გია ვოლსკი - შეწყალება არის სწორედ ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ შესაწყალებელსაც გააჩნია - ადამიანი როცა გეუბნება, რომ უნდა დაინგრეს საქართველო და წუხილს არ განიცდის, ძნელია შეწყალებაზე საუბარი

რასაკვირველია, შეწყალება არის სწორედ ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ შესაწყალებელსაც გააჩნია - ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ უნდა დაინგრეს და ცეცხლში გაეხვეს საქართველო და ამასთან დაკავშირებით წუხილს არ განიცდის, რასაკვირველია, ძალიან ძნელია შეწყალებაზე საუბარი - არ მგონია, რომ ვინმე ადამიანს უნდა ჰქონდეს რაიმე დათმობა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცი-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციებზე დაკავებულ პირებს „ინსტრუქტორები აქედან უკიჟინებენ, რომ არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხიონ და არანაირი შეწყალება არ მიიღონ, ისევე როგორც სააკაშვილს უკიჟინებდნენ რომ მომკვდარიყო, საფრთხის ქვეშ დაეყენებინა თავისი სიცოცხლეზე და უარი არ ეთქვა შიმშილობაზე“.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, არ აქვს ინფორმაცია, შესაწყალებელ პირთა სიაში არიან თუ არა აქციების პერიოდში დაკავებულები.

„გარკვეულწილად სიტყვა „ახალგაზრდებს“ ისე ამბობთ, თითქოს, ის ამართლებდეს იმ ბოროტი გეგმის განხორციელებას, რაც საქართველოს მიმართ გააჩნიათ. საქართველო საკმაოდ სერიოზული პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგას. როცა ამ პრობლემების და გამოწვევების რეალიზაციას კონკრეტული ადამიანი ახდენს, ახალგაზრდა იქნება ის შუა ხნის თუ ხანში შესული, რასაკვირველია, სულ სხვა სიტყვით უნდა განვიხილოთ და არა მარტო კოდექსით, რომლითაც ხელმძღვანელობს მოსამართლე ან ბრალმდებელი. თავად გამოდიან და აღიარებენ. აგერ ადვოკატი გამოვიდა და ამბობს, რომ ეს ადამიანები იბრძოდნენ დემოკრატიისათვის, თავისუფლებისათვის და რეალურად, არ უარყოფს იმას, რომ სწორედაც ძალისმიერი მეთოდებით იყო ბრძოლა განვითარებული. აგერ გუშინ თუ დღეს დილასაც მოვუსმინეთ ადვოკატებს, რომლებიც ამბობენ, დიახაც, ჩაიდინეს დანაშაული, მაგრამ ეს დანაშაული არ არის, ვინაიდან ისინი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანებს საპირისპირო აზრი გააჩნიათ. ისინი იბრძვიან საქართველოს წინააღმდეგ და რომ იბრძვიან ეს არის ფაქტი. მოსამართლისათვის ეს არის ამოსავალი წერტილი დააშავა თუ არა. ადვოკატები ამბობენ, დიახ, დააშავა, მაგრამ დააშავა იმისთვის რათა საქართველომ თავისუფლება მოიპოვოს, რაც აბსურდია. ძალიან ემოციური აზრი გამაჩნია, რაც აბსოლუტურად, შინაარსობრივად არ უკავშირდება იმ რეალობას, რომელიც შეიქმნა საქართველოსთან. მე არ მგონია, რომ ვინმე ადამიანს უნდა ჰქონდეს რაიმე დათმობა, მით უმეტეს, თუ ის არც უარყოფს იმას რომ დანაშაული ჩაიდინა და არანაირი განცდა, არანაირი დარდი, წუხილი არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით რომ საკუთარ ქვეყანას აზიანებს. თუკი ადამიანებს ასეთი განცდა არ გააჩნია, რასაკვირველია, აქ შეწყალებაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუკი ვიმსჯელებთ გარკვეული თემებით, ემოციებით, სწავლებებით, რასაკვირველია, შეწყალება არის სწორედ ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ შესაწყალებელსაც გააჩნია. ადამიანი, რომელიც გეუბნება რომ უნდა დაინგრეს და ცეცხლში გაეხვეს საქართველო და ამასთან დაკავშირებით წუხილს არ განიხდის, რასაკვირველია, ძალიან ძნელია შეწყალებაზე საუბარი," - განაცხადა ვოლსკიმ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა