ჯგუფური ძალადობის დროს აუცილებელი არ არის, რომ ყველა ბრალდებული ყველა ქმედებას ახორციელებდეს - ვიდეო ჩანაწერებში ჩანს, რომ ზოგიერთი ბრალდებული შეიჭრა პრეზიდენტის სასახლეში, ზოგიერთი პოლიციელზე ძალადობს, ზოგიერთი წვავს იქ არსებულ ინვენტარს, ზოგიერთი სხვა პირების ქონებას ანადგურებს, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულების საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ვიდეო ჩანაწერებში ნათლად ჩანს კონკრეტული ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედებები, მათ შორის, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის, პოლიციელებზე ძალადობის, სახელმწიფო ქონების დაზიანების ფაქტები.
„კონკრეტულ ბრალდებულებს წაყენებული აქვთ [ბრალად] ჯგუფური ძალადობა, ჯგუფური ქმედება. შესაბამისად, ჯგუფურის ძალადობის, ჯგუფური ქმედების დადასტურების განხორციელების დროს აუცილებელი არ არის, რომ ყველა ბრალდებული ყველა ქმედებას ახორციელებდეს. ისინი ნაწილ-ნაწილ უნდა ახორციელებენ სხვადასხვა ქმედებას, რაც სახეზეა. დღეს ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ ზოგიერთი ბრალდებული შეიჭრა პრეზიდენტის სასახლეში, ცდილობს მის ხელში ჩაგდებას, ზოგიერთი პოლიციელზე ძალადობს, ზოგიერთი წვავს იქ არსებულ ინვენტარს, ზოგიერთი სხვა პირების ქონებას ანადგურებს და ა.შ.,“ - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას სასამართლოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოკითხვის თაობაზე, როგორც პროკურორმა აღნიშნა, აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.
„აღნიშნული შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი როგორც სამართლებრივად ისე ფაქტობრივად. არც კანონიდან გამომდინარეობდა აღნიშნული მოთხოვნა, შესაბამისად, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არ დააკმაყოფილა როგორც ბრალდებულების, ასევე ადვოკატების მოთხოვნა,“ - აღნიშნა მან.