„საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტის გუნდში სიახლეებია

„საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტის გუნდში მნიშვნელოვანი სიახლეებია.

2026 წლის მარტიდან Lion Finance Group PLC-ის მთავარი ფინანსური ოფიცრის, ასევე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილისა და მთავარი ფინანსური ოფიცრის პოზიციას (ექვემდებარება მარეგულირებლის დამტკიცებას) დაიკავებს გიორგი შაგიძე, რომელიც აქამდე Maib-ის, მოლდოვის უდიდესი ბანკის, გენერალური დირექტორი იყო.

გიორგი შაგიძე ჯგუფის ფინანსებსა და საერთაშორისო ზრდაზე იქნება პასუხისმგებელი. იგი ამ პოზიციაზე სულხან გვალიას შეცვლის, რომელმაც ბანკში 20-წლიანი საქმიანობის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტა. სულხან გვალია რჩება არააღმასრულებელ წევრად Lion Finance Group PLC-ის სხვადასხვა შვილობილი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოებში, მათ შორის Ameriabank-ში, სომხეთში.

Maib-ში, გიორგი შაგიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა მასშტაბური Agile და ციფრული ტრანსფორმაცია, განვითარდა ციფრული შესაძლებლობები, დაინერგა მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურა და, ბაზრის წილისა და ციფრული ჩართულობის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, გაძლიერდა ფინანსური მაჩვენებლები.

გიორგის საბანკო გამოცდილება მოიცავს TBC Bank Group-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილისა და ფინანსური დირექტორის თანამდებობას, სადაც მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯგუფის IPO-სა და უზბეკეთში მისი გაფართოების ადრეულ ეტაპებზე, ასევე მუშაობდა გლობალური ოპერაციების აღმასრულებელ დირექტორად Barclays PLC-ში. ფლობს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს, არის CFA-ს პროფესიული წოდების მფლობელი და სტენფორდის ბიზნესის სკოლაში სტენფორდის აღმასრულებელი პროგრამის კურსდამთავრებული.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, გიორგი გურეშიძე, რომელიც 2025 წლის მარტიდან წარმატებით ხელმძღვანელობს საქართველოს ბანკის საცალო საბანკო საქმიანობის მიმართულებას, გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა (ექვემდებარება მარეგულირებლის დამტკიცებას).

მას მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება აქვს. ის 2017 წლიდან 2023 წლამდე Georgia Global Utilities-ში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. გიორგი იყო საინვესტიციო ანალიტიკოსი, ფინანსური ანალიზისა და კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი. ის ასევე იკავებდა სტრატეგიული პროექტებისა და ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას, 2020-2023 წლებში კი კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო.

გიორგი გურეშიძემ კარიერა Deloitte-ში აუდიტორად დაიწყო. ის ასევე მუშაობდა თიბისი ბანკში, ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერად. გიორგიმ ეკონომიკასა და გლობალურ საკითხებში ბაკალავრის ხარისხი იელის უნივერსიტეტში მიიღო.

„მინდა, მადლობა გადავუხადო სულხან გვალიას მისი თავდადებული საქმიანობისა და ჩვენს წარმატებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. ის აღმასრულებელი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იყო, წარმატებით ხელმძღვანელობდა ჩვენს ფინანსურ მიმართულებას და ხელს უწყობდა ჩვენი ბიზნესისა და კულტურის განვითარებას. მოხარული ვარ, რომ ის ჯგუფში არააღმასრულებელ თანამდებობაზე დარჩება. ასევე, მივესალმები გუნდში გიორგი შაგიძეს. Maib-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობით, მას დიდი გამოცდილება აქვს ციფრული ტრანსფორმაციის მართვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო საქმიანობის განვითარებაში. მჯერა, რომ მისი გამოცდილება, ლიდერული თვისებები და ფართო რეგიონის ცოდნა მთელ გუნდს გააძლიერებს. და ბოლოს, მინდა მივულოცო გიორგი გურეშიძეს დამსახურებული დაწინაურება. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ბანკის საცალო საბანკო მიმართულება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მას ახალ თანამდებობაზე წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

(R)

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