აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ევროპის წამყვან ქვეყნებში არსებულ სოციალურ და პოლიტუიკურ ვითარებაზე, ევროპის მიმართ აშშ-ს შეცვლილ დამოკიდებულებაზე, იმაზე როგორ აფასებენ ევროპის პოლიტიკურ წრეებში ტრამპის პოლიტიკას რუსეთისა და პუტინის მიმართ, ტრამპის მიერ ვენესუელაში გატარებულ პოლიტიკას, უნგრეთში აპრილისთვის დაგეგმილი არჩევნების სავარაუდო შედეგებზე, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივაზე და ირანში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქციაზე, „ინტერპრესნიუსი“ იენას ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.
- ბატონო ბიძინა, ევროკავშირისა და ევროპული პრობლემების სია იმაზე დიდია და ისეთ საკითხებს, მოიცავს, რომელზეც პასუხები თუ ბუნდოვანი არაა, მკაფიოობა აშკარად აკლია. ამას ემატება ის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ევროპას იმის გამო აქვს, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის გამო აღარ მოიხმარს რუსულ გაზსა და ნავთობს.
აშშ-ს აღარ სურს ევროპის უსაფრთხოებაზე საკუთარი ფულის ხარჯვა. ჯერ უკრაინა-რუსეთის ომთან მიმართებაში, ახლა კიდევ გრელანდიის საკითხში ვაშინგტონის პოზიციის გამო „ცივი ომის“ შემდეგ არსებული უსაფრთხოების სისტემა პრაქტიკულად აღარც არსებობს.
ევროპა კრიზისშია, უკრაინის საკითხში ერთიანობა არაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ევროპამ მოახერხა უკრაინისთვის 90 მილიარდის ევროს გამოყოფა, იძენს სამხედრო ტექნიკას უკრაინისთვის და ტრამპთან არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ცდილობს დიპლომატიით პრობლემების მოგვარებას.
ტრამპი აცხადებს, რომ გრელანდია აშშ-ს შტატი უნდა გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გრელანდიას რუსები, ან ჩინელები დაეპატრონებიან რის შემდეგაც აშშ ევროპას რუსული საფრთხეეებისგან ვერ დაიცავს.
ამ საკითხშიც ევროპელებმა დანიასთან ერთად, რომელიც ნატოს წევრიცაა და ევროკავშირის, ტრამპს გრელანდიის საკითხის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით გადაჭრა შესთავაზეს, თან იმ პირობით, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემაში აშშ-ს მონაწილეობის ფარგლებში უკრაინის უსაფრთხოება იყოს გათვალისწინებული.
თქვენ როგორ შეაფასებდით ევროპის წამყვან ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას იმ რეალური გამოწვევების არსებობის პირობებში, რომელიც ახლა ევროკავშირსა და ევროპას აქვთ?
- ევროკავშირი დღეს კრიზისშია, და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ. ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ. დაიჯერეს რომ „ცივი ომის“ შემდეგ „ისტორია მართლა დასრულდა“, განაიარაღეს საკუთარი თავი, და საკუთარი უსაფრთხოება მთლიანად აშშ-ს აჰკიდეს, დღეს კი უკვირთ როგორ აღმოჩნდნენ ამ დღეში.
ამასთან, თავიანთი წინდაუხედავი პოლიტიკის გამო, პრობლემები დაუგროვდათ არამხოლოდ უსაფრთხოების არამედ მთელ რიგ შიდაპოლიტიკურ საკითხებში - მაგალითად საფრანგეთში საპენსიო რეფორმაა მთავარი საკითხი, გერმანიაში უკონტროლო მიგრაცია, ეკონომიკური რეცესია და საცხოვრისის საკითხი დიდ ქალაქებში და ა.შ. მიგრაციის და სოციალური საკითხების მოუგვარებლობამ დააჩქარა ულტრამემარჯვენე ძალების აღმასვლა ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში.
