ყველგან ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს ევროკავშირის პოლიტიკაში, რაც ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ რუსეთთან ურთიერთობისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მაშინაც კი, როდესაც საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობაც არ აქვს, ევროპელი ბიუროკრატები საქართველოს მთავრობას „რუსულ მთავრობად“ მოიხსენიებდნენ. კობახიძის შეფასებით, ეს მიდგომა უსამართლო და ორმაგი სტანდარტების მაგალითია.
„გახსოვთ რეაქციები საქართველოსთან მიმართებით იმ პირობებშიც კი, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს რუსეთთან. ამ პირობებში ევროპელი ბიუროკრატები ახერხებდნენ ჩვენი მთავრობის რუსულ მთავრობად გამოცხადებას. ეს არის ორმაგი სტანდარტები. ახლა ისინი თავად ხედავენ, რომ სჭირდებათ კომუნიკაციის დამყარება რუსეთის ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, ამაზე თავისი გავლენა იქონია პროცესებმა, რომლებიც წარიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებას, რომ ყველგან ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, როდესაც საქმე ეხება ევროპული ბიუროკრატიის მიდგომებს“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც და „მათ შეუძლიათ ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა სხვას ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ“.
„ეს არის ორმაგი სტანდარტი. თქვენ ხედავთ, რომ სხვა ქვეყნების მიმართაც არის ასეთი ორმაგი სტანდარტები. იგივე, ხშირად ვიხსენებდით ჩვენ მოლდოვის მაგალითს, მოლდოვა დღემდე არის დსთ-ს წევრი, დღემდე აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, არ დაუწესებია არც მოლდოვას სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, თუმცა დღემდე, მთელი ამ წლების განმავლობაში, ომის დაწყებიდა დღემდე, 4 წელია თითქმის გასული, ერთი კრიტიკული განცხადებაც კი არ მოგვისმენია მოლდოვის მიმართ მაშინ, როდესა საქართველოს აქვს განსხვავებული მდგომარეობა, არც დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, არც ჩვენი პოლიტიკური თანამდებობის პირები ჩადიან, მოლდოველებისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციაში მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამ პირობებში, საქართველო იყო გამოცხადებული რუსულ ქვეყანად, ხელისუფლება რუსულ ხელისუფლებად. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ამის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც. მათ შეუძლიათ ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა სხვას ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ. ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი, რითაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატია საკუთარ სახეს", - განაცხადა პრემიერმა.