ვინ არიან “ჯანსაღი ძალები” რომელთა პოლიტიკაში შემოსვლასაც პრემიერი აანონსებს პარტიების შესაძლო აკრძალვის შემდეგ
აშშ-სომხეთმა “ტრამპის მარშრუტი” შეათანხმეს - სად არის საქართველო
დადგება თუ არა საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხი სურსათის ზემაღალი ფასების გამოძიების ფარგლებში?
* * *
ვინ არიან “ჯანსაღი ძალები” რომელთა პოლიტიკაში შემოსვლასაც პრემიერი აანონსებს პარტიების შესაძლო აკრძალვის შემდეგ
“საკონსტიტუციო სასამართლოს დაახლოებით ხუთი თვე დარჩა, რათა “ოცნების” სარჩელი განიხილოს სამი პარტიის აკრძალვის თაობაზე. თავად მმართველ გუნდში “ძალიან დიდი იმედი” აქვთ, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით და როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან სისტემას, უკვე “გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის”. პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ სისტემაში პროცესები განვითარდეს სწორი მიმართულებით” და “ოცნება” მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ პროცესების ჯანსაღი მიმართულებით განვითარებას შეუწყონ ხელი. “ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი არ უნდა იყოს ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში. ეს პარტიები თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური... წლების განმავლობაში ამოძრავებთ არაკონსტიტუციური მიზნები... ახალი პარტიები უნდა შეიქმნას, რომელიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ ჯანსაღ ქართულ სისტემაში”, - თქვა კობახიძემ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ არიან “ჯანსაღი ძალები” რომელთა პოლიტიკაში შემოსვლასაც პრემიერი აანონსებს პარტიების შესაძლო აკრძალვის შემდეგ.
“ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 31 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართა. ეს პარტიებია - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო - ძლიერი საქართველო”, “კოალიცია ცვლილებებისთვის”. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ კობახიძის განცხადება დასავლეთთან ვაჭრობას უფრო ჰგავს, რომ “ქართული ოცნებას” დასავლეთმა “ხელი ჩამოართვას”. “მე მგონი ეს დასავლეთთან ვაჭრობის თემა უფროა ამ წუთში, თორემ აქამდეც აკრძალავდნენ, რა პრობლემაა. ეუბნებიან რით ვართ ჩვენ ლუკაშენკოზე ნაკლები? კი ბატონო, არ ვართ დემოკრატიულები, არ მივდივართ ევროპასა და ნატო-ში, მაგრამ, ვართ ზომიერი, გონივრული ავტორიტარიზმი, ნახეთ ჩვენთან აქციები ტარდება, დარბევები იყო, მაკრონმა დაგვირეკა და მაშინვე შევწყვიტეთ, პირიქით, ვინც არბევდა ზოგი ციხეშიც კია”, - ამბობს ზაქარეიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ “ისინი ცდილობენ შექმნან ნიადაგი, რათა დასავლეთმა საქართველო ცნოს არა როგორც დემოკრატიული, არამედ ავტორიტარული მმართველი სისტემა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მისთვის მთავარია ჩაახშოს საუბრები ლეგიტიმაციაზე. არალეგიტიმურობაზე ლაპარაკი საქართველოში რაღაც პროცესებს ქმნის, ვიღაცეებს ასულდგმულებს, რომ შეიქმნან ილუზია, თითქოს რეჟიმის ცვლილება შეიძლება. საქართველოში ასეთი ძლიერი რეჟიმი არასდროს არ ყოფილა, არც შევარდნაძის დროს, არც სააკაშვილისა და არც ივანიშვილის დროს აქამდე. რაც ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა და ადგილობრივ მმართველობას ბოიკოტი გამოუცხადა, მას შემდეგ “ოცნება” ძალიან ძლიერი გახდა. თუ პარტიები აკრძალეს, რაც რეალურია, დასავლეთიდან ამას უკვე აღარ აპატიებენ და ნამდვილად სერიოზული სანქციები მოვა, ეს “ქართულ ოცნებაში” კარგად იციან. თუ პარტიები აკრძალეს არავითარი ლეგიტმაცია და ხელის ჩამორთმევა აღარ იქნება. ვიდრე ხელის ჩამორთმევის შანსები არსებობს, მანამდე იქნება ლაპარაკი აკრძალვა-არაკრძალვაზე”, - დაასკვნის გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვა რეალურად მოსალოდნელია. “პარტიების აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრეციაა. თავად რადიკალურ ოპოზიციაში მიდის სჯა-ბაასი, თუ როგორ უნდა განლაგდნენ ახალ პოლიტიკურ ოპოზიციურ ველზე, რადგან თავადაც ხედავენ, რომ ეს ცირკად ქცეული ე.წ. მარშები და პროტესტები არაფერს ნიშნავს. მათი ლიდერების დიდი ნაწილი სამართლიანადაა დაკავებული გადატრიალებისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობისთვის, ასევე სხვადასხვა დანაშაულებისთვის. ქართულ რეალობაში დიდი დემოკრატიული ტრაგედიაა, როცა ასეთი უსამშობლო ძალები გვყავს, რომლებიც თავს პროდასავლელებად მოიხსენიებენ, მაგრამ მათში იოტისოდენა დასავლური ფასეულებებიც კი არაა.”, - აცხადებს გია აბაშიძე, რომლის თქმით, “მათში ვერაგი რევანშიზმი და ხელისუფლების მიტაცების სურვილია, სადაა მათი პროგრამები? ფასების რეგულირებას ოპოზიცია უნდა ითხოვდეს და არა პრემიერი, პირიქით, ისინი გამყიდველების მხარეს დადგნენ” - განაგრძობს გამოცემა.
ვინ არიან “ჯანსაღი ძალები”? პაატა ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ “ოცნების” გაგებით ე.წ. ჯანსაღი ძალები არიან მათთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები. “ხალხის ძალა” და ისინი, ვინც თვითონ შექმნეს. არც ხალხის ძალას და არც “ევროპელ სოციალისტებს” ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ, რადგან ხალხი არ ჰყავთ. ვინც “ოცნებამ” თავის წიაღიდან შექმნა და მუდმივად მფარველობს, ესაა მათთვის ჯანსაღი ძალა. არც “გირჩია” მაგი გაგებით ჯანსაღი და არც “ალტ-ინფო”, რადგან მათ თავის ამომრჩეველი ჰყავთ. ვისაც საკუთარი ამომრჩეველი ჰყავს, ის მათი გაგებით არაა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ეს ძალები არიან ისინი, ვინც მათთვის მოქმედებს”, - განმარტავს ზაქარეიშვილი. გია აბაშიძე კი თვლის, რომ რაღაც პარტიები უკვე გამოიკვეთა და მოსალოდნელია, რომ კიდევ ვიხილოთ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები”, - დასძენს გამოცემა.
“ფაქტია ის პერსონაჟები, რომლებიც ახლა ტივტივებენ, არაფერს არ წარმოადგენენ, პოლიტიკური წონა არ აქვთ. ამათ ჩააჩოჩებენ და ვერ გეტყვით კონკრეტულად ვინ შეიძლება გამოჩნდეს. სიახლეები ყოველთვის მოსალოდნელია, ქართულ პოლიტიკურ წრეებში ნიჭიერი პოლიტიკოსები არიან და გამოჩნდებიან, ამ მომენტში ისინი ენმ-სა და მისი სატელიტების მიერ არიან დაჩრდილულნი. ყველაფერი წინაა, რაღაც პარტიები უკვე გამოიკვეთა, რომლებიც ხელისუფლების მიმათ სიმპატიებს გამოხატავენ - “ხალხის ძალა”, “ნეიტრალური საქართველო”, მაგრამ კიდევ უფრო ველი, რომ ადამიანთა შეგნებულად მოაზროვნე რაღაც ჯგუფები შეიკრიბებიან და ქართულ პოლიტიკაში თავის სიტყვას იტყვიან”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდნტთან საუბრისას გია აბაშიძე.
აშშ-სომხეთმა “ტრამპის მარშრუტი” შეათანხმეს - სად არის საქართველო
“ვაშინგტონში ხელი მოეწერა აშშ-სომხეთს შორის “ტრამპის მარშრუტის” ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც 2025 წლის 8 აგვისტოს სამმხრივი შეთანხმების გაგრძელებაა სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ და რომელმაც აზერბაიჯანი ნახჭევანის ექსკლავთან უნდა დააკავშიროს, აშშ-მა კი მისი განვითარების უფლება მიიღო აღნიშნული დოკუმენტით. 6-გვერდიანი ხელშეკრულება უკვე გამოქვეყნდა, მას 13 იანვარს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მოაწერეს ხელი. შეიქმნება “ტრამპის მარშრუტის” განვითარების კომპანია, რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს, ხოლო 26% მას დარჩება. ამერიკულ-სომხური კომპანია შეთანხმებულ მონაკვეთზე ააშენებს რკინიგზას, გზას, ენერგომომარაგების ხაზებს და ინფრასტრუქტურას სატრანზიტო დერეფნისთვის. ეს კომპანია იქნება პასუხისმგებელი გზიდან შემოსავლების მენეჯმენტზე, სულ მცირე, 49 წლის განმავლობაში. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ ალბათ საქართველოს ხელისუფლებამ არსებული რეალობა “აწონ-დაწონა” და ის მდგომარეობა ამჯობინა, სადაც ახლაა. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი თვლის, რომ პროექტზე მიბმას მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა ექნებოდა საქართველოსა და მთლიანი კავკასიისთვის, რაც რუსეთს და ირანს მნიშვნელოვნად შეასუსტებდა და აშშ-ს გააძლიერებდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აშშ-სომხეთმა “ტრამპის მარშრუტი” შეათანხმეს - სად არის საქართველო.
“როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, “შეუფერხებელი, მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარება, ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობას, სტაბილურობას და ინტეგრაციას სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე. აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილისა და მისი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დამაკავშირებელი და ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის სასიცოცხლო რგოლის შექმნის პარალელურად, მოსალოდნელია, რომ ის ორმხრივ სარგებელს მოუტანს სახელმწიფოთაშორის კავშირებს... ამერიკის შეერთებული შტატების სურვილია: რეგიონში მშვიდობის და კეთილდღეობის ხელშეწყობით მშვიდობის მაგალითის მიცემა დანარჩენი მსოფლიოსთვის... სომხეთის სურვილია: მდგრადი შემოსავლების ნაკადების და გატანის უფლებების გენერირება... ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება რეგიონული ინტეგრაციისა და ნორმალიზაციის ხელშეწყობა სომხეთის ექსპორტის პოტენციალის გაფართოება ახალ ბაზრებზე...” - აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველო იქ არის, სადაც უნდა იყოს. კარგად მოვისმინეთ, რომ მოგების 74% წავა აშშ-ში და 26% სომხეთს დარჩება და რა შეიძლება ამის შემდეგ ამაზე რაიმე ითქვას? საქართველომ ის პოლიტიკა უნდა გააგრძელოს, რომელსაც აგერ 13 წლისა და განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში ატარებს “ქართული ოცნება”. ჩვენ იმ პოლიტიკას ვაწარმოებთ, რომლის მიხედვითაც ჩვენი სუვერენიტეტი უნდა განმტკიცდეს და როგორც შინაგანად, ისე გარედან ძლიერ სახელმწიფოდ უნდა გამოვიყურებოდეთ. პოლიტიკაში უკვე ისეთი დროა დამდგარი - ძლიერებს პატივს სცემენ, სუსტებს არა. პირდაპირ აცხადებენ, რომ “დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალიო”, ასეა ახლა სომხეთის საქმე”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
“ამ ეტაპზე ჯერჯერობით გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ და ეს ამ პროექტითაც გამოჩნდა. გუშინ სომხეთის პარლამენტმა რუსეთის სასაზღვრო ჯარების გაყვანა მოითხოვა, იმ სასაზღვრო ზოლიდან, რომელიც სწორედ ტრამპის კორიდორს მოიცავს. ეს რუსებისთვის უკვე პირდაპირი გამოწვევაა. “ოცნებისთვის” ასეთ პროექტებში ჩართვას აზრი არ აქვს, როცა პრორუსულ საგარეო პოლიტიკას მისდევს. ეკონომიკურ მოგებას ხედავენ, მაგრამ პოლიტიური დატვირთვა ის იქნებოდა, რომ აქ დაიწყებოდა უკვე ახალი რეგიონული უსაფრთხოების მოდელის შექმნა საქართველო-აზერბაიჯან-სომხეთს პლუს თურქეთი და ამერიკა, 3-ს პლიუს 2 იქნებოდა საკმაოდ სერიოზული ფორმულა ჩვენი საგარეო კურსისთვის. ამით 3+3 მოდელი უქმდებოდა, ფაქტიურად რუსეთისა და ირანის ნიველირებას ვახდენდით. როგორც ჩანს, ახლა ამერიკა სომხეთსა და აზერბაიჯანზე გადაიტანს აქცენტს. ჩვენ თამაშგარე ვიქნებით. ალბათ დავსხდებით რუსეთის მიერ წარმოებულ ჩრდილოეთ-სამხრეთის გეოეკონიმიკურ ფორმატში. ასეთი აზრი მრჩება, რომ განგებ აარიდეს დღევანდელმა მმართველმა ძალამ თავი, ისედაც ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ აგრესიული დამოკიდებული აქვთ და არც ტრამპი გიჟდება ამათზე”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
დადგება თუ არა საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხი სურსათის ზემაღალი ფასების გამოძიების ფარგლებში?
“საზოგადოება სულმოუთქმელად ელის, რა შედეგი მოჰყვება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სურსათის მაღალ ფასებთან დაკავშირებით. მით უფრო ახლა, როდესაც სამთავრობო კომისია უკვე შეიქმნა, თუმცა ხალხს ისიც აინტერესებს, კონკრეტულად რომელი უწყების ბრალეულობა თუ გულგრილობა გამოიკვეთება. ამ ინტერესს ისიც ამძაფრებს, რომ კომისიაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც (სუს-ი) მონაწილეობს. ეკონომიკისტების განცხადებით, პრობლემა წლებია “მძვინვარებს” და ერთმანეთთან შეთანხმებით, ხალხის ხარჯზე ყველა ხელს ითბობს. ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს დაუფარავად განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე, საშუალოდ, 86%-ია. იმავე დღეს, 24 დეკემბერს, სუს-მა დაადასტურა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დადგება თუ არა საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხი სურსათის ზემაღალი ფასების გამოძიების ფარგლებში? / “ასეთი განუკითხაობა და პროდუქტების არანორმალური გაძვირება რატომ იყო მოსათმენი ამდენი ხნის განმავლობაში?”