საფრანგეთში საპენსიო რეფორმაა მთავარი საკითხი, გერმანიაში უკონტროლო მიგრაცია, ეკონომიკური რეცესია და საცხოვრისის საკითხი დიდ ქალაქებში და ა.შ. მიგრაციის და სოციალური საკითხების მოუგვარევბლობამ დააჩქარა ულტრამემარჯვენე ძალების აღმასვლა ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში
უფრო გლობალურად თუ შევხედავთ, დღეს ყველა აღიარებს რომ ევროკავშირი გადაიქცა უაზრო რეგულაციების გამცემ მანქანად, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ვერც ერთიანი ბაზარი შედგა ბოლომდე - ვერ ჩამოყალიბდა მასშტაბის ეკონომიკად, რაც იყო თავდაპირველი მიზანი.
დრაგის ცნობილი მოხსენება სწორედ ამ უკანასკნელ ფაქტორს გამოყოფს ყველაზე დიდ პრობლემად. ეს აზიანებს ევროკავშირის გლობალურ კონკურენტუნარიანობას, მის უნარს კონკურენცია გაუწიოს აშშ-ს და ჩინეთს.
მისი ჩამორჩენილობა ამ ორ აქტორთან ძალიან დრამატულია ბევრ კრიტიკულ სფეროში, - მაგალითად მიკროჩიპების მრეწველობა, ავტოინდუსტრიის ელექტრიფიკაცია, საჯარო სერვისების დიგიტალიზაცია და ა.შ.
საქართველოშიც კი დიგიტალიზაცია ბევრ სფეროში უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში. იგივე ვენჩურულ კაპიტალს თუ შევხედავთ, ჩამორჩენა აშშ-თან აბსოლუტურად კატასტროფულია.
ყველა რეგიონული თუ ზესახელმწიფო გადავიდა ძალის პოლიტიკაზე, მათ შორის აშშ-ც. ევროპელები კი კვლავ აპელირებენ საერთაშორისო სამართალზე, ლიბერალურ წესრიგზე, საერთაშორისო ნორმებზე, ათას ფარატინა ქაღალდზე, რომელსაც აღარავინ აქცევს ყურადღებას. ეს უფრო ხავსზე მოჭიდებას გავს, ვინაიდან უჭირს ევროკავშირს გარდაქმნა გეოპოლიტიკურ აქტორად.
ყველა რეგიონული თუ ზესახელმწიფო გადავიდა ძალის პოლიტიკაზე, მათ შორის აშშ-ც. ევროპელები კი კვლავ აპელირებენ საერთაშორისო სამართალზე, ლიბერალურ წესრიგზე, საერთაშორისო ნორმებზე, ათას ფარატინა ქაღალდზე, რომელსაც აღარავინ აქცევს ყურადღებას. ეს უფრო ხავსზე მოჭიდებას გავს, ვინაიდან უჭირს ევროკავშირს გარდაქმნა გეოპოლიტიკურ აქტორად
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რომ, ევროკავშირი დაიშლება ან ისე დასუსტდება რომ უუნარო გახდება. მას აქვს დიდი რესურსი და პოტენციალი იმისთვის, რომ ეს ჩამორჩენები შეამციროს, პრობლემები დაძლიოს და მნიშვნელოვან გეოპოლიტკურ აქტორად ჩამოყალიბდეს.
მთავარი საკითხია, და რასაც მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, არის ის, მოინდომებს თუ არა 27 სახელმწიფო ამისთვის გაერთიანებას. სხვანაირად ევროპა აშშ-ს და ჩინეთს კონკურენციას ვეღარ გაუწევს.
- ჯერ იყო მსოფლიოში ერთ-ერთმა მდიდარმა და ტრამპის ყოფილმა თანაგუნდელმა ილონ მასკმა დაიწყო ევროპულ პოლიტიკაში ღიად ჩარევა. გვახსოვს მასკის მიერ გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღიად მხარდაჭერა. შემდეგ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის კრიტიკული შეფასებები ევროკავშირზე, ევროპული უსაფრთხოების სისტემაზე და ევროპულ დემოკრატიაზე შეტევები.
ამას წინათ პრეზიდენტმა ტრამპმაც ევროპაზე საუბრისას იმგვარი განცხადებები აკეთა, ძნელი სავარუდო არ უნდა იყოს რომ ევროპის დედაქალაქებში მისი განცხადებები მოსწონებოდათ.
