თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესზე სამი მოწმე დაიკითხა. ერთ-ერთი ბიზნესმენი დავით დავითაშვილი იყო. სწორედ, მან მიჰყიდა თავდაცვის სამინისტროს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი. ბიზნესმენის ჩვენების მიხედვით, მისი საქმიანობა ტექნოლოგიების მიმართულებას ეხება, თუმცა, უსაფრთხოების ნაწილში. ბიზნესმენის თქმით, სამედიცინო აპარატურების მიმართულებით გამოცდილება მას არც მანამდე და არც შემდეგ, არ ჰქონია.
დავითაშვილის თქმით, მას მეგობრისგან ჰქონდა შემოთავაზება, ტენდერში მიეღო მონაწილეობა. მისი ჩვენებით, მაგნიტორეზონანსული აპარატის შესყიდვის შემდეგ, მას თავდაცვის სამინისტროსგან 3 940 000 ლარი ჩაერიცხა.
შემდეგი მოწმე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ივანე არჯევნიშვილი იყო.
ის სამინისტროში შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირია. აღნიშნული მოწმის დაკითხვისას კითხვები დასვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაც. მან პროკურორს კითხვის ფორმულირება რამდენჯერმე შეუსწორა.
„თუ ციტირებთ, ციტირება ზუსტად უნდა განახორციელოთ, ციტირებას პერიფრაზირება გაუკეთეთ. თქვენ პირდაპირ მიუთითეთ პასუხი",- მიმართა ჯუანშერ ბურჭულაძემ პროკურორს.
შემდეგი მოწმე, გორის ჰოსპიტლის დირექტორი, შალვა მაღლაკელიძე იყო. მისი ჩვენებით, მან ჯუანშერ ბურჭულაძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მითითებული იყო ჰოსპიტლის საჭიროებები, მათ შორის, სამედიცინო ტექნიკის აუცილებლობა. მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ეფუძნებოდა საიდუმლო დოკუმენტს, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული მაღალტექნოლოგიური აპარატის საჭიროება. მოწმის თქმით, წერილის გაგზავნის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტიდან პასუხი მიიღო, რომ პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა დამატებით შესაბამისი პარამეტრები მოითხოვეს, რის შესაბამისადაც, მათ აპარატის ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. რაც შეეხება იმას, თუ რომელი კომპანია გაიმარჯვებდა ტენდერში, ეს მისი საქმე არ იყო.
„შემდგომ ეტაპზე ინვენტარის მოწოდება ნაწილ-ნაწილ განხორციელდა. დღემდე შემიძლია დავადასტურო, რომ აღნიშნული აპარატურა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით იქნა მიწოდებული და ამ ეტაპამდე გამართულად ფუნქციონირებს. მისი სრულყოფილი დამონტაჟება გარკვეულ დროს საჭიროებს.
მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ რატომ მიიღო ხელშეკრულებამ საიდუმლო სტატუსი. მე მინისტრს მივმართე მხოლოდ ჰოსპიტლის საჭიროებებთან დაკავშირებით, ხოლო გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო ტექნოლოგიური აპარატის შესყიდვა საიდუმლო ყოფილიყო, თავად უწყებამ მიიღო. ჩემს მიერ გაგზავნილი წერილი საიდუმლო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ მასში აღწერილი იყო ჰოსპიტალში არსებული რეალური მდგომარეობა",- განაცხადა მაღლაკელიძემ.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.
მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.