“პროდუქტების სიძვირე რომ დიდი ხნის პრობლემაა, ამ მოსაზრებას იზიარებს ეკონომისტი და პოლიტოლოგი, ვაჟა ბერიძე. მისი შეფასებით, ფასწარმოქმნის პროცესი საკმაოდ რთული პროცესია, რომელშიც ბევრი კომპონენტი მონაწილეობს და პირდაპირ არის მიბმული ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან... საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს ისეთი ფარული შეთანხმებები აქვთ დადებული, ერთი სისტემა ჩამოყალიბდა იმპორტის, დისტრიბუციის, განაწილებისა და დახლამდე მიტანის კუთხით. ვაჟა ბერიძის თქმით, რომ ეს “სისტემა” ერთ კვირაში, ერთ თვესა და ერთ წელიწადში არ შექმნილა, რადგან ათეული წლებია, საქართველოში ასეთი პრობლემაა. “საქართველო პატარა ქვეყანაა - იმპორტიორებიც, დისტრიბუტორებიც, სავაჭრო სფეროც ერთმანეთთან გადაჯაჭვული და დაკავშირებულია. მადლობა ღმერთს, ფორმირებული მაფია არ არსებობს, მაგრამ კლანური ურთიერთობები არის და სულაც არ აქვს მნიშნელობა, ბიზნესმენი “ოცნების” მხარდამჭერია, თუ “ნაციონალების””, - ამბობს ვაჟა ბერიძე, რომლის თქმით, “როდესაც ერთობლივ სარგებელს ეხება საქმე, ისინი მშვენივრად თანხმდებიან და ისევ ხალხის ხარჯზე ხდება იმ ზემოგების მიღება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აღებ-მიცემობა, კონვერტებით ან გადარიცხვებით ამონაგების მიტანა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან არ არსებობს, მაგრამ არც გამოირიცხება, როგორც ეს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა. სისტემა, რომელიც ათეული წლებია, ხელუხლებლად არსებობს, საბოლოო ჯამში, იწვევს იმას, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ფასები, ვიდრე საფრანგეთშია, როგორც ამას პრემიერი სავსებით ობიექტურად ციტირებს. რა თქმა უნდა, ეს ყველას ხარვეზი და ნაკლია. ჩანს, რომ მთავრობაც არათანმიმდევრულია და მხოლოდ კობახიძეს არ ვგულისხმობ, იმ ოთხ პრემიერ-მინისტრსაც მოვიაზრებ, რომელთაგან ზოგი აღარსად აღარ არის, ზოგი - ციხეშია, ეს სააკაშვილის პერიოდის პრემიერებსაც ეხება და საბოლოოდ, ყველაფერი ერთად, განაპირობებს იმას, რომ პირდაპირ კორუფციას აქვს ადგილი”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაჟა ბერიძე და შეკითხვაზე - “არსებობს თუ არა გამოსავალი ამ მოჯადოებული წრიდან?...” - პასუხობს:
“პოლიტიკური ნება მთავარია და ეს ნება დაფიქსირებულია. ხელისუფლებამ თქვა, რომ მაღალი ფასები მიუღებელია. სხვათა შორის, ეს არის ივანიშვილისა და კობახიძის ნება და ამას შედეგი აუცილებლად მოჰყვება. ვფიქრობ, ადმინისტრირების გამოყენებით, ამის მალე მიღწევა შეიძლება, მაგრამ მიზანშეწონილი არ იქნება, რადგან მოთხოვნა-მიწოდების კლასიკური ჯაჭვი დაირღვევა და შეიძლება, უარესი შედეგი მოგვცეს. თუმცა, თუ სისტემურად და თანდათან წავალთ მიზნისკენ, დაახლოებით, ერთ წელიწადში, ვითარება უნდა შეიცვალოს”.
“სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს ეკონომიკის ექსპერტს, დემურ გიორხელიძეს, რომელიც ფრთხილ ოპტიმიზმსაც კი არ იზიარებს და ამბობს, რომ პრემიერის ინიციატივის გამო შექმნილი სამთავრობო კომისია ქმედით ნაბიჯებს ვერ გადადგამს. “კობახიძის ეს ინიციატივა, გარკვეულწილად, მომავალი რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება და ისევ საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებაა. იმისთვის, რომ მაღალი ფასების პრობლემა მოგვარდეს, ამას სხვანაირი ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება. ხელისუფლების გარეშე, ეს მახინჯი სისტემა არ შექმნილა. ეს არის ოლიგოპოლიური ბაზრებისა და მსხვილი მოთამაშეების სისტემა, რომლებიც ხელისუფლების ქოლგის ქვეშ არიან, ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირები თვითონ მონაწილეობენ ბიზნესის გარიგებებში”, - ამტკიცებს დემურ გიორხელიძე, რომლის აზრით, “ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივია - უბრალოდ, ხელისუფლება არ უნდა იყოს დაინტერესებული“, - დასძენს გამოცემა.