ვენესუელის პრეზიდენტი მადურო ვინც იყო, ყველამ იცის, მისი დაკავებისა და აშშ-ში გატაცების ისტორიას ბევრი ამართლებს, მაგრამ, ვხედავთ რომ ტრამპი აცხადებს ვენესუელას ვმართავო, თანაც იმ ხალხის მეშვეობით, ვინც მადუროს თანაგუნდელები იყვნენ. ტრამპმა პუტინის მოკავშირე ვენესუელის პრეზიდენტი დააკავა, მაგრამ პუტინს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაყიდვაში პრობლემებს უქმნის.
როგორ აფასებს ევროპის პოლიტელიტა ევროპის მიმართ აშშ-ს ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას?
ასევე იმას, თუ რა პოლიტიკა გაატარა და ახლაც აგრძელებს გატარებას ტრამპი ვენესუელაში?
- ევროპელებს არ ქონიათ ერთიანი პოზიცია. გერმანიამ და ბრიტანეთმა ძალიან მოზომილი განცხადებები გააკეთეს. საფრანგეთი და ესპანეთი უფრო კრიტიკული იყო. კაია კალასმაც კრიტიკული განხცხადება გააკეთა, თუმცა მისი აზრი ყველაზე ნაკლებად აინეტერესებთ ალბათ. ზოგადად, რაც არ უნდა თქვან ევროპელებმა, მათი გავლენა ამ საკითხზე იმდენად მიზერულია, რომ დიდად მნიშვნელობაც არ აქვს, რას ფიქრობენ.
ევროპელებს, რა თქმა უნდა არ მოსწონთ ის რომ, ამერიკა თვითონვე ებრძვის თავისსავე შექმნილ ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს - ანუ წესებზე დამყარებულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც მართალია ბევრი ნაკლოვანებებით მაგრამ ნაწილობრივ მაინც არსებობდა ბოლო 30-40 წელი.
ევროპელებს, რა თქმა უნდა არ მოსწონთ ის რომ, ამერიკა თვითონვე ებრძვის თავისსავე შექმნილ ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს - ანუ წესებზე დამყარებულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც მართალია ბევრი ნაკლოვანებებით მაგრამ ნაწილობრივ მაინც არსებობდა ბოლო 30-40 წელი
ევროპელებს ასევე ძალიან აშინებთ ზოგადად „მონროს“ ან „დონროს“ დოქტრინის აღორძინება ამერიკის საგარეო ხედვაში, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს აბრუნებს ძველი გავლენის სფეროების და ძალის პოლიტიკის პრინციპებს, მეორე - მეტად უხსნის ხელფეხს ჩინეთს და რუსეთს, გააკეთონ იგივე თავის გავლენის სფეროებში, და მესამე და მთავარი - დიდ გამოწვევას ქმნის გრენლანდიასთან მიმართებით, რომელსაც ამერიკა ასევე თავის გავლენის სფეროში მოიაზრებს და სურს მასზე კონტროლი, რაზეც ევროკავშირს პასუხი არ აქვს.
ევროპელებს ძალიან აშინებთ „მონროს“ ან „დონროს“ დოქტრინის აღორძინება ამერიკის საგარეო ხედვაში, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს აბრუნებს ძველი გავლენის სფეროების და ძალის პოლიტიკის პრინციპებს, მეორე - მეტად უხსნის ხელფეხს ჩინეთს და რუსეთს, გააკეთონ იგივე თავის გავლენის სფეროებში
თუ ტრამპი გრენლანდიის საკითხის სამხედრო გზით მოგვარებას გადაწყვეტს, ეს გამოიწვევს სავარაუდოდ ნატოს მინიმუმ დეფაქტო დაშლას, და ამერიკას აქცევს ევროკავშირისთვის კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ საფრთხედ და მეტოქედ. ამ რეალობის წარმოდგენა ევროპელებს რა თქმა უნდა, არ უნდათ.
თუ ტრამპი გრენლანდიის საკითხის სამხედრო გზით მოგვარებას გადაწყვეტს, ეს გამოიწვევს სავარაუდოდ ნატოს მინიმუმ დეფაქტო დაშლას, და ამერიკას აქცევს ევროკავშირისთვის კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ საფრთხედ და მეტოქედ
- ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ევროპა რომ კრიზისშია, ფაქტია, მაგრამ, ისეც არაა საქმე, როგორც ბევრი ამბობს, ხან ევროკავშირის, ხანაც ნატოს დაშლას რომ პროგნოზირებს.
