ნიკა ჩერქეზიშვილი - ავარიული შენობები მხოლოდ ურბანული პრობლემა არ არის, ეს უსაფრთხოების უმძიმესი კრიზისია „ქართული ოცნებისა“ და პერსონალურად კახა კალაძის მმართველობის პირობებში

ავარიული შენობები მხოლოდ ურბანული პრობლემა არ არის, ეს უსაფრთხოების უმძიმესი კრიზისია „ქართული ოცნებისა“ და პერსონალურად კახა კალაძის მმართველობის პირობებში - მერია აღიარებს, რომ დედაქალაქში 10 000-ზე მეტი ავარიული შენობაა, რაც პირდაპირ ათი ათასობით ოჯახის სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ ყოფნას ნიშნავს, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა საკრებულოში, ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

ნიკა ჩერქეზიშვილის თქმით, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარზე მეტია, თუმცა ავარიული შენობების გამაგრებისთვის, მხოლოდ 7 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„7 მილიონი დოლარი „ქართული ოცნების“ ორგზის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სეიფში და 7 მილიონი ლარი 10 000-ზე მეტი ავარიული შენობის გამაგრებისათვის. ამ ერთ წინადადებაში ნათლად ჩანს თუ რა მიაქვთ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახლებში და რას იმეტებენ ხალხისთვის, მათივე გადახდილი გადასახადებიდან.

თბილისში, ავარიული შენობები მხოლოდ ურბანული პრობლემა არ არის. უსაფრთხოების უმძიმესი კრიზისია „ქართული ოცნებისა“ და პერსონალურად კახა კალაძის მმართველობის პირობებში. თბილისის მერია აღიარებს, რომ დედაქალაქში 10 000-ზე მეტი ავარიული შენობაა, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად ათი ათასობით ოჯახი ცხოვრობს სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ. ეს რისკი რომ თეორიული არ არის, ჩვენ სადგურის მოედანზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს ვნახეთ, როდესაც ადამიანები დაიღუპნენ. რამდენიმე დღის წინ - სამგორში ადამიანები სასწაულებრივად გადარჩნენ,როდესაც კორპუსის ფასადი ჩამოიშალა.

თბილისის მერიის წლევანდელი ბიუჯეტი 2 მილიარდ 210 მილიონი ლარია და ამ თანხის მხოლოდ 7 მილიონი ლარი არის გამოყოფილი ავარიული შენობების გამაგრებისათვის, რაც მთლიანი ბიუჯეტის 0.4%-ზე ნაკლებია. ეს პრობლემის სისტემური გადაწყვეტა არ არის, ეს პრევენციას ვერ მოახდენს, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაიცვას. ეს ავარიულ შენობებზე გაჩენილ უზარმაზარ ბზარებზე, იზოლაციური ლენტის დაკვრის ტოლფასია.

ჩვენს კოალიციას, ამ მოწვევის საკრებულოს პირველივე სხდომაზე გვქონდა ინიციატივა, რომ ავარიული კორპუსების გამაგრებასთან დაკავშირებით ბიუჯეტი 50 მილიონ ლარამდე გაგვეზარდა და შემდგომ ყოველწლიურად გაორმაგებულიყო, თუმცა ინიციატივა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ არ იყო მხარდაჭერილი.

მაგალითად: ნაძალადების რაიონში 5 წლის განმავლობაში, 5 ავარიული შენობა გამაგრდა, აქედან 2023 და 2025 წლებში არცერთი შენობა არ გამაგრებულა. სამგორში, 2023-2024-2025 წლებში არცერთი ავარიული შენობა არ გამაგრებულა.

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ ყურად იღოს ჩვენი ინიციატივები და მხარი დაუჭიროს, რადგან ამას თუ არ გავაკეთებთ ძალიან მალე, ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ ჩვენ ვიდგებით რომელიმე ჩამონგრეული კორპუსის წინ და ვიტყვით, რომ ჭირისუფლების მწუხარებას ვიზიარებთ, მაგრამ ეს ცარიელი სიტყვები არავის აღარ დაეხმარება“,- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა