საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და თბილისის უსინათლო და მხედველობადაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მათ შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიბლიის მეშვიდე და მერვე კანონიკური წიგნები და ინტერრელიგიური კალენდრები გადასცა.
„ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ სააგენტო უკვე მეცხრე წელია, აქტიურადაა ჩართული სოციალურ პროექტში უსინათლო და მხედველობადაქვეითებულ მოქალაქეთა მხარდასაჭერად და ამ ტიპის აქტივობები კვლავაც გაგრძელდება.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი. მან კმაყოფილება გამოთქვა რელიგიის სააგენტოს სოციალური პროექტის გამო და ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კვლავაც განაგრძობს შშმ პირების მიმართ მსგავს აქტივობებს.
საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს დახმარებისთვის და სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ 30-30 ცალი ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიბლიის მეშვიდე და მერვე წიგნები - მსაჯულნი (ორ წიგნად) და რუთი, ასევე, 100 ცალი 2026 წლის ინტერრელიგიური კალენდარი.
შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინკლუზიური ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შეიმუშავა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2018 წლიდან სააგენტო გამოსცემს ინტერრელიგიურ კალენდარს და ასევე, შშმ პირთა თხოვნით, 2020 წლიდან - ბრაილის შრიფტით ბეჭდავს ბიბლიის კანონიკურ წიგნებს. ამ ეტაპისთვის უკვე დაიბეჭდა ძველი აღთქმის 8 კანონიკური წიგნი - დაბადება, წიგნი გამოსვლათა, წიგნი ლევიტელთა, წიგნი რიცხვთა, მეორე რჯული, იესო ნავეს ძე, მსაჯულნი (ორ წიგნად) და რუთი. ამას გარდა, უსინათლოთა რელიგიური უფლებების განხორციელების ხელშესაწყობად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით, თბილისსა და ფონიჭალაში რამდენიმე ტაძრის ხატებთან განთავსდა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ლოცვები და ტროპარ-კონდაკები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.