ანუ, ცნობები და მტკიცებები იმის შესახებ რომ „ევროპა გარდაცვლილია“, აშკარად გადაჭარბებულია. ევროპის წამყვანი ქვეყნები ზოგჯერ აშშ-ს გარეშე, ზოგჯერ აშშ-ს ჩართულობით ცდილობენ უკრაინის დაცვასაც და საერთაშორისო პოლიტიკაში ევროპის ერთიანი პოზიციის დაცვასაც.
ტრამპი კი აცხადებს, რომ პუტინს ევროპის არ ეშინია, მხოლოდ აშშ-ს უწევს ანგარიშს, მაგრამ, იმასაც ვხედავთ, რომ თუნდაც უკრაინის საკითხში რაზეც არ უნდა მოილაპარაკონ ტრამპმა და პუტინმა, უკრაინისა და ევროპის გარეშე უკრაინის საკითხი ვერანაირად ვერ მოგვარდება.
დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი კი ამბობს რომ ტრამპს პუტინთან და რუსეთთან ბიზნესის კეთება უნდა, მაგრამ, ომის დასრულება პუტინის პირობებით შეუძლებელია. „მსურველთა კოალიცია“ აცხადებს, რომ თუ უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზზე ცეცხლი შეწყდა, მზად არიან თავისი სამშვიდობო ძალები განალაგონ უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ მოვლენათა განვითარების ეს სცენარი პუტინისთვის წარმოუდგენელია.
ამბობენ, ტრამპი თვის ბოლომდე დაელოდება პუტინის სავარაუდო პასუხს უკრაინაში ომის დასრულების თემაზე, მაგრამ, იმასაც ამბობენ რომ თუ ტრამპს პუტინის პასუხი არ მოეწონა, არაა გამორიცხული აშშ რუსეთთან ღია კონფრონტაციაში არ ჩაერთოს, მაგრამ ევროპასთან ერთად ისე დაეხმაროს უკრაინას, რომ უკრაინამ შეძლოს რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.
მოვლენათა განვითარების ამგვარი სცენარის მე დიდად არ მჯერა, მაგრამ, მაინც ვიკითხავ - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ტრამპმა პუტინს ზურგი შეაქციოს და უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზზე მოვლენების განვითარებას დაელოდოს?
- ამ სცენარის წინააღმდეგ რამდენიმე ფაქტორი საუბრობს: პირველი ,ტრამპის საგარეო პოლიტიკურ გუნდში დომინირებენ პიროვნებები, მაგალითად ჯეფ კოლბი, რომელთათვისაც პრიორიტეტი ჩინეთი და აზიაა და არა ევროპა.
მათი აზრით, ევროპამ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოს და უკრაინაც ევროპის პრობლემაა და არა ამერიკის. ამის ნაწილია ე.წ. „შებრუნებული ნიქსონის ან კისინჯერის“ გამეორების სურვილი, ანუ ჩინეთს ჩამოაშორონ რუსეთი და თავის მხარეს გადაიყვანონ, დაშალონ რუსეთ-ჩინეთის ალიანსი. რამდენად რეალისტურია ეს სცენარი სხვა საკითხია, მაგრამ ამის სურვილი ვაშნგტონში ფაქტია არსებობს.
ტრამპის საგარეო პოლიტიკურ გუნდში დომინირებენ პიროვნებები, მაგალითად ჯეფ კოლბი, რომელთათვისაც პრიორიტეტი ჩინეთი და აზიაა და არა ევროპა
ამას ემატება მეორე ფაქტორი - „მონროს დოქტრინის“ წამოწევა, რომელსაც „დონროს დოქტრინასაც“ უწოდებენ - რაც ნიშნავს დასავლეთ ნეხავარსფეროს აშშ-ს გავლენის ზონად შენარჩუნებას - რაც ასევე მოიაზრებს იმას, რომ სხვა ზესახელმწოებს ექნებათ მეტი ლეგიტიმური უფლება, ჰქონდეთ საკუთარი გავლენის სფეროები, მათ შორის რუსეთსაც - ანუ შეიძლება აშშ-ს არ ჰქონდეს პრობლემა უკრაინა დაუბრუნდეს რუსეთის გავლენის ზონას.
