გეგელიამ არ ვიცი საიდან მოიფიქრა, რომ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ვაკრიტიკებდით გირაოს გადახდის, ან არ გადახდის გამო - გეგელიას და „ლელოს“ სხვა წარმომადგენლების ადგილზე, ასე თამამად არ ვისაუბრებდი სხვებმა გირაო უნდა გადაიხადონ თუ არა და რას ნიშნავს თანამშრომლობა და არ თანამშრომლობა, - ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას, რომ „კოლეგები, მათ შორის, ზურა ჯაფარიძე და სხვები სხვანაირად იყვნენ განწყობილები გირაოს იდეაზე, ახლა კი სხვანაირად არის განწყობილი“.
მისივე თქმით, არ არის კორექტული, სხვის ნაცვლად ისაუბრო მაშინ როდესაც ანალოგიური საფრთხის წინაშე არ ხარ.
„გირაოს გადახდა ან გადახდა, ნებისმიერი ასეთი მოქმედება არის დაკავშირებული არა ჩვენს წყენებთან, გაბუტვებთან, ადამიანურ პოზიციებთან, არამედ პრაგმატულ ამოცანასთან, რეჟიმის არაღიარების, რეჟიმის არალეგიტიმურად დატოვების თვალსაზრისით. ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით ჩვენ კრიტიკა არასდროს გამოგვითქვამს, რატომ გადაიხადეთ გირაოო. ასეთ განცხადებას ფიზიკურად ვერ იპოვით. გეგელიამ საიდან მოიფიქრა არ ვიცი, რომ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ვაკრიტიკებდით გირაოს გადახდის, ან არ გადახდის გამო. გარდა ამ მიზანშეწონილობისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ეს ასევე არის პერსონალური, პირადი გადაწყვეტილება. როდესაც პატიმრობა არ გემუქრება, ძალიან ადვილია იჯდე და მსჯელობდე სხვამ, ვისაც პატიმრობა ემუქრება, უნდა გადაიხადოს თუ არა გირაო. ჩვენ, ჩვენი პირადი დამოკიდებულება გვაქვს. ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს მომენტი. არ არის კორექტული, სხვის ნაცვლად ისაუბრო, როდესაც ანალოგიური საფრთხის წინაშე არ ხარ. გეგელიას ადგილზე, ნამდვილად არ ვისაუბრებდი თანამშრომლობა არ თანამშრომლობაზე. „ლელო“ არის პოლიტიკური პარტია, რომელმაც გახარიასთან ერთად, რეჟიმთან მოთანამშრომლე გახარიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში. გეგელიას და „ლელოს“ სხვა წარმომადგენლების ადგილზე, არ ვისაუბრებდი ასე თამამად სხვებმა გირაო უნდა გადაიხადონ თუ არა და რას ნიშნავს თანამშრომლობა - არ თანამშრომლობა“,- აღნიშნა ლემონჯავამ.
გარდა ამისა, მან პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს პოლიტიკურ ჯგუფები, რომელთან ურთიერთობაც შეუძლებელია მათი მოდუსიდან გამომდინარე, მათ შორის კი არის ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია, რომელიც მისი შეფასებით „ე.წ. პარლამენტში ზის და ღიად თანამშრომლობს რეჟიმთან“.
„ვფიქრობ, ახლა არ არის პირადი დამოკიდებულებების, მოწონება არ მოწონების დრო. მიუხედავად იმისა, ვინ მოგვწონს და ვინ არა, ვისთან გვიხარია ურთიერთობა და ვისთან ნაკლებად, ამის მიღმა საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება იმისთვის, რომ ივანიშვილი დამარცხდეს, რეჟიმი ჩამოიშალოს. ორი მთავარი ამოცანაა: ახალი სამართლიანი არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. როდესაც ეს მოხდება, ყველას შეუძლია თავისი გემოვნების მიხედვით მოიქცეს. თავისუფალ არჩევნებში ივანიშვილი დამარცხდება.
მნიშვნელოვანია ერთიანობაზე საუბარი, ბრძოლის სტრატეგიის და ქცევის წესების კონტექსტში. ჩემი აზრით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს შორის ერთიანობა არის ისე ახლოს, როგორც არასდროს
მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის გეგელია, ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ეს ჩვენ პოლიტიკურ პოზიციებზე, სტრატეგიებზე, გამარჯვების საკითხზე გავლენას არ ახდენს. არის პოლიტიკურ ჯგუფები, რომელთან ურთიერთობაც შეუძლებელია მათი მოდუსიდან გამომდინარე. გახარიას პარტია, რომელიც ე.წ. პარლამენტში ზის და ღიად თანამშრომლობს რეჟიმთან ახლაც კი, მათთან ერთად რაიმე სტრატეგიულ ბრძოლაში შესვლა შეუძლებელია. გაქცეული გახარიას პარტია, ამ მომენტში რეჟიმთან თანამშრომლობს, მასთან სტრატეგიული კოორდინაცია შეუძლებელია. რა შეეხება „ლელოს“, ყოველგვარი წარსულის ცოდვებზე საუბრის გარეშე ჩვენ შესაძლოა ვფიქრობთ, რომ ისინი არასწორად მოიქცნენ, ისინი ფიქრობენ, რომ მათი პოზიცია იყო სწორი და ჩვენი - არა, თუ ამ დისკუსიაში დავრჩით მუდმივად, მომავალზე შეთანხმება შეუძლებელი გახდება. ბიძინასაც ეგ უნდა, ამ სპირალიდან ვერ გამოვიდეთ, წარსულის ხაფანგში დავრჩეთ. მათ ადგილზე არ ვისაუბრებდი რა იყო წარსულში “,- აღნიშნა ლემონჯავამ.
შეგახსენებთ, „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ აკრიტიკებდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ გირაოს გადახდას და ამას „სისტემასთან გარიგებად“ მოიხსენიებდნენ, დღეს თავად მიიჩნევენ გირაოს ბრძოლისთვის აუცილებელ წინაპირობად. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, პოლიტიკაში ტაქტიკა შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს.
„ჩვენი კოლეგები, მათ შორის, ზურა ჯაფარიძე და სხვები სხვანაირად იყვნენ განწყობილები გირაოს იდეაზე, ახლა კი სხვანაირად არის განწყობილი. სხვანაირი განწყობაა მესმის, შეიცვლება ტაქტიკები, სტრატეგიული ხედვაც. იგივე ხალხი რამდენიმე თვით ადრე აკრიტიკებდა და ლანძღავდა ხაზარაძე-ჯაფარიძე - როგორ იხდიან გირაოს, ეს არის სისტემასთან გარიგებააო. მაგრამ დეკემბერში, თურმე გირაო აღმოჩნდა ბრძოლისთვის აუცილებელი წინაპირობა. ასე შეიცვალა დეკემბერსა და მაისს შორის რაღაცები“,- აღნიშნა გეგელიამ.