონს.

მისივე განცხადებით, ივანიშვილი წყვეტს, ვინ არის ამ ქვეყანაში კორუმპირებული და არა სასამართლო.

„თუ შენ კორუფციას ებრძვი, კორუფციასთან ბრძოლისთვის აბსოლუტურად სხვა ნაბიჯები უნდა გადადგა, მათ შორის ინსტიტუციური. კორუფციონერები უნდა დაიჭირო, მაგრამ როცა ტოტალური კორუფცია გვაქვს, მაშინ რატომ იჭერ ღარიბაშვილს, როცა გყავს კალაძეც. ასი პროცენტით ყველა კორუმპირებულია და თვითონ ივანიშვილი ვისზე ნაკლები კორუმპირებულია? არ აქვს თანამდებობა, მაგრამ ის აკონტროლებს ყველაფერს ამ ქვეყანაში, ბიზნესები, ნებისმიერ საბიუჯეტო ხარჯი კონტროლდება სუს-ის მეშვეობით. ვიცით, რომ ყველა ფულს აკეთებს, მაგრამ იჭერენ მარტო იმათ, ვინც პოლიტიკურად ვიღაცის ინტერესების სფეროში ვერ ექცევა.

ირაკლი ღარიბაშვილი თავისი ქმედებებით არაფერს საწინააღმდეგოს არ ამბობდა, სასამართლოზეც მადლობას იტყოდა თუ ამისი საჭიროება იქნებოდა. ეს მათი პერსონალური ურთიერთობებია. რატომ არ დაიჭირეს კვირიკაშვილი და დაიჭირეს ღარიბაშვილი? როდესაც ამ ნაბიჯებს დგამ და მერე გინდა ისაუბრო „ქართული ოცნების“ 13-წლიან ისტორიაზე, შენ უკვე საუბრობ კორუფციის 13- წლიან ისტორიაზე. შენ თუ ამბობ, რომ ყველა პრემიერი ცუდი იყო, მაშინ შენ ვეღარ გადასწვდები 13 წლის წინანდელ პერიოდს და კორუფციაზე ვერ დაიწყებ ლაპარაკს.

ყველა ვხვდებით, რომ ქვეყანა ტოტალური კორუფციის რეჟიმშია და კორუფციას არავინ არ ებრძვის, ებრძვიან კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც პერსონალურად ვიღაცას არ მოსწონს. ივანიშვილი წყვეტს, ვინ არის ამ ქვეყანაში კორუმპირებული და არა სასამართლო ან ანტიკორუფციული კომიტეტი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