რა თქმა უნდა, აქ არის ეკონომიკური ინტერესებიც როგორც უკრაინაში ისე რუსეთში, ასევე ტრამპის ინდივიდუალური ინტერესებიც, რომ ომის დამთავრება მიიწეროს, და როგორ დამთავრდება, და გაიჭყლიტება თუ არა უკრაინა ამ პროცესში, ეს მისთვის მეორეხარისხოვანია.
ყველა ამ ფაქტორის გამო, მეც არ მგონია ტრამპმა მნიშვნელოვნად შეიცვალოს პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, თუმცა არც გამორიცხულია, თუ შეატყობს რომ ომის დინამიკა იცვლება - ამისთვის საჭირო იქნება, რომ უკრაინამ გაუძლოს ზეწოლას, ევროპამ შეძლოს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების შენარჩუნება იმ დონეზე რომ არც ფრონტის ხაზი ჩამოაშალოს და ქვეყანამაც შეძლოს ფუნქციონირება.
არ მგონია ტრამპმა მნიშვნელოვნად შეიცვალოს პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, თუმცა არც გამორიცხულია, თუ შეატყობს რომ ომის დინამიკა იცვლება - ამისთვის საჭირო იქნება, რომ უკრაინამ გაუძლოს ზეწოლას, ევროპამ შეძლოს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების შენარჩუნება იმ დონეზე რომ არც ფრონტის ხაზი ჩამოაშალოს და ქვეყანამაც შეძლოს ფუნქციონირება
ანუ თუ შეატყობს რომ ომის სცენარი იცვლება, შეიძლება დადგეს გამარჯვებულის მხარეს, ან თუ შეატყობს რომ ომი უაზროდ იწელება, შეიძლება ისევ წამოწიოს საზავო ინიციატივები, მაგრამ დიდ სამხედრო რესურსებს რომ არ ჩადებს ამ კონფლიქტში ფაქტია, თუ რაიმე კარდინალურად არ შეიცვალა.
- ევროკავშირში ბევრ საკითხზე, მათ შორის უკრაინის საკითხში აზრთა სხვადასხვაობაა, ვხედავთ. ამ საკითხში ყველაზე მეტად უნგრეთისა და სლოვენიის ლიდერები აქტიურობენ. სწორედ ისინი გვევლინებიან იმ ლიდერებად, რომლებთანაც საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობები აქვთ.
ორივე ლიდერი ევროკავშირის პოლიტიკას უკრაინის მხარდასაჭერად და პუტინის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებს. ამიტომ მათ პუტინის არა მხოლოდ თანამოაზრეებად, არამედ გამხმოვანებლადაც ხშირად მოიხსენიებენ.
უნგრეთში 12 აპრილს არჩევნებია დანიშნული. უნგრეთის პრემიერი ორბანი შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას. თუმცა, მას კონკურენციას უწევს საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია და ოპოზიციის ლიდერი.
ორბანის წინასაარჩევნო ლოზუნგი ასეთია - „არა ომს, კი - მშვიდობას“. მისი თქმით, იგი „უნგრელი ხალხისგან ითხოვს მანდატს რომ უნგრეთი ევროპულ ომში არავინ ჩაითრიოს.“
შეძლებს ორბანი ძალაუფლების შენარჩუნებას, თუ ევროპის შუაგულში, უნგრეთში ევროკავშირის მხარდამჭერები დამარცხდებიან?
- ორბანის დამარცხება გამორიცხული, რა თქმა უნდა არ არის, პეტერ ამაგიარის პარტია ყველა გამოკითხვით წინ არის რამდენიმე პროცენტით. თუმცა ქვეყნის პოლიტიკური სისტემა იმდენად აქვს მორგებული ორბანს და ფიდეშს უკვე თავის თავზე, რომ მაინც რთულია პროგნოზირება.
რაც შეეხება მის საარჩევნო კამპანიას, მშვიდობის ლოზუნგი არ ჰქონია მხოლოდ ორბანს, მას აქტიურად იყენებენ პოლიტიკური პარტიები ევროპის ბევრ ქვეყანაშიც. აქ გერმანიაშიც ოლაფ შოლცს და სოციალ დემოკრატებსაც კი ქონდათ მსგავსი რიტორიკა ბოლო არჩევნებში, აღარ ვლაპარაკობ აფდ-ზე და მემარცხენეებზე.
ორბანის დამარცხება გამორიცხული, რა თქმა უნდა არ არის, პეტერ ამაგიარის პარტია ყველა გამოკითხვით წინ არის რამდენიმე პროცენტით. თუმცა ქვეყნის პოლიტიკური სისტემა იმდენად აქვს მორგებული ორბანს და ფიდეშს უკვე თავის თავზე, რომ მაინც რთულია პროგნოზირება
ზოგადად ევროკავშირის პრობლემის ორბანამდე დაყვანა არასწორი მგონია. პრობლემა არის თვითონ ევროკავშირის მოუქნელი სტრუქტურა - როცა 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე. არ იქნება ორბანი, იქნება სხვა ვინც დაბლოკავს. ეს სისტემა მეტნაკლებად მუშაობდა ბოლო დრომდე, როცა იყო მშვიდობიანი და სასათბურე გარემო.
დღეს როცა მსოფლიო ძველ მტაცებლურ გეოპოლიტიკურ წესრიგს უბრუნდება, ევროკავშირის ეს მოუქნელი სისტემა აშკარად ამოვარდნილია კონტექსტიდან. ეს არ ნიშნავს, რომ მის არსებობას საფრთხე ემუქრება, თავის ძირითად ფუნქციას - ევროპული ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას - ასრულებს კარგად, მაგრამ ის ვერასდროს გახდება გეოპოლიტიკური მოთამაშე, თუ ძირეულად არ შეიცვალა, რასაც პირი არ უჩანს.
ამიტომ წამოვიდა ალტერნატიული უფრო მოქნილი დაჯგუფებები - „მსურველთა კოალიციები“ და ა.შ. არსებობს მაგალითად „მრავალსიჩქარიანი ევროპის“ ხედვა, სადაც სხვადასხვა ქვეყნების ჯგუფები კრავენ ძალებს და თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხებში მჭიდროდ.
დღეს როცა მსოფლიო ძველ მტაცებლურ გეოპოლიტიკურ წესრიგს უბრუნდება, ევროკავშირის ეს მოუქნელი სისტემა აშკარად ამოვარდნილია კონტექსტიდან. ეს არ ნიშნავს, რომ მის არსებობას საფრთხე ემუქრება, თავის ძირითად ფუნქციას - ევროპული ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას - ასრულებს კარგად, მაგრამ ის ვერასდროს გახდება გეოპოლიტიკური მოთამაშე, თუ ძირეულად არ შეიცვალა, რასაც პირი არ უჩანს
და ვისაც არ უნდა ის რჩება განზე - მაგალითად უკრაინის შემთხვევაში გერმანია, ჩრდილო და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები, ასევე ბრიტანეთი აქტიურობენ ყველაზე მეტად. და რაც იბლოკება ევროკავშირის შიგნით, ეს ქვეყნები აკეთებენ ინდივიდუალურად და შეთანხმებულად.
- ჯერ იყო აშშ-მ შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ამის პარალელურად იმის გამო რომ საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებდა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე, ხელისუფლებას საკმაოზე მეტად დაძაბული ურთიერთობა აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან.
ხელისუფლებასთან დაკავშირებით ბრიუსელში რას ფიქრობენ, ვიცით. თქვენთან შეხმიანებამდე სოციალურ ქსელში გაიხსენეს იმის შესახებ რომ ევროკავშირი იანვრიდან ქართულ დიპლომატიურ და სამსახურეობრივ პასპორტებს ერთიანად დაბლოკავს.
იმ პროცესების ფონზე თუ რა და როგორ ვითარდება მოვლენები ევროპაში და ევროპულ სტრუქტურებში, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები?
- დღეს საქართველოსთვის დიდად არავის სცხელა, არც აშშ-ს, არც ევროპას. ორივეს აურაცხელი პრობლემა აქვს და ალბათ საქართველოს საკითხი მსოფლიო პოლიტიკის საკითხების ტოპ ოცეულშიც არ არის მათთვის.
უნგრეთის არჩევნებზეც, არც პროსახელისუფლებო და არც პრო-ოპოზიციური პოზიციიდან დიდ ფსონს არ დავდებდი, რომც წააგოს ორბანმა, არაფრის გარანტია არ არის ეს, რომ ევროკავშირი რამეს შეცვლის. ხშირად ზედმეტად კომიკურად გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ხოლმე ორბანს, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრისას.
დღეს საქართველოსთვის დიდად არავის სცხელა, არც აშშ-ს, არც ევროპას. ორივეს აურაცხელი პრობლემა აქვს და ალბათ საქართველოს საკითხი მსოფლიო პოლიტიკის საკითხების ტოპ ოცეულშიც არ არის მათთვის
კი შეიძლება ორბანის გარეშე გამოიყენონ მეტი სადამსჯელო ინსტრუმენტები, მაგრამ შეიძლება არც გამოიყენონ, იმიტომ რომ ევროკავშირშიც ხვდებიან, რომ თუ ყველა ინსტრუმენტს გახარჯავენ, მაშინ მთლიანად დაკარგავენ გავლენას ქვეყანაზე. და არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მეტი სადამსჯელო ნაბიჯი იმოქმედებს, მეც მგონია რომ პირიქით, ამით უფრო შესუსტდება ევროკავშირის გავლენა საქართველოზე და მთლიანად რეგიონზეც.
რეალობა არის ის, რომ საქართველო დღეს ოპერირებს მულტიპოლარულ გარემოში, და აქვს მეტი ალტერნატიული ოპცია ეკონომიკური განვითარების და ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად, ვიდრე ეს იყო 90იანებში, როცა დასავლეთის დახმარებებზე იყო ჩამოკიდებული. ეს შეიძლება ცუდია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ვინაიდან აახლოებს ქვეყანას არადემოკრატრიულ სამყაროსთან, მაგრამ ეს არის მოცემულობა, და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.
რეალობა არის ის, რომ საქართველო დღეს ოპერირებს მულტიპოლარულ გარემოში, და აქვს მეტი ალტერნატიული ოპცია ეკონომიკური განვითარების და ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად, ვიდრე ეს იყო 90იანებში, როცა დასავლეთის დახმარებებზე იყო ჩამოკიდებული. ეს შეიძლება ცუდია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ვინაიდან აახლოებს ქვეყანას არადემოკრატრიულ სამყაროსთან, მაგრამ ეს არის მოცემულობა, და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ
ამასთან არ დაგვავიწყდეს ისიც რომ, ევროკავშირი არ არის მხოლოდ ღირებულებითი აქტორი, ის აზროვნებს გეოპოლიტიკურადაც და საერთოდ არ აქვს პრობლემა, ავტორიტარულ ქვეყნებთან ითანამშრომოლოს, მაგალითად მეზობელ აზერბაიჯანთან მშვენიერი ტრანსაქციური პარტნიორობა აქვს აწყობილი უკვე წლებია.
საქართველოს მიმართ მისი მკაცრი მიდგომა განპირობებული იყო იმით, რომ იმედი ჰქონდათ პროტესტის წარმატების, რაც არ დადგა. თუ ჩათვლიან რომ ქვეყნის შიგნით ამ ეტაპზე ცვლილების რესურსი ამოწურულია, უფრო პრაგმატულ მიდგომაზე გადავლენ, ორბანით თუ მის გარეშე.
საქართველოს მიმართ მისი მკაცრი მიდგომა განპირობებული იყო იმით, რომ იმედი ჰქონდათ პროტესტის წარმატების, რაც არ დადგა. თუ ჩათვლიან რომ ქვეყნის შიგნით ამ ეტაპზე ცვლილების რესურსი ამოწურულია, უფრო პრაგმატულ მიდგომაზე გადავლენ, ორბანით თუ მის გარეშე
ეს არის მათი ოპერაციული კოდი მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში: ყოველთვის უყურებენ რა პროცესები მიდის და როგორი ძალთა გადანაწილებაა ქვეყნის შიგნით და რეაგირებენ შესაბამისად.
- გასული წლის დეკემბრის ბოლოდან დრამატულად ვითარდება მოვლენები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ქუჩაში გამოსული ხალხი ქვეყნის აიათოლებისგან გათავისუფლებას და ირანში ფეხლევების დინასტიის აღდგენას ითხოვს. ფაქტია, რომ ირანში ახლა ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება. საპროტესტო აქციებს ხელისუფლებამ ძალა დაუპირისპირა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანასთან კომინიკაციის საშუალებები შეზღუდულია, უკვე ვიცით, რომ ისლამური ხელისუფლება მომიტინგეებს სასტიკადაც კი უსწორდება. პრეზიდენტმა ტრამპმა ირანელი ხალხის მხარდამჭერი განცხადებებიც კი გააკეთა, მათ დახმარებასაც კი დაპირდა, მაგრამ ამის მსგავსი ჯერ არაფერი მომხდარა.
ირანელი ხალხის მხადამჭერი განცხადებები ევროპის ლიდერებმაც გააკეთეს, მაგრამ ამგვარი დახმარების შესაძლებლობა ევროპის ქვეყნებს არ აქვთ, ვიცით.
თუ ირანში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია იმაზე სუსტი და არაფრისმომცემი აღმოჩნდა ირანელი ხალხისთვის, ეს რისი ნიშანი და იქნება? და როგორ შეაფასებენ მას ევროპაში?
- ევროპაში როგორ შეაფასებენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ირანელი ხალხისთვის. ახლა ჩვენ ვხედავთ ათასობით ადამიანის სიკვდილს და ადამიანურად გვინდა, რომ რეჟიმი დაემხოს, მაგრამ სამყაროში ყველაფერი სამართლიანად არ ხდება.
თუ გადავხედოთ წარმატებული პროტესტების ისტორიას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში - აქ ორი ფაქტორია გადამწყვეტი - რამდენად შესწევს რეჟიმს უნარი, შეინარჩუნოს ერთიანობა და ძალადობის ეფექტური აპარატი, და რამდენად შეძლებს სოციალურ-ეკონომიკური სისტემის დასტაბილურებას.
საგარეო ჩარევის ეფექტურობის კი დიდად არ მჯერა, შეიძლება დაბომბოს ამერიკამ კი ბატონო, მაგრამ ამით რა შეიცვლება? თუ გინდა რეჟიმის დამხობა უნდა გაიმეორო ვენესუელას სცენარი, მოახდინო ლიდერების ლიკვიდაცია, ან გაუვნებელყოფა და ა.შ. ამის რესურსი და ინტერესი რამდენად აქვს აშშ-ს, არ ვიცი
ასეთ რეგიონებში როგორც წესი, მასშტაბური პროტესტებს თითქმის ყოველთვის აქვთ სოციალური საფუძველი და ნაკლებად - ღირებულებითი საფუძველი, ხალხს ჯერ შია და შემდეგ უნდა დემოკრატია ან შეიძლება ეს უკანასკნელი საერთოდ არ მოუნდეს გავიხსენოთ, მაგალითად, არაბული გაზაფხული, რომლის ერთერთი გამომწვევი ფატქორი პურის პროდუქტებზე ფასის მატება იყო.
მოკლედ, თუ ხალხი მშიერი იქნება, პროტესტი არ ჩაცხრება, თუ მთლად ჩრდილო კორეად არ გადაიქცნენ, და შეიძლება რაღაც მომენტში რეჟიმის რღვევაც დაიწყოს, თუმცა ამის გარედან განსჯა ძნელია.
საგარეო ჩარევის ეფექტურობის კი დიდად არ მჯერა, შეიძლება დაბომბოს ამერიკამ კი ბატონო, მაგრამ ამით რა შეიცვლება? თუ გინდა რეჟიმის დამხობა უნდა გაიმეორო ვენესუელას სცენარი, მოახდინო ლიდერების ლიკვიდაცია, ან გაუვნებელყოფა და ა.შ. ამის რესურსი და ინტერესი რამდენად აქვს აშშ-ს, არ ვიცი.
ევროკავშირს ფაქტია არანაირი „კარტი“ არ აქვს, კი შეუძლია გაამკაცროს უფრო სანქციები, მაგრამ ეს შედეგს მოიტანს მაქსიმუმ საშუალოვადიან პერსპექტივაში, დღეს პროტესტს ვერ დაეხმარება